• Ƀ/$

დაკრედიტების ახალი პოლიტიკა - რას და რატომ აზღვევს სახელმწიფო

26 მარტი 16:20 | ფინანსები

სახელმწიფო ჭარბვალიანობასთან ბრძოლას განაგრძობს. რა გავლენა აქვს დაკრედიტების ახალ პოლიტიკას ქვეყნის ეკონომიკაზე და საჭიროა თუ არა რეგულაციების შერბილება?

გამკაცრებული საბანკო რეგულაციები საზოგადოებას ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში წარედგინა, რომლის ძირითადი პაკეტი 2019 წლის პირველ იანვარს ამოქმედდა. ახალი ნორმებით თითოეული მოქალაქისთვის ის ჰიპოთეტური ჭერი დაწესდა, რაც მან სესხის სახით შეიძლება აიღოს.


პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, 20 მარტს, Facebook-ის პირდაპირი ეთერით ჩართვისას საბანკო რეგულაციებზე ისაუბრა და განმარტა, რომ ის სისტემა, რაც საქართველოში არსებობდა, სრულიად უპასუხისმგებლო იყო და „ამან ძალიან მძიმე შედეგები მოგვიტანა“. 


„ბუნებრივია, ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო; ჩვენ ახალი, სამართლიანი დაკრედიტების სისტემა დავამკვიდრეთ და აქაც საუკეთესო ევროპული გამოცდილება გამოვიყენეთ, სადაც თითოეული მომხმარებლის და კრედიტორის ინტერესი დაცულია”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


დაკრედიტების პოლიტიკაში შეტანილმა ცვლილებებმა სესხებზე წვდომა ყველაზე მეტად შედარებით დაბალშემოსავლიან და თვითდასაქმებულ პირებს გაურთულა, რასაც საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკაც ადასტურებს. 2019 წლის თებერვალში, ლარში ნომინირებული 5000 ლარამდე მიკროსესხების გაცემა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მკვეთრად არის დაცემული.


5000 ლარამდე სესხების გაცემის სტატისტიკა 2016-2019 წლებში



რა საფრთხეებს აჩენს ახალი რეგულაციები და როგორია მათი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე – M2B-ს კითხვას არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“-ს დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე პასუხობს.


„გაცემული მცირე სესხების რაოდენობის შემცირება მოსალოდნელი იყო და ლოგიკურია ახალი რეგულაციების პირობებში. თუმცა, საგულისხმოა, რომ ადამიანების მოთხოვნა სესხზე კვლავ დარჩება და არსად წავა. ამ შემთხვევაში საფრთხის შემცველია ის, თუ ვინ შესთავაზებს მათ ფინანსურ მომსახურებას და რა პირობებით. თუ ესენი იქნებიან კერძო მევახშეები, ამან ჭარბვალიანობა შესაძლოა კი არ შეამციროს, პირიქით – უფრო გაზარდოს ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ საფინანსო სექტორის რეგულირებაში არ დარჩეს ე.წ. ხვრელები, რომლებიც შექმნილი მგომარეობით ბოროტად ისარგებლებენ და საბანკო სექტორს მიღმა დარჩენილი მომხმარებლის ხარჯზე გამდიდრებას მოინდომებენ. რაც შეეხება მთლიან საკრედიტო პორტფელს, თებერვლის თვეში უმნიშვნელოდ არის გაზრდილი.  ერთი შეხედვით ჩანს, რომ ახალმა საკრედიტო პოლიტიკამ მნიშვნელოვანი გავლენა არა მხოლოდ საბანკო-საფინანსო სექტორზე, არამედ იმ ბიზნესებზეც იქონია, რომლლებიც საკუთარ პროდუქციას საბანკო სესხების მეშვეობით ყიდდნენ. თუმცა, იმისთვის, რომ რეგულაციების შერბილებაზე ვისაუბროთ, საჭიროა გარკვეული პერიოდის, მინიმუმ 1-2 კვარტლის რაოდენობრივი მონაცემები. თუ მდგომარეობა უკეთესობისკენ არ წავა და ბანკები ფიზიკური პირებისა და ბიზნესის დაკრედიტებას კვლავ ამ მოცულობით ვერ შეძლებენ, ეკონომიკური ზრდა იქნება გაცილებით ნაკლები, ვიდრე დღეს გვაქვს“, - უთხრა M2B-ს გიორგი კეპულაძემ.


როგორ გადაეწყობა საბანკო სექტორი?


დაკრედიტების პოლიტიკის ცვლილებას აფასებს ასევე საბანკო და საფინანსო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც თვლის, რომ მნიშვნელოვანი არა დაკრედიტების ტემპები, არამედ არის ის, თუ როგორ გადაეწყობა თავად საბანკო სექტორი.


„რეალურად, პრობლემა ისაა, რომ ბანკებს არსებული ბიზნეს მოდელების გადაწყობა უწევთ, რომელიც განსაკუთრებით ბოლო წლებში, საცალო დაკრედიტების ზრდის პრიორიტეტებზე იყო აგებული. ვალაუვალობის და ვადაგადაცილებული სესხების ზრდაც, დიდწილად, ამის შედეგი იყო. მიმაჩნია, რომ ამ ტიპის რეფორმის შემთხვევაში, როგორც წესი ერთი წელი მაინც უნდა გავიდეს საერთო სურათის შესაქმნელად. მანამდე რაიმე სახის ცვლილების შეტანა არა მგონია გონივრული იყოს. პროცესებს სჭირდება არა მხოლოდ დაკვირვება, არამედ განვითარებაც. მოკლევადიანი ტრენდი არ იძლევა ობიექტური სურათის დანახვის შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია არა ის თუ როგორი იქნება დაკრედიტების ტემპები, არამედ როგორ გადაეწყობა თავად ბანკების საკრედიტო პორთფელიც, რამდენად დაბალანსდება ბიზნეს დაკრედიტების ტემპები პორტფელის ზრდის დინამიკაში და ა.შ.”,- აცხადებს M2B-სთან საუბარში გიორგი ცუცქირიძე.


ნიშანდობლივია, რომ აზიის სწრაფად განვითარებადი ქვეყნებისთვისაც კი (ინდოეთი, ჩინეთი), სადაც ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 3–ჯერ აღემატება ევროზონის ქვეყნების წლიური ზრდის დონეს და 7%-ზე მაღალია, დაკრედიტების ტემპები ეკონომიკის ზრდას მხოლოდ 1.8–ჯერ აღემატება.


საქართველოს შემთხვევაში, თუ 2015-2017 წლების მიხედვით ეკონომიკის ზრდამ საშუალოდ 3.56% შეადგინა, ხოლო ბანკების საკრედიტო პორტფელი ამავე პერიოდში საშუალოდ 19.8%-ით არის გაზრდილი, ხოლო რეალური ზრდა ინფლაციის გამოკლებით 15.3%-ს შეადგენდა, ანუ დაკრედიტების ტემპები ეკონომიკის რეალურ ზრდას 5.6–ჯერ, ხოლო ინფლაციის გამოკლებითაც კი 4.3–ჯერ აღემატებოდა.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ფინანსებზე წვდომის შესახებ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არის, სადაც კომერციული ბანკების მსესხებელთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. 2016 წლის მონაცემების მიხედვით, 1000 ზრდასრულ მოსახლეზე მსესხებელთა რაოდენობით საქართველოს, თურქეთის შემდეგ, სიდიდით მეორე მაჩვენებელი აქვს.


მართალია, თებერვალში, იანვართან შედარებით, საკრედიტო პორტფელის ზრდამ მხოლოდ 0,2% შეადგინა, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე საერთოდ 0.6%-ით შემცირდა, მაგრამ ანალიზისათვის გაცილებით ზუსტ სურათს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარბა უფრო იძლევა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში ზრდამ 15% შეადგინა, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდა სულ მცირე 11%-ს შეადგენს, და არც თუ ისე მცირეა, მშპ-ის ზრდის საპროგნოზო მაჩენებლზე (4.5%) მეტია; შესაბამისად, საგანგაშო არც არაფერი ხდება. იგივე თურქეთში, დაკრედიტების ტემპების ზრდა 2017 წელს, მშპ-ის 7.4%-იანი ზრდის პირობებში, მხოლოდ 2,4%, ანუ 3 ჯერ ნაკლებიც კი იყო.


მსგავს თემაზე:

ანდრია გვიდიანი საბანკო რეგულაციებზე Fitch-ის დადებით შეფასებას ეთანხმება


საბანკო რეგულაციები შესაძლოა შერბილდეს



სხვა სიახლეები