• Ƀ/$

ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ტემპი გამომუშავებას უსწრებს - გამოსავალი განახლებად ენერგიაშია?

ექსკლუზივი
28 მარტი 17:17 | ანალიტიკა

საქართველოში 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება გაორმაგდება. ასეთი ვარაუდი კომპანია Galt&Taggart-ის კვლევაშია მოცემული.

რა იწვევს მოხმარების ყოველწლიურ  ზრდას, რამდენად ვართ დამოკიდებული იმპორტზე და როგორია ადგილობრივი ჰიდრო, თუ განახლებადი ენერგორესურსების განვითარების პერსპექტივები? ამ საკითხებზე M2B დარგის ექსპერტებს და მკვლევარებს ესაუბრა.


ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო წლებში საგრძნობლად გაზრდილია. 2017 წელს ზრდის მაჩვენებელი 7.7%, ხოლო 2018 წელს 6.1% იყო. G&T-ის კვლევაში მოცემული დასკვნის თანახმად, მომავალში საშუალოდ 5.7%-იანი ზრდას უნდა ველოდოთ, ხოლო  10 წელიწადში მოხმარება გაორმაგდება. ამ ფონზე ელექტროენერგიის წარმოების ზრდა წელიწადში საშუალოდ 1.2%-ით ჩამორჩება მოხმარების ზრდას. შედეგად იმპორტის მოცულობა ბოლო წლებში გაზრდილია და მისი წილი 2018-ში 11% იყო, ხოლო ბოლო 5 წლის განმავლობაში საშუალოდ 16.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.


მოზმარების ზრდის მიზეზებსა და გენერირების ადგილობრივი წყაროების განვითარების მნიშვნელობაზე M2B-ისთან, საუბრობს ISET-ის უფროსი მკვლევარი, ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ლევან ფავლენიშვილი.


„მოხმარების ზრდის საშუალო მაჩვენებელი, 5,65%,  რომელიც საქართველოში ფიქსირდება, არ არის დიდი. ყოველწლიურ ზრდას სხვა და სვხა ფაქტორი, მათ შორის ეკონომიკის დარგების განვითარება და ცხოვრობის დონის ამაღლება, განაპირობებს, რაც განვითარებადი ქვეყნისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. მოხმარების დაკმაყოფილებაში საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმპორტის წილი, რადგან ელექტროენერგიის წლიური სისტემა ქვეყანაში დეფიციტურია. სხვაობა მოხმარებასა და წარმოებას შორის, 2017-თან შედარებით, 2018 წელს გაზრდილია, რაც ჩვენს იმპორტზე დამოკიდებულებას განაპირობებს. ამიტომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების ზდრა. ყველაზე მასშტაბური პროექტი ამ მიმართულებით „ნენსკრა“ ჰესის მშენებლობაა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის გენერირებას და შეამცირებს იმპორტის საჭიროებას“, - უთხრა M2B-ს ლევან ფავლენიშვილმა.


რამდენად დამოკიდებულები ვართ იმპორტზე და როგორია გაზრდილი მოხმარების დაკმაყოფილების ოპტიმალური გზები? M2B-ის კითხვას Galt&Taggart-ის ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი პასუხობს: „იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი ჰესების მშენელობას შეფერხება ექნება, მოგვიწევს იმპორტის კიდევ უფრო გაზრდა, ვიდრე დღეს გვაქვს. ვფიქრობთ, რომ თუნდაც გრძელვადიან პერიოდში ჰესების მშენებლობა ოპტიმალური გამოსავალია, რადგან იმპორტდამოკიდებულება ბევრ პრობლემას ქმნის. კვლევაში, რომელიც 6 მარტს გამოვაქვეყნეთ, 2021-2022 წლები დასახელებულია კრიტიკულ პერიოდად, რადგან მოხმარება იმდენად დიდი იქნება, რომ მის დასაკმაყოფილებლად, საქართველოს ექსპორტზე უარის თქმა მოუწევს. გენერირების ზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ასევე ალტერნატიული ენერგიის წყაროების – ქარისა და მზის გამოყენება. დღეს მოხმარების დაკმაყოფილებაში ქარის სადგურის წილი 0.8%-ია, მაგრამ ორივეს საერთო მაქსიმალური წილი წარმოებაში შეიძლება იყოს 10%. ვთვლით, რომ ეკოლოგიური  და მშენებლობის დაბალი რისკების თვალსაზრისით, ამ მიმართულებითაც აუცილებელია განვითარება“.


ალტერნატიული წყაროები



ენერგიის ალტერნატიული წყაროების განვითარების საკითხს ეხმაურება ლევან ფავლენიშვილიც. მისი აზრით, რამდენიმე წელიწადში ელექტროენერგიის წარმოებისთვის მზის პანელების გამოყენების მსოფლიო პრაქტიკა საქართველოს მოსახლეობისთვისაც საინტერესო გახდება.


„ქარის, ისევე როგორც მზის ელექტროსადგურებს, აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და ამ მიმართულებითაც საჭიროა მუშაობა. ასეთი ტიპის სადგურების მშენებლობა  ნაკლებ ხარჯებს მოითხოვს, თუმცა სამართავად რთული და მეტად არასტაბილურია. დღეისთვის ქსელში ელექტროენერგიის ყიდვა ბევრად იაფი ჯდება, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ელექტროენერგიის ფასის ზრდის ტენდენცია გვაქვს, ვფქირობ, რამდენიმე წელიწადში მზის ელემენტების გამოყენება ფიზიკური პირებისთვის საინტერესო გახდება. ნელ-ნელა იკლებს ფასები საჭირო ტექნიკასა და მომსახურებაზე, ამიტომ ამის რეალური შანსები გაჩნდება“, - გვითხრა ლევა ფავლენიშვილმა.


საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ჰესის მშენებლობა უკვე დაწყებულია, რომელთა შორის ყველაზე დიდი „ნენსკრა“-ს ელექტროსადგურია, რომელიც სვანეთში, ენგურის შენაკადზე იმუშავებს. მისი სიმძლავრე 280 მგვტ იქნება და მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.


წელს დაიწყება ასევე ჯამში 300 მგვტ-ის სიმძლავრის 5 ახალი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაც. ხოლო 30-დან 50-მდე მეგავატი სიმძლავრის მზის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობაზე ტენდერი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად შედგება.


სხვა სიახლეები