• Ƀ/$

საქართველოს უახლესი ისტორია „არსის“ 30–წლიან ბიოგრაფიაში (ნაწილი VIII)

27 მარტი 15:26 | კომპანიები

იმ ამბებში, რაც კომპანია „არსს“ გადახდა თავს, ირეკლება საქართველოს 30 წლის ისტორია – აღტაცებით, გამბედაობით, ეჭვით, შიშით, ავანტიურით, თავდადებით, გაჭირვებით, სასოწარკვეთითა და მიღწევებით სავსე – “არსი” 30 წლისაა.

როგორ ახერხებდა პროფესიონალთა ერთი ჯგუფი მენტალურ გადატრიალებას, ფასეულობათა გადაფასებას – კომპანიის ისტორიის მორიგი, კიდევ ერთი საინტერესო ეტაპის თხრობას „არსის“ დამფუძნებელი, არქიტექტორი გია აბულაძე განაგრძობს. როგორ გაჩნდა სახელი „არსი“?


ძალიან დინამიურად იცვლებოდა ყველაფერი და ეს გადაწყობა იყო უმძიმესი რამე.


გვერქვა არქიტექტურულ-დიზაინერული კოოპერატივი „მზიური“. თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს დროებითი სახელი იყო, მაგრამ გვინდოდა ამით ჩვენი ვინაობა, ისტორია, ჩვენი შესაძლებლობა და გემოვნებაც კი გვეჩვენებინა. მერე მივხვდით, რომ ეს მზიური აღარავის აინტერესებს. ანაგაში ვაპროექტებდით ჰამლეტ გონაშვილის სახლ-მუზეუმს. სოფლის თავკაცი იყო თამაზ მუნჯიშვილი, კარგი თამადა, კარგი ადამიანი. ერთხელაც, რაღაც წერილი მივწერე, და მიპასუხა: არქიტექტურულ-დაზიანებული კოოპერატივის დირექტორს... მივხვდი, რომ ძალიან სხვაგან დავრჩით. საერთოდ, ჩვენს საქმიანობას, შეხვედრებს ფონად მისდევდა მამაჩემის, თენგიზ აბულაძის ფაქტორი. აი, ვიღაცას ვხვდებით, საქმიანი ლაპარაკი გვაქვს, თანაბარ დონეზე  ვართ, თუ თენგიზის სახელი ითქმება, გაიგებენ, რომ მისი შვილი ვარ და იცვლება დამოკიდებულება. მის თვალში უკვე სხვა სიმაღლეზე ვარ და სხვანაირად მელაპარაკება. ამავე დროს ჩემი მეუღლე ნანა ჯანელიძე იწყებდა ფილმის გადაღებას (ფილმი „იავნანა“ დასრულდა 1994 წელს). გვინდოდა, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა. ვიფიქრეთ, რომ არქიტექტურული და კინო თემა დაგვეკავშირებინა. არქიტექტურისა და სინემას კავშირიდან მივიღეთ არ-სი. როსტიკა ხომ გროსმაისტერია ლოგოების, სახელების შექმნაში. ეს ტირე დაიწუნა და  დარჩა „არსი“.


სხვადასხვა ფორმით გამოვლინდა „არსის“ არსი.


წესდება არ დაგვიწერია, რომ ასე უნდა ვიმუშაოთ. თითქოს თავისთავად ჩამოყალიბდა ჩვენი ხედვა. კონკრეტულად ერთი ნაგებობის პროექტს კი არ ვქმნიდით, გლობალურად ვუყურებდით და ქალაქგეგმარებითი კუთხიდან ვაფასებდით. იშვიათი გამონაკლისია, როცა განყენებული პროექტი გვაქვს გაკეთებული. ჩვენ ვიყავით არქიტექტორები, არც ეკონომისტები ვყოფილვართ, არც ფინანსისტები, არც აგრესიული დეველოპერები და ფულს არ გავკიდებივართ. არქიტექტურაც და დეველოპმენტიც დიალოგია, თანაც ეს დიალოგი დროშია გაწელილი. შენ იმასთანაც შედიხარ დიალოგში ვისაც უკვე ნათქვამი აქვს სიტყვა და მეტს აღარ იტყვის და იმასთანაც, ვინც მომავალში იტყვის. ამიტომ, ეს ეთიკა და ეს ზრდილობა თუ არა გაქვს, ურთიერთობის უნარი თუ არა გაქვს და ამას არ ითვალისწინებ, არაფერი გამოვა, ან გამოვა ის, რაც გამოდის ხოლმე. რაც გამოვიდა თბილისი ამ უპატრონობის პერიოდში. ახლა რაღაც შეზღუდვები შემოაქვთ და ეს შეზღუდვები სწორი იქნება, თუ ეთიკურ კოდექსზე იქნება აგებული, და არა ბიზნესკოდექსზე. არ შეიძლება ქალაქგეგმარებითი საკითხები გადაწყდეს მხოლოდ სამართლებლივი და მხოლოდ ბიზნეს კუთხით.


ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ივერთბანკთან თავიდანვე დაგვილაგდა სიტუაცია.  ორივე რუსთაველის საზოგადოების წიაღში ვიყავით წამოშობილები და პატრიოტული გრძნობები გვქონდა ერთმანეთის მიმართ. ბანკის ხელმძღვანელობას შევთავაზეთ, მხატვართა გამოფენები მოეწყო შენობაში, როგორც ეს უცხოეთში ხდებოდა. ივერთბანკიც ავარდა. მართლაც, გამოჩნდა გალერეა „ორიენტი“ და სამი არაჩვეულებრივი ხელოვნებათმცოდნე ბაია წიქორიძე, ქეთი შუბითიძე და თეა ტაბატაძე. ერთობლივად გამოუშვეს კატალოგი და არაჩვეულებრივი გამოფენაც გაიმართა. გამოფენა ბანკის შენობაში საქართველოში პირველი იყო. ამან დიდი ფურორი მოახდინა. ძველებთან ერთად ახალი თაობაც გამოიფინა. კარგადაც გვქონდა გააზრებული თვითონ შენობაც და გამოფენაც. ბანკში სხვანაირმა ტიპებმა დაიწყეს სიარული, ანაბრები გახსნეს, ანგარიშები გადმოიტანეს და ა.შ.


ძალიან მნიშვნელოვანი იყო საეთაშორისო გამოფენებში ჩვენი მონაწილეობა. უცხოეთში წასვლა კი არა, მთავარი იყო გამოფენაში მიგვეღო მონაწილეობა, სამშენებლო, ავეჯის, სპეციალიზირებულ გამოფენებში.


სამწუხაროდ, ივერთბანკის საქმე ცუდად წავიდა და 94-ში დაიხურა. ჩვენც ვერ მივხვდით, რომ მისი ბუქსაობა სრულ გაჩერებამდე მივიდოდა. პერიოდი იყო ისეთი, რომ ყველას შეგვეხო, ყველა ცუდ დღეში აღმოვჩნდით. ამიტომ გადაბრალება, რომ ამის ბრალი იყო ან იმისი, შეცდომაა. ფაქტი ის არის, რომ ჩვენ დაგვრჩა 100-მდე მოსახლე ბინით დასაკმაყოფილებელი და კიდევ 1 700 000  დოლარი ვალი. ამ რეალობის წინაშე დავდექით. ამ დროს გაჩნდნენ ახალი კომპანიები, რომელთაც დაიწყეს ნულიდან, ჩვენ კი ვიყავით მინუსებში.


შემდეგ დაიწყო გარჩევები, არ მინდა იმის გახსენება, მეზიზღება ის ამბები. ძალიან ვეცადე, რომ ეს ყველაფერი დამევიწყებინა.


“არსის” 30–წლიანი ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ მომდევნო სერიებში მოგითხრობთ. წინ კიდევ ბევრი უნიკალური მოვლენა გელოდებათ...


მსგავს თემაზე:

საქართველოს უახლესი ისტორია „არსის“ 30–წლიან ბიოგრაფიაში


საქართველოს უახლესი ისტორია „არსის“ 30–წლიან ბიოგრაფიაში (ნაწილი II)


საქართველოს უახლესი ისტორია „არსის“ 30–წლიან ბიოგრაფიაში (ნაწილი III)


საქართველოს უახლესი ისტორია „არსის“ 30–წლიან ბიოგრაფიაში (ნაწილი IV)


საქართველოს უახლესი ისტორია „არსის“ 30–წლიან ბიოგრაფიაში (ნაწილი V)


საქართველოს უახლესი ისტორია „არსის“ 30–წლიან ბიოგრაფიაში (ნაწილი VI)


საქართველოს უახლესი ისტორია „არსის“ 30–წლიან ბიოგრაფიაში (ნაწილი VII)



სხვა სიახლეები