• Ƀ/$

ყურძნის სპირტის ახალი რეგლამენტი – აუცილებლობა, თუ შეფერხება მცირე მეწარმეებისთვის?

2 აპრილი 15:07 | ანალიტიკა

1-ლი აპრილიდან ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელებისთვის ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა. M2B–მ გაარკვია, რა ცვლილებებს შეიტანს ახალი რეგულაციები დარგის წარმოებაში და ბაზარზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ რეგლამენტის მიღების აუცილებლობა ალკოჰოლიანი სასმელების, კერძოდ ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების ზრდამ განაპირობა.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო 5 წლის მონაცემებით, საქართველოში ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოება საგრძნობლად არის გაზრდილი.


ალკოჰოლიანი სასმელების წარმოება საქართველოში


2014-2018
(საწარმოთა დეკლარირებული მონაცემები)



ახალი რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლის წარმოების, დასახელებების, აღწერის, წარდგენისა და ეტიკეტირების მიმართ, აწესრიგებს მწარმოებლის მიერ ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმლის ბაზარზე განთავსების, ექსპორტისა და იმპორტის პირობებს.


ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების ტექნიკური რეგლამენტით გაწერილია  ბრენდის, ჭაჭისა და მაგარი სამელების განსაზღვრება, მათში შაქრისა და სპირტშემცველობის მაქსიმალური დოზები, ასევე დასაზმადებლად გამოსაყენებელი ბუნებრივი ნედლეულის სახეობა და დავარგების ვადები.


რაც შეეხება ეტიკეტირების წესს, მასში ვკითხულობთ, რომ ეტიკეტზე სასმლის მხოლოდ ოფიციალური დასახელება უნდა იყოს მითითებული და დაუშვებელია მასში გამოყენებულ იქნეს ისეთი ტერმინები, როგორებიცაა: „მსგავსი“, „ტიპი“, „სტილი“, „დამზადებულია“, „არომატი“ ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, დაცული ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული დასახელება. ახალი რეგლამენტის ნახვა ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.


რეგლამენტის მიღების აუცილებლობაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა M2B-სთან განმარტავს.


„ჩვენს სფეროში საქმიანობას არეგულირებს “კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ“. თუმცა, დამატებითი რეგლამენტების შემუშავება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევალება. მსგავსი ტექნიკური რეგლამენტი დიდი ხანია არსებობს ღვინისთვის და ახლა მიღებულია კერძოდ ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელებისთვის, როგორიცაა ბრენდი, ჭაჭა და მაგარი სასმელები. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში საკმაოდ გაზრდილია სწორედ ამ პროდუქტების წარმოება/ექსპორტი. ტექნიკური რეგლამენტის მთავარი არსი მომხმარებელთა უფლებების დაცვაშია, რისთვისაც განისაზღვრა ეტიკეტირების წესი. მასზე უნდა იყოს დატანილი ზუსტი ინფორმაცია სასმლის შემცველობის შესახებ. ასევე რეგლამენტი ითვალისწინებს დასაზმადებელი მასალის გამოყენების წესებსა და ვადებს. ჭაჭის არაყი დამზადებული უნდა იყოს მხოლოდ ყურძნის წვენის დუღილის შედეგად დარჩენილი მასით და რომ აკრძალულია ხელოვნური არომატიზატორების გამოყენება. რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა სპირტიანი სასმელი უნდა იყოს ყურძნისეული წარმოშობის და დაუშვებელია მისი ფალსიფიკაცია. ვფიქრობთ, დადგა დრო, რომ ღვინის გარდა, სხვა ალკოჰოლურ სასმელებსაც მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება და მათი წარმოების რეგულაციები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გავხადოთ“, - უთხრა M2B-ს ლევან მეხუზლამ.


რეგულაციის გავლენა მცირე მეწარმეებზე


რა პრობლემას ქმნის ახალი რეგულაციები დამწყები და მცირე მეწარმეებისთვის და საჭიროა თუ არა მათთვის წარმოების პროცესის გამარტივება? ამ თემებზე M2B-ს ღვინისა და ჭაჭის მიკრომეწარმე მათე დოლიძე ესაუბრა.


„ჩემთვის, როგორც მიკრომეწარმესთვის, აღნიშნული რეგლამენტი გარკვეულ დაბრკოლებას ქმნის იმ თვალსაზრისით, რომ დამატებითი ხარჯის გაწევა მომიწევს და არ ვიცი ეს რამდენად იქნება გამართლებული. ვფიქრობ, დამწყები მეწარმეებისთვის კანონმდებლობა უნდა იყოს შედარებით რბილი, რათა ბევრმა შეძლოს გაფართოება და წარმოების გაზრდა. პრობლემას ქმნის ის, რომ დიდი და მცირე მწარმოებლები ერთი რეგულაციის ქვეშ არიან მოქცეულნი გადასხადების კუთხით. ვისურვებდი მცირე მეწარმეებისთვის იყოს აქციზისა და დღგ-ის დაბალი გადასახადი და წარმოების პროცესი იყოს გამარტივებული, როგორც ეს ღვინის შემთხვევაშია. წელს კარგი მოსავალი მქონდა, მაგრამ მე არ ვიცი რა იქნება მომავალ წელს. შესაბამისად, რთულია დიდი რაოდენობის ჩამოსხმაზე გადაწყვეტილების მიღება“, - აცხადებს  მათე დოლიძე.


რამდენად აუცილებელი და გადაუდებელი იყო ღვნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოება-რეალიზების პროცესის რეგლამენტის ქვეშ მოქეცევა? M2B-მ ამ კითხვით ღვინის საერთაშორისო ექსპერტს ქეთი ჯურხაძეს მიმართა.


„ძირითადად, რეგულაციების ახალი ნორმების მიღება განხილვის საგანი ხდება ხოლმე. თუმცა, ამ შემთხვევეაში ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედება აუცილებელი იყო, რადგან სპირტიანი სასმელები ალკოჰოლის დიდ დოზას შეიცავს და უფრო მეტად სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. გამომდინარე აქედან, მათი კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია. მესმის, რომ კონტროლის მექანიზემები შეიძლება პრობლემა იყოს მცირე საწარმოებისთვის, მაგრამ რეგლკამენტის მოქმედება ყველა შემთხვევაში საჭიროა და მას ყველა უნდა დაემორჩილოს. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ რეგულაციები უნდა გამკაცრდეს ვენახთან და ღვინოსთან მიმართებაშიც. ვფიქრობ, „კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ“ ლოიალურია და მისი დახვეწა ბევრად მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოებას შეუწყობს ხელს“, - უთხრა M2B-ის ქეთი ჯურხაძემ.


ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.  კანონისა და რეგლამენტის შესაბამისობის კონტროლი როგორც მწარმოებელს, ისე სურსათის ეროვნულ სააგენტოს (სეს) ევალება.


„ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სამელების მწარმოებელი კომპანიების შემოწმება გეგმიურად, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში განხორციელდება. შემოწმდება ყველა ის კრიტერიუმი, რომელიც კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტისთ არის გათვალისწინებული და დამრღვევი კომპანიების მიმართ კანონით გათვალისწინებული სტანდარტული სანქციები გატარდება“, - აცხადებენ სეს-ში.


სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ალკოჰოლიანი სამელების (მათ შორის ჩამოსახმელის) 121 ნიმუში შემოწმდა. დარღვევები ინქა აღმოჩენილი 8 მათგანში, რაც სრული რაოდენობის 6.6%-ს შეადგენს.


2018 წელს კი კვლევა ალკოჰოლიანი სასმელების 108 ნიმუშზე ჩატარდა. მათგან დარღვევები მხოლოდ 3-ში აღმოჩნდა, რაც სრული რაოდენობის 2.77%-ია.


მსგავს თემაზე:

სპირტიანი სასმელების წარმოებას ტექნიკური რეგლამენტი დაარეგულირებს



სხვა სიახლეები