• Ƀ/$

საქართველოში "გლობალური ფულის კვირეული" აღინიშნა

2 აპრილი 14:21 | ფინანსები

ეროვნული ბანკის ორგანიზებით, "გლობალური ფულის კვირეული" საქართველოში  უკვე მეექვსედ აღინიშნა. წლევანდელი "გლობალური ფულის კვირეული" ეროვნული ბანკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

"გლობალური ფულის კვირეული" მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად, მარტში აღინიშნება და მისი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებას. 2019 წლის კვირეულის გზავნილია: "ისწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე".


კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განათლების სამინისტროს ჩართულობით მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლის მოსწავლეებისთვის ქართული ფულის თემაზე შემოქმედებითი კონკურსი ჩაატარა, სახელწოდებით "საქართველოს ეროვნული ბანკი 100". კონკურსში საქართველოს 9 რეგიონის სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ. კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებს 100 ლარის ნომინალის ბანკნოტის ან მონეტის საკუთარი, ორიგინალური დიზაინით შექმნა ევალებოდათ. 20 გამარჯვებულ ნორჩ ხელოვანს ეროვნულმა ბანკმა 31 მარტს ყვარლის ფულის მუზეუმში, საგანმანათლებლო - გასართობ ექსკურსიაზე უმასპინძლა. ფულის მუზეუმში გამარჯვებულმა ბავშვებმა საკუთარი ნამუშევრების შესახებ ისაუბრეს. მათ ასევე  მოისმინეს ინტერაქტიული ლექცია ეროვნული ბანკისა და ქართული ფულის ისტორიის შესახებ. გამარჯვებულებმა ეროვნული ბანკისგან სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს.


26 მარტს, საქართველოს ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო გადახდების სისტემა VISA - ს ორგანიზებით, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში "ფინანსური ფეხბურთის" სპეციალური კუთხე მოეწყო, სადაც მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მთელი დღის განმავლობაში ეთამაშათ, შეემოწმებინათ და გაეღრმავებინათ საკუთარი ფინანსური ცოდნა. "ფინანსური ფეხბურთი" სწრაფი და დინამიური თამაშია, რომლის ფარგლებშიც მოთამაშეებმა პირადი ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უნდა უპასუხონ, რათა მოედანზე წინ წაიწიონ და გოლი გაიტანონ. "ფინანსური ფეხბურთის" ქართულენოვანი თამაში და თანმდევი სასწავლო მოდულები VISA - მ და ეროვნულმა ბანკმა 2018 წელს განავითარეს. ღონისძიების ფარგლებში, ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა სასახლის მოსწავლეებისთვის, ეროვნული ბანკისა და ქართული ფულის ისტორიის შესახებ ინტერაქტიული ლექცია ჩაატარეს. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.


"გლობალური ფულის კვირეულის" აღნიშვნა საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა. ვინაიდან წელს ეროვნული ბანკი დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, "გლობალური ფულის კვირეულიც" განსაკუთრებული აქტიურობითა და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ჩვენ გვჯერა, რომ ფინანსური განათლება ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოს, რათა ახალგაზრდები პირადი ფინანსების მართვის, დაზოგვის, ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და მეწარმეობის თემაზე დიალოგში ჩავრთოთ.  მსურს, მადლობა გადავუხადო კვირეულში ჩართულ ყველა ორგანიზაციას, მათ შორის VISA - ს, რომელთან ერთადაც გასულ წელს ვიდეოთამაში "ფინანსური ფეხბურთი" შევიმუშავეთ, და ახალგაზრდების ფინანსური წიგნიერებით დაინტერესების მიზნით, არაერთ გასართობ-შემეცნებით ღონისძიებას ვახორციელებთ“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.


"ჩვენთვის პატივია საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობა უკონტაქტო ეკონომიკის განვითარების მიზნით საქართველოში. ფინანსური ცოდნა ჩვენთვის სტრატეგიული პრიორიტეტია და VISA - ს გააჩნია "თამაშით სწავლის" მიდგომის გამოყენების, საგანმანათლებლო კამპანიების განხორციელების და ფინანსური ცოდნის შესახებ ცნობიერების ამაღლების ძალიან დიდი გამოცდილება მსოფლოს მასშტაბით. შარშან, ეროვნულ ბანკთან ერთად ჩვენ წარმოვადგინეთ „ფინანსური ფეხბურთის" ონლაინ ვიდეოთამაშის ლოკალიზებული ვერსია, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა თამაშით უნდა შეიძინონ ფულის მართვის უნარები. ჩვენ სიამოვნებით დავუჭირეთ მხარი ეროვნული ბანკის ორგანიზებულ აქტივობებს "გლობალური ფულის კვირეულის" ფარგლებში და ჩვენი საგანმანათლებლო პლატფორმა ახალგაზრდებს მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში წარვუდგინეთ. ვაგრძელებთ პროდუქტიულ  თანამშრომლობას ფინანსური განათლების წახალისებით და ვიმედოვნებთ, რომ ეს თამაში ქვეყანაში ფინანსური ცოდნის ამაღლების ღირებული რესურსი გახდება“, - განაცხადა VISA - ს უფროსმა ვიცე - პრეზიდენტმა, დსთ-სა და სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეგიონალური ქვედანაყოფის დირექტორმა, ვირა პლატონოვამ.


მსგავს თემაზე:

ეროვნული ბანკის გაფრთხილება



სხვა სიახლეები