• Ƀ/$

საქართველოში 5 ახალი ქარის ელექტროსადგური აშენდება

12 მარტი 19:35 | ეკონომიკა

ენერგეტიკის სფეროში ახალი პროექტები ქვეყანას უახლოეს პერიოდში 2 მილიარდი დოლარის ახალ ინვესტიციებს მოუტანს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, სამინისტროს აქვს მთავრობის და პრემიერის დავალება, რომ ენერგეტიკაში მაქსიმალურად გაააქტიუროს მხარდაჭერა ინვესტორების მიმართ.


ნათია თურნავას ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროში მხოლოდ ბოლო 6 თვის განმავლობაში 50 პროექტი შევიდა, რომელთა ჯამური დადგმული სიმზლავრე 900 მეგავატს შეადგენს. „მათი ნაწილი უკვე იქცა მემორანდუმად, ნაწილიც უახლოეს პერიოდში იქცევა მემორანდუმად და დაიწყება მშენებლობები. ეს არის დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის დამატებითი, ახალი ინვესტიცია, რომელიც უახლოეს პერიოდში აისახება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ასევე იწყება ახალი პროექტები განახლებად ენერგიებში, კერძოდ, 300 მეგავატის ხუთი ახალი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა უკვე წელს დაიწყება, ასევეა მზის ელექტროსადგურებთან დაკავშირებითაც - ნათია თურნავას ინფორმაციით, მზის 30-დან 50-მდე მეგავატი სიმძლავრის პირველი  ელექტროსადგურის ტენდერი შედგება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად.


„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს ინტენსიფიკაცია, თუმცა, რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევაა, მათ შორის განსაკუთრებით რთულია მსხვილი პროექტების წარმოება, რადგან მოსახლეობასთან მეტი მუშაობაა საჭირო, ასევე გარემოსდაცვითი რისკების თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა ეკონომიკის  მინისტრის მოადგილემ.


ამჟამად საქართველოში მხოლოდ ერთი გორის ქარის ელექტროსადგური ფუნქციონირებს, მისი სიმძლავრე 20.7 მგვტ-ს შეადგენს. 2018 წელს მან 84.2 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა, რაც საერთო მოხმარების 0.7%-ს შეადგენს. ეკონომიკურად მომგებიანი პოტენციალი კი ბევრად მეტია - 1500 მგვტ დადგმული სიმძლავრე 4 მლრდ კვტ/სთ წლიური გამომუშავებით. რაც შეეხება მზის  ელექტროსადგურს, რამდენიმე ცალკეული მინი პროექტის გარდა სრულყოფილი ელექტროსადგური ამ დრომდე არ არსებობს პოტენციალი კი ქარისაზე მეტია. 


მსგავს თემაზე:

გორის ქარის ელექტროსადგურმა 2018 წელს 84.2 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა


N61-ე საჯარო სკოლის სახურავზე მზის პანელები დამონტაჟდა


აშშ-ში მზისა და ქარისგან მიღებული ელექტროენერგის მოცულობა საქართველოს ჯამურ მოხმარებას 30.5-ჯერ აღემატება


განახლებადი ენერგიის სასარგებლოდ გერმანია ნახშირის მოხმარებას ანულებს



სხვა სიახლეები