• Ƀ/$

საბანკო რეგულაციები შესაძლოა შერბილდეს

21 მარტი 10:44 | ფინანსები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფეისბუქლაივში დაკრედიტების ახალ რეგულაციებზე ისაუბრა და მათი ნაწილის შემსუბუქება დასაშვებად მიიჩნია.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, შედეგების დეტალურ ანალიზს ახორციელებს ეროვნული ბანკი, ისევე, როგორც ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები და ანალიტიკოსების დასკვნა ახლო მომავალში გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში, თუ ანალიზი ციფრების დაკორექტირების საჭიროებას აჩვენებს, პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ პასუხისმგებელი პირები ლოგიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.


“საქართველოში არსებული  დაკრედიტების სისტემა იყო სრულიად უპასუხისმგებლო, რამაც ძალიან მძიმე შედეგები მოგვიტანა და ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. ჩვენ დავამკვიდრეთ ახალი, სამართლიანი დაკრედიტების სისტემა და გამოვიყენეთ საუკეთესო ევროპული გამოცდილება, რათა ვიყოთ დარწმუნებული, რომ თითოეული მოქალაქის, ისევე, როგორც კრედიტორის ინტერესი ბოლომდე დაცულია. ამავე დროს, ჩვენ, ფონდ “ქართუსთან” ერთად, “შავ სიაში” მყოფი ჩვენი 600 ათასი მოქალაქე გავათავისუფლეთ უმძიმესი ტვირთისგან. რაც შეეხება იმას, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემამ ქართულ ეკონომიკაზე, ბუნებრივია, სამომხმარებლო ნაწილში  დაკრედიტების მოცულობა შემცირდება და ეს ლოგიკურია, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი ტიპის რეგულაცია აუცილებელია, რათა დაზღვეული ვიყოთ, რომ სისტემა არ გასცემს ე.წ ტოქსიკურ და წინასწარ გაკოტრებისთვის განწირულ სესხებს. დაკრედიტების არსებული სისტემა ძალიან მძიმე რისკებს ქმნიდა ეროვნული ეკონომიკისთვის. მოგეხსენებათ, Fitch-მა გაზარდა ჩვენი საკრედიტო რეიტინგი განხორციელებული რეფორმებისთვის, რომელთა ნაწილია სწორედ პსუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა”, - განაცხადა პრემიერმა.


დაკრედიტების რეგულაციები რამდენიმე ეტაპად ამოქმედდა, თუ ადრე თავად ბანკები განსაზღვავდნენ მსესხებლის გადასახდელი თანხსი მაქსიმუმს მის შემოსავალთან მიმართებაში და გარკვეულ თვითრეგულაციებსაც თავად იწესებდნენ, ახლა ამ ყველაფერს სები ადგენს. გამკაცრებული PTI კოეფიციენტის მიხედვით თუ პირის ხელზე ასაღები ხელფასი 1000 ლარამდეა ყოველთვიური შენატანი ხელფასის 20%-ს არ უნდა აღემატებოდეს, რაც 500 ლარზე 100 ლარია, 800 ლარზე - 160 ლარი, ხოლო 1000 ლარზე 200 ლარი. გარდა ამისა აიკრძალა სესხი გაცემა შემოსავლების დადასტურების გარეშე, ასევე ერთადერთი საცხოვრებლის იპოთეკით დატვირთვა. რეგულაციებს ბიზნესისა და მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა, ტექნიკისა და ავეჯის მაღაზიებში განვადებები შემცირდა, რამაც შესაბამისად გაყიდვები და სავაჭრო ბრუნვა შეამცირა.


მსგავს თემაზე:

მშენებლობის პროცესში ეკოლოგიური რეგულაციები გამკაცრდება


თბილისში ჯართისა და მეორადი საბაურავებით ვაჭრობა რეგულაციებს დაექვემდებარება


წლის განმავლობაში ვაჭრობის დაკრედიტება გაიზარდა, მშენებლობის შემცირდა



სხვა სიახლეები