• Ƀ/$

ექსპორტის მენეჯმენტი - პროფესია, რომელიც საქართველოს გადაარჩენს?

ექსკლუზივი
29 მარტი 16:44 | ანალიტიკა

ექსპორტის მენეჯმენტი უცხოელ მყიდველებსა და ადგილობრივ გამყიდველებს შორის შუამავლობას გულისხმობს.

განსხვავებით სავაჭრო კომპანიებისგან, რომლებიც პროდუქციას პირდაპირ უცხოელ მომხმარებელზე ყიდიან, ექსპორტის მენეჯერები, დამსაქმებლისთვის კლიენტებს საერთაშორისო მასშტაბით ეძებენ.


ექსპორტის მენეჯერი გეგმავს და კოორდინაციას უწევს ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვას. დღის განმავლობაში მან შეიძლება მოლაპარაკებები აწარმოოს სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებთან, როგორებიც არიან ტვირთების გადამზიდავები, სავაჭრო აგენტები და გაყიდვების მენეჯერები. მათ მომხმარებლის მომსახურების შესანიშნავი უნარები აქვთ და ხშირად პასუხსიმგებლნი არიან პერსონალის მენეჯმენტზე, საერთაშორისო დეპარტამენტის თანამშრომლების აყვანის, სწავლებისა და ზედამხედველობის კუთხით.


საბუღალტრო ფუნქციის ფარგლებში, მათ ევალებათ ინვოისების კონტროლი და ანგარიშების მომზადება, ბილინგის პროცესის დასაჩქარებლად. ექსპორტის მენეჯერებმა ასევე, გადაზიდვების პროცესი საექსპორტო ინდუსტრიის მარეგულირებელ კანონებსა და წესებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ.


როგორ გავზარდოთ ექსპორტი ?


რა არის წარმატების გადამწყვეტი ფაქტორი ექსპორტის მენეჯერისთვის და რამდენად სჭირდება ამ პოზიციის კადრები ქართულ კომპანიებს? M2B-ის კითხვას უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია DK Capital-ის გენერალური დირექტორი დავით კენჭაძე პასუხობს.


„ხშირად გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე აჰყავთ კადრები, რომლებსაც ამ მიმართულებით სპეციფიკური ცოდნა არ აქვთ და თავად კომპანიები უტარებენ საჭირო ტრენინგებს. ექსპორტის მენეჯერის შემთხვევაში ეს პრაქტიკა რთულად განსახორციელებელია, რადგან მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ცოდნაც და გამოცდილებაც გაყიდვების სფეროში. ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება და  წარმატების გადამწყვეტი ფაქტორია, უცხოური ბაზრების წარმომადგენლებთან პირადი კონტაქტების ქონა. რადგანაც ბევრად რთულია ქვეყნის გარეთ ინტერნეტის საშუალებით გაყიდვები. ვფიქრობ, საქართველოს დღეს სწორედ ამ უნარებით დაჯილდოვებული ადამიანებისგან შემდგარი „ეკონომიკური ჯარი“ გადაარჩენს. ქვეყანაში არსებობენ ამ სფეროს კვალიფიციური კადრები, თუმცა მცირე რაოდენობით და ისინი, სრულიად სამართლიანად, მხოლოდ მაღალ ანაზღაურებაზე მუშაობას თანხმდებიან. ამის გამო მათი დაქირავება მცირე და საშუალო ბიზნესებითვის სირთულეს წარმოადგენს. კარგია, რომ არსებობს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, თუმცა, აუცილებელია არსებობდეს ასეთივე მიმართულებით მომუშავე სისტემა, სახელწოდებით „გაყიდე ქართული“, რომელიც ბევრ ქართულ კომპანიას დაეხმარება წარმატებულად გაიტანოს თავისი პროდუქტი საზღვარგარეთ“, - უთხრა M2B-ის დავით კენჭაძემ.


რა ფუნქცით უნდა დაიტვირთოს უნივერსიტეტი ?


როგორც M2B-იმ საკითხის კვლევისას გაარკვია, ქართულ უმაღლესი განათლების სისტემაში არ არსებობს პროგრამა, რომელიც ამ მიმართულებით მიაწვდის ცოდნას სტუდენტებს და შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებს ბაზარს. თუმცა, კავკასიის უნივერსიტეტს აქვს ექსპორტის მენეჯერის მოსამზადებელი კურსი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიებს საშუალებას აძლევს მოამზადონ კადრები ამ მიმართულებით. სწავლების სპეციფიკასა და  შედეგებზე კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი მაია მუშკუდიანი გვესაუბრება: „ექსპორტის მენეჯმენტის სასწავლო კურსი, რომელიც „აწარმოე საქართველოსთან“ ერთად, ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით შევქმენით, მცირე და საშუალო კომპანიებისთვის კადრების მომზადებაზეა გათვლილი. თუმცა, მისი გავლა ნებისმიერი სფეროს დაინტერესებულ პირს შეუძლია. რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად მერყეობს, 2018 წელს ბათუმის კურსზე ჯგუფში 25 მსმენელი, თბილისში კი 20 მსმენელი გვყავდა. სილაბუსი 9 მოდულისგან შედგება, რომელთაგან სასწავლო პერიოში თითოეულს ინდივიდუალურად განსაზღვრული დრო უკავია, მაგალითად, ბრენდინგის ნაწილი 6-საათიანია, მოლაპარაკების ხელოვნება - 3 საათიანი და ა. შ.  სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ამ კურსის ძირითადი დამფინანსებელია და ის ატარებს კვლევას, რომელიც ბაზარზე ამ პროფესიის მოთხოვნას უკავშირდება. მინდა გითხრათ, რომ ამ პროფესიის კადრებზე მოთხოვნა, ისევ როგორც მსმენელთა მხრიდან დაინტერესება, წლიდან წლამდე იზრდება და მომავალში მეტ მსურველს ველოდებით“, - უთხრა M2B-ს მაია მუშკუდიანმა.


მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით ამ პროფესიაში დიდი კონკურენცია არ არის, დამსაქმებელთა უმრავლესობა (ძირითადად, ახალი ექსპორტიორები) მოითხოვს, რომ კანდიდატებს მინიმუმ საშუალო სკოლის განათლება, ხოლო მაქსიმუმ უნივერსიტეტის ხარისხი, ძირითადად, მარკეტინგში ან ბიზნეს ადმინისტრირებაში ჰქონდეთ. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ენების (ესპანური, ფრანგული, გერმანული და ჩინური) მაღალ დონეზე ცოდნას.


სხვა სიახლეები