• Ƀ/$

პრობლემური შენობები თბილისში - რაზე შეთანხმდება მერია ბიზნესთან?

25 მარტი 12:22 | ანალიტიკა

დედაქალაქის მერიის ინიციატივას, რომელიც დაუმთავრებელი და ავარიული შენობებით დაინტერესებულ დეველოპერებს სართულიანობის ზრდის შესაძლებლობას მისცემს, არ ეთანხმებიან „მენაშენეთა ასოციაციაში“.

საქმე ეხება გადაწყვეტილებას, რომელიც  თბილისის მერმა კახა კალაძემ  21 მარტს, ვიდეოდიალოგის რეჟიმში გააცნო საზოგადოებას.


„თქვენ იცით, რომ K2 კოეფიციენტის ყიდვა გავაუქმეთ, ახალი გენერალური გეგმაც მიღებულია, რაც მნიშვნელოვანია და მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ავარიული სახლების, მათ შორის, ავარიული „ხრუშჩოვკების“, ასევე, დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების შემთხვევაში, ჩვენ მივცემთ მშენებლებს შესაძლებლობას, დაშალონ ეს შენობა-ნაგებობები, წავიდნენ სიმაღლეში და მაქსიმალურად ჩანაცვლდეს ასეთი სახლები“, - განაცხადა კახა კალაძემ ერთ-ერთი მოქალაქის კითხვაზე პასუხისას.


ინიციატივაზე საუბრისას მერმა თქვა, რომ თბილისში დაუსრულებელი მშენებლობების რიცხვი 170-ს აჭარბებს. რაც შეეხება ავარიულ შენობებს,  მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ  M2B-სთან გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ ასეთი პრობლემით დედაქალაქში რამდენიმე ათასი სახლია. მისი თქმით, მერიას უკვე აქვს შემუშავებული ახალი სმოქმედო გეგმა, რომლითაც ქალაქი ავარიული და დაუმთავრებელი ბინებისგან გათავისუფლდება.


"დაუსრულებელი მშენებლობების დამთავრება და ავარიული შენობების ჩანაცვლება არის და ყოველთვის იქნება დედაქალაქის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი. ჩვენ ვთვლით რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა და გამოწვევაა თბილისისთვის, რადგან ქალაქში 200-მდე დაუსრულებელი ობიექტია,  ხოლო ავარიული სახლების ოდენობა რამდენიმე ათასს აღწევს. გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული იმის თაობაზე, რომ შევქმნათ შესაბამისი მოდელი და სისტემა, რომელიც გრძელვადიან და მუდმივ პროცესში მოახდენს ავარიული კორპუსების ჩანაცვლებას ისე, რომ არ დაზიანდეს ურბანული იერსახე და განაშენიანების მხრივაც ქალაქი სწორად განვითარდეს. ზოგადად, სართულიანობა ქალაქში გაზრდილია და კონკრეტული განაშენიანების კონტექსტთან შესაბამისი სიმაღლეების მინიჭება და კომბინაციაში სხვა კომპრომისული გადაწყვეტილებები, ვფიქრობთ, გონივრულია აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. რაც შეეხება დაუმთავრებელ მშენებლობებს, დავინახეთ რომ[1]  თავისით ისინი არ სრულდება და არის სიმახინჯე. ამავდროულად ქმნის ანტისანიტარიის პრობლემას და უსაფრთხოებაც არ არის დაცული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასეთი შენონების მიღმა დგას უამრავი დაზარალებული ოჯახი. ამიტომ ვფიქრობთ ქალაქის ის სამშენებლო პოტენციალი, რომელიც K2 კოეფიციენტის გაყიდვის შეზღუდვით გამოთავისუფლდა, გამოვიყენოთ ამ მიმართულებით. ჩვენ შევქმენით ახალი სამოქმედო სცენარი და სისტემა, რომელიც მომავალში იგივეს განმეორების რისკებს გამორიცხავს. ახალ კონცეფციაზე მუშაობა გასულ წელს დავიწვეთ და ეს პროცესი უკვე  დასრულებულია. ცვლილებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში მივაწვდით", - უთხრა M2B-ს  ირაკლი ხმალაძემ.


დაუმთავრებელი და ამორტიზებული სახლების პრობლემა რომ აქტუალურია, ამას  ადასტურებენ, თუმცა მის მოგვარებაზე განსხვავებული პოზიცია აქვთ “მენაშენეთა ასოციაციაში“. ისინი ერთადერთ გონივრულ გამოსავალს დეველოპერებისთვის დღგ-ის შემცირებაში ხედავენ.


“ცალსახად ვეთანხმებით მერიის სულისკვეთებას, აღმოიფხვრას დაუსრულებელი და ავარიული სახლების პრობლემა ქალაქში, თუმცა, ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი ტიპის K2 კოეფიციენტის მატების დაშვებას, გამონაკლის შემთხვევებშიც კი. კომპანიებისთვის სიმაღლის მატების შესაძლებლობის მიცემა ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარდება, მაგრამ ადგილს, სადაც პროექტი განხორციელდება, ღირებულება მნიშვნელოვნად შეუმცირდება. ასე მოხდა, სამწუხაროდ, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ავარიული სახლები მაღალსართულიანი კორპუსების ქაოსურმა მშენებლობამ შეცვალა. სწორედ ამის გამო, აღნიშნული ადგილის კპიტალიზაცია საგრძნობლად შემცირებულია. რომ მომხდარიყო ამ ტერიტორიის გააზრებული, ვთქვათ, 5–სართულიანი სახლებით განაშენიანება, იქნებოდა საშუალება ბევრად მტი დოვლათი შექმნილიყო, ვიდრე დღესაა. იმიტომ, რომ ახალი ტენდენციით, უძრავი ქონება ძვირდება იქ, სადაც დაბალი განაშენიანება და ეკოლოგიურად ნორმალური მდგომარეობაა. შესაბამისად, საჭიროა არა კოეფიციენტის დამატების ნებართვა, არამედ, ისეთივე მიდგომა, როგორიც აღმაშენებლის გამზირის რებილიტაციის შემთხვევაში იყო. განახლდა ინფრასტრუქტურა და ავარიული შენობებს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, რამაც თავად ტერიტორიის კაპიტალიზაცია საგრძნობლად გაზარდა და ახლა იმ ადგილას მნიშვნელოვანი ეკონომიკური დოვლათი იქმნება. გამომდინარე აქედან, „მენაშენეთა ასოციაციის“ პოზიციაა, რომ დაუშვებელია პრობლემის მოგვარება K2 კოეფიციენტის გაზრდის ხარჯზე. ჩვენ ამ სიტუაციიდან გონივრულ გამოსავალს დღგ-ის შემცირებაში ვხედავთ. თუ კომპანიები, რომლებიც დაუსრულებელი და ავარიული ბინების მშენებლობით დაინტერესდებიან, ისარგებლებენ შეღავათებით დღგ-ს ნაწილში, ამით ქალაქი ორგვარ სარგებელს მიიღებს: ერთი, რომ თბილისი გათავისუფლდება პრობლემური ობიექტებისაგან და მეორე - გაიზრდება დამატებითი ტერიტორიების კაპიტალიზაცია. ამის კიდევ ერთი კარგი მაგალითია შარდენი, რომელიც გონივრული და გააზრებული მუშაობის შედეგად, ავარიული სახლების ქუჩიდან ქალაქის ერთ-ერთ ტურისტულად აქტიურ ზონად იქცა“, - აცხადებს  ”მენაშენეთა ასოციაციის“თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი.


საკითხზე პოზიცია დააფიქსირეს ასევე  სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებმაც.  კომპანია “არსი“-ს გენერალური დირექტორი თორნიკე აბულაძე აცხადებს, რომ საჭიროა პროცესები მეტი გამჭვირვალობით წარიმართოს, რათა  მომავალში დაუმთავრებელი მშენებლობები აღარ მივიღოთ.


"ქალაქში დაუსრულებელი მშენებლობების დიდი რაოდენობით დაგროვებას თავისი მიზეზები აქვს, რისი გააზრებაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. თუმცა, ახლა მთავარი არის ის, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალში პრობლემის თავიდან ასაცილებლად. მგონია, რომ სამშენებლო სექტორისთვის გარკვეული რბილი რეგულაციებია საჭირო. პირველ რიგში, უნდა გაიზარდოს გამჭვირვალობა. მარტივად რომ ვთქვათ, როცა კომპანიას ვუხდით ფულს ბინის ასაშენებლად, უნდა ვიცოდეთ მისი ფინანსური მდგომარეობა. ამის გაკეთება კი უპრობლემოდ, საიტზე ინფორმაიის მოძიებით უნდა იყოს შესაძლებელი“, - უთხრა M2B - ის  თორნიკე აბულაძემ.


თბილისში არსებულ დაუსრულებელ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით წინადადებები წარმოდგენის ინიციატივით თბილისის მერმა კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიებს პირველად დაახლოებით 7 თვის წინ მიმართა. ინიციატივიდან ნახევარ წელიწადზე მეტი გავიდა, თუმა, კომპანიების მხრიდან ჯერჯერობით მზაობა იმისა, რომ სხვის მიერ დაწყებული მშენებლობები დაასრულოსნ, არ ჩანს. მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე დეველოპერებთან და მშენებელებთან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.


სხვა სიახლეები