• Ƀ/$

შენობების ექსპლუატაციაში მიღების ახალი წესი – ვის გაეზრდება პასუხისმგებლობა?

22 მარტი 10:17 | ანალიტიკა

თბილისში შენობების ექსპლუატაციაში მიღების წესში დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მენაშენეები მიიჩნევენ, რომ ახალი პასუხისმგებლობები, შესაძლოა, დეველოპერულ კომპანიებს დაეკისროს.

დედაქალაქის მთავრობის 20 მარტის სხდომაზე კახა კალაძემ სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების წესში ცვლილებების შეტანა დააანონსა.  მისი თქმით, შენობების ექსპლუატაციაში ჩაბარების არსებულმა პრაქტიკამ უსაფრთხოების მხრივ გარკვეულ პრობლემები დააგროვა და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მხრიდან არსებული წესების გადახედვის საჭიროება შექმნა. მერის განცხადებით, ახალი კონცეფციის კონკრეტული დეტალები საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ამ მიმართულებით, ვიცით, რომ პრობლემები გვაქვს, რომელიც ბოლო წლებმა გვაჩვენა. სამწუხაროდ, ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ისეთ შენობა-ნაგებობებში ეცხოვრათ, რომელიც ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. უახლოეს მომავალში ვაპირებ, საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდო იმ ცვლილებებთან და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტმა მიიღო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თავდაპირველი ჩანაწერით, შენობის ექსპლუატაციაში მიღება მის ვარგისიანად აღიარებას  ანუ ფუნქციონირებისთვის მზაობის დადგენას გულისხმობდა. დღეის მდგომარეობით კი კანონმდებლობა აღნიშნული პროცესის დროს უსაფრთხოების ნორმების (შენობების მდგრადობა, კედლების ხანძარმედეგობა, საკომუნიკაციო ქსელების მონტაჟის ხარისხი და ა. შ.) შემოწმებას არ ითვალისწინებს.

შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების პროცესს მერიის მუნიციპალური ინსპექცია დღეს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით ახორციელებს, რაც დასრულებული ობიექტების პროექტთან შესაბამისობის დადგენას ითვალისწინებს. იმის მიხედვით, არსებობს თუ არა ხარვეზები შენობის პროექტის შესრულებაში, წყდება მისი ექსპლუატაციაში მიღება არმიღების საკითხი. რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებისა და სტანდარტების დაცვას, ამას ინსპექცია მშენებლობის პროცესში ამოწმებს და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ჯარიმდებიან კომპანიები”, - უთხრა M2B-ს მერიის მუნიციპალური ინსპექცის ხელმძღვანელმა გიორგი ბაგრატიონმა.

საინტერესოა, კონკრეტულად რა დამატებითი მოთხოვნები გაიწერება ახალ წესში და ვინ იქნება პასუხისმგებელი ექსპლუატაციაში ჩაუბარებელი ობიექტების ფუნქციონირებაზე. როგორც მენაშენეთა ასოციასიის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი M2B-ისთან საუბარში აცხადებს, არსებობს მოლოდინი, რომ ცვლილებების შედეგად ამ საკითხზე პასუხს თბილისის მერია სამშენებლო კომპანიებისგან მოითხოვს.

დაანონსებული ცვლილებების შესახებ მერიას მენაშენეთა ასოციაციასთან კომუნიკაცია ამ დრომდე არ ჰქონია, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოებისთვის დეტალების გაცნობამდე ეს  მოხდება და ერთად გავივლით საკითხს, რადგან, ტრადიციულად, სამშენებლო სფეროში მისაღებ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მერია ყოველთვის მოგვმართავს კონსულტაციებისთვის. ვფიქრობთ, გამომდინარე იქიდან რაც უკვე ცნობილია, ტექნიკურად რთული იქნება იმის განსაზღვრა, შევიდა თუ არა მესაკუთრე ექსპლუატაციაში მიუღებელ ბინაში საცხოვრებლად და ასევე საინტერესოა, ვის დაეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა.

დასადგენია ის, თუ რა შემთხვევაში განისაზღვრება ადამინის მიერ საკუთარი ფართით სარგებლობა- ცხოვრებად. თუ ბინაში გადასვლამდე მესაკუთრე სტანდარტულად,  მუშების დაქირავებით გადაწყვეტს რემონტს, საფრთხე შესაძლებელია არსებობდეს იქ დორებით მყოფი მუშებისთვისაც, ასევე შესაძლებელია ისიც, რომ რემონტისას მიმდინარე სამუშაოების დროს დაზიანდეს გარკვეული შიდა გაყვანილობის წერტილები და ა.შ.  არსებობს საკმაოდ დიდი რისკი იმისა, რომ, ცვლილებების შემდეგ, ასეთ შემთხვევებზე პასუხისმგებლობას მერია დეველოპერებს დააკისრებს და მათ დაჯარიმებას გადაწყვეტს, რაც ერთმნიშვნელოვნად არასწორია. კომპანიები ვერ შეუზღუდავენ ადამიანებს საკუთრების უფლებით სარგებლობას. ვფიქრობთ, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების მოქმედ წესში ხარვეზები არ არის, შესაბამისად, ცვლილებებს არ საჭიროებს”, -  განაცხადა ”მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი როსტომაშვილმა.

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან უწყებაში ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით 281 განცხადება შევიდა, აქედან უარი თითქმის ნახევარს, კერძოდ 135 ობიექტს ეთქვა.

რაც შეეხება წინა წლების სტატისტიკას, უწყებას ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით 2017 წელს 1757-ჯერ მიმართეს, აქედან 814 განაცხადი არ დაკმაყოფილდა. 2018 წელს მიღებული 1727 განცხადებიდან კი, ექსპლუატაციაში მიღებაზე უარი 741 ობიექტს ეთქვა.

ამასთან, განმეორებით ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნასთან დაკავშირებით 2017 წელს მერიაში 77 განცხადება შევიდა, აქედან ექსპლუატაციაში 30 ობიექტია მიღებული. 2018 წელს განმეორებით  გაკეთებული 115 განაცხადიდან, 60 დაკმაყოფილდა. 2019 წელს  კი განმეორებით ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით უწყებას 8 ობიექტმა მიმართა, საიდანაც მხოლოდ 1 დაკმაყოფილდა.


მსგავს თემაზე:

კახა კალაძე: გაზის რეგულაციები გასამკაცრებელია და მერიას ამ მიმართულებით შესაბამის უწყებებთან უკვე დაწყებული აქვს კონსულტაციები


მშენებლობის პროცესში ეკოლოგიური რეგულაციები გამკაცრდება



სხვა სიახლეები