• Ƀ/$

ეროვნული ბანკი 100 წლისაა

25 მარტი 12:25 | ფინანსები

საქართველოს ეროვნული ბანკი 2019 წელს დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, რასთან დაკავშირებითაც  მთელი წლის განმავლობაში იუბილესადმი მიძღვნილი სხვადასხვა აქტივობა გაიმართება.

ღონისძიებებს შორის იქნება: ლექციების სერია, კონკურსები, შემეცნებითი გამოფენები, კონფერენციები, ისტორიული და კულტურული ღონისძიებები. სპეციალურად ამ თარიღისთვის მოიჭრება საკოლექციო მონეტა.


საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ქართული ფულის თემაზე გამოცხადებული შემოქმედებითი ღია კონკურსიც "საქართველოს ეროვნული ბანკი 100" სწორედ ამ საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა. ჟიურიმ 20 გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა.


საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივითა და საქართველოს განათლების, სამინისტროს ჩართულობით, ხატვის ღია კონკურსი II-VII კლასელთათვის ქვეყნის მასშტაბით თებერვლის ბოლოს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა საქართველოს 9 რეგიონის - აჭარა, გურია, კახეთი, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლისა და თბილისის სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს.


კონკურსი ახალგაზრდა თაობის ფინანსური საკითხებით დაინტერესებას, ასევე, ეროვნული ბანკის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ დიალოგის წახალისებას ისახავდა მიზნად.


კონკურსის ფარგლებში, კონკურსანტებს უნდა დაეხატათ, შეემუშავებინათ დიზაინი/ანიმაცია, გამოეძერწათ, ან მათთვის სასურველი ნებისმიერი მასალისგან შეექმნათ 100 ლარის ნომინალის ბანკნოტი ან მონეტა.


გამარჯვებულ მოსწავლეებს საქართველოს ეროვნული ბანკი 31 მარტს ყვარლის ფულის მუზეუმში უმასპინძლებს, სადაც ისინი მოისმენენ ინტერაქციულ ლექციას ქართული ფულის ისტორიის შესახებ. გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული ბანკი სიმბოლურ საჩუქრებსაც გადასცემს.


გამარჯვებულ მოსწავლეთა ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.


სხვა სიახლეები