• Ƀ/$

აშშ-ის კონგრესში რუსეთის შეკავების მექანიზმებზე იმსჯელეს

14 მარტი 10:51 | მედია ბიზნესისთვის - M2B

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე გაიმართა მოსმენა სახელწოდებით - „ნატო-ს 70 წლისთავი: შეუცვლელი ალიანსი“.

მოზმენაზე მიწვეულნი იყვნენ ორგანიზაციის “WestExec Advisors”-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი პარტნიორი, მიშელ ფლოურნი; Belfer-ის ცენტრის, ევროპისა და ტრანსატლანტური ურთიერთობის თაობაზე პროექტის უფროსი მკვლევარი, ნატო-ში აშშ-ის ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი, დუგლას ლუტი; გერმანიის მარშალის ფონდის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის უფროსი მრჩეველი, დერეკ ჩოლე; ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი და ევროპისა და ნატო-ს საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, იან ბრჟესინკი.


მოსმენაზე მიწვეულმა სტუმრებმა არსებულ გამოწვევებს შორის, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს რუსეთის აგრესიულ ქმედებებსა და მათ აღსაკვეთად ნატო-ს მტკიცე და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლბას. როგორც მოსმენაზე მიწვეულმა სტუმრებმა, ასევე აშშ-ის კონგრესმენებმა გამოხატეს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისა და რუსეთისაგან მომდინარე აგრესიული ქმედებებისაგან საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე.  


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მაიკლ მაქკოლმა მის შესავალ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს საკითხზე. „მომდევნო 70 წლის განმავლობაში კვლავაც მრავალი გამოწვევის წინაშე ვიქნებით. ჩვენ უკვე ვიხილეთ აღმავლობის გზაზე მყოფი რუსეთის მიერ მისი მეზობლების წინააღმდეგ განხორციელებული შეტევები, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელებული კიბერშეტევები და საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო კონფლიქტები. ნათელია, რომ პუტინს სურს საბჭოთა კავშირის დროინდელი ზესახელმწიფოებრივი ძალაუფლების სტატუსის ხელახლა დაბრუნება. ერთიანობითა და ძლიერებით ჩვენ შეგვიძლია ამ გამოწვევის დაძლევა.“ განაცხადა  მაქკოლმა.


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ელიოტ ენჯელის განცხადებით, „ვფიქრობ 2008 წელს ნატო-მ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა, როდესაც უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებით  ნატო არ გააფართოვა. ვფიქრობ, რომ მან პუტინს მისცა იდეა, რომ მას შეუძლია გააკეთოს  რაც  მოესურვება და ჩვენ არ შეგვწევს ძალა, რომ მას წინ აღვუდგეთ, მათ შორის ყირიმსა და სხვა  ზონებში.“     


ევროპისა და ნატო-ს საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, იან ბრჟესინკიმ ხაზი გაუსვა ნატო-ს წევრებისა და მოკავშირეების სამხედრო გაძლიერების მნიშვნელობას. მისი განმარტებით, საჭიროა, რომ ნატო-მ განსაკუთრებით გააძლიეროს ჩრდილოეთ და ცენტრალური ევროპის, შავი ზღვისა და არქტიკის ფლანგები. „საჭიროა, რომ ალიანსმა მტკიცედ დაუჭიროს მხარი საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას. ალიანსმა საქართველოსა და უკრაინას უნდა წარუდგინოს ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გეგმა - რომ მათ გააწევრიანებს. ... მოსკოვის უკრაინასა და საქართველოში შეჭრით, ჩვენ მივიღეთ მკაფიო გაკვეთილი. ამ ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფების თაობაზე ნატო-ს მერყეობამ მხოლოდ გააცოცხლა ვლადიმირ პუტინის მადა, რომ მოსკოვის კონტროლი განამტკიცოს და მადესტაბილიზირებელი „ნაცრისფერი“ ზონები შექმნას ევროპის სტრატეგიულ ლანდშაფტში.“ - განაცხადა ბრჟესინსკიმ.


კონგრესმენმა კრისტოფერ სმითმა (რესპუბლიკელი-ნიუ ჯერსი) გაიხსენა 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრიდან ერთი კვირის შემდეგ თბილისში მისი ყოფნის პერიოდი და აღნიშნა, რომ რუსეთი კიდევ უფრო შორს წავიდოდა საქართველოს ტერიტორიების მისატაცებლად, რომ არა აშშ-ის ადმინისტრაციიდან იმ დროს გაკეთებული ზოგიერთი ძლიერი სახის განცხადება. მან ხაზი გაუსვა უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გეგმის არსებობის საჭიროებას. მისი განმარტებით, დროა, რომ შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ ამ საკითხში მეტი კონკრეტულობის შეტანით - თუ როგორ მოხდება მათი ნატო-ში გაწევრიანება.


კონგრესმენმა კინზინგერმა (რესპუბლიკელი-ილინოისის შტატი) ხაზი გაუსვა საქართველოს უმნიშვნელოვანეს წვლილს ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში. 


კონგრესმენი ანნა ვაგნერის (რესპუბლიკელი-მისურის შტატი) განცხადებით, რუსეთი აწარმოებს არაკონვენციურ ჰიბრიდული სახის ომს, რათა ძირი გამოუთხაროს დასავლეთს. „ჩვენ ვიხილეთ რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერშეტევები ესტონეთზე და ნატო-ს წევრ სხვა ქვეყნებზე და რუსეთის მიერ შერქმნილი „გაყინული“ კონფლიქტების ზონა მოლდოვაში, უკრაიანასა და საქართველოში.


კონგრესმენმა ტედ იოჰომ (რესპუბლიკელი-ფლორიდის შტატი), ხაზი გაუსვა ნატო-ს არსებობის მნიშვნელობას უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. მისი განმარტებით, პუტინმა მარტივად შესძლო საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა. იგი კვლავაც განაგრძობს აგრესიულ ქმედებებს მანამდე სანამ დასავლეთი მტკიცედ წინ არ აღუდგება მის აგრესიულ მისწრაფებებს.


მსგავს თემაზე:

აშშ-ის კონგრესში წარდგენილი რეზოლუცია სირიის მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას გმობს


აშშ–ის კონგრესმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების კანონპროექტი გამოაქვეყნა



სხვა სიახლეები