• Ƀ/$

დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებს „ბოლნისი“ დაემატა

14 მარტი 11:33 | ეკონომიკა

საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრში ღვინო „ბოლნისი“  დარეგისტრირდა. ამ დრომდე საქართველოში დარეგისტრირებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის 19 დასახელება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური დახმარებით, ბოლნისის მეღვინეთა გაერთიანებამ „ბოლნური  ღვინო“ შეიმუშავა ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის „ბოლნისი“ წარმოების სპეციფიკაცია და მისი დარეგისტრირების მოთხოვნით ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს“ მიმართა.


„ბოლნისი“ − მშრალი ღვინოა, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი, ქარვისფერი, წითელი და ვარდისფერი. ბოლნისის მიკროზონა მდებარეობს ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში. ბოლნისის მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, რეგიონისთვის დამახასიათებელი კლიმატი – ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული, ატმოსფერული ნალექების ზომიერი რაოდენობა, ნიადაგების მრავალფეროვნება, რქაწითელის, ჩინურის, გორული მწვანეს, საფერავის, თავკვერის, შავკაპიტოს, ასურეთული შავის ჯიშების ამ ზონისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული მახასიათებლები და მევენახეობა-მეღვინეობის ადგილობრივი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია განაპირობებს ღვინო „ბოლნისის“ განუმეორებელ, მხოლოდ ამ ღვინისათვის დამახასიათებელ ორგანოლეპტიკურ თვისებებს. (დეტალური სპეციფიკაცია იხილეთ ლინკზე: http://georgianwine.gov.ge/Ge/Wine)


ადგილწარმოშობის დასახელების - “ბოლნისი“ მართებულად გამოყენებაზე სახელმწიფო კონტროლს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს ღვინის ეროვნული სააგენტო.


ამჟამად ადგილწარმოების სტატუსი გააჩნიათ შემდეგ ღვინოებს: ხვანჭკარა, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი, კოტეხი და ხაშმის საფერავი.


ღვინის ეროვნული სააგენტო „საქპატენტთან“ ერთად კვლავაც ახორციელებს გარკვეულ  ღონისძიებებს  ადგილწარმოშობის დასახელებების ნუსხაში ახალი ღვინოების დამატების სტიმულირების მიმართულებით.


მსგავს თემაზე:

ღვინის საექსპორტო ფასი 7.4%-ით გაიზარდა


ქართული ღვინო ლონდონის გამოფენაზე წარადგინეს



სხვა სიახლეები