• Ƀ/$

საბანკო ექსპერტი თიბისის საქმეზე პოლიტიკურ სარჩულს გამორიცხავს

4 აპრილი 10:46 | ფინანსები

ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე თიბისი ბანკის საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზე მიუთითებს.

"PWC (პრაის უოთერჰაუს კუპერსი) დასკვნით დაიმსხვრა მორიგი მითი "თი ბი სი ბანკის" მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით"


მინდა გამოვეხმაურო, მედია საშუალებებით დღეს გავრცელებულ ინფორმაციას “თიბისის” აუდიტორულ შეფასებასთან დაკავშირებით, რომელიც დიდი ოთხეულის წევრმა PWC(პრაის უოთერჰაუს კუპერსი) ჩაატარა. როგორც PWC -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ვიგებთ, კომპანია დეტალურად გაეცნო რა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2018 წლის 19 ნოემბერს “თიბისი ბანკის” შესახებ მიღებულ დასკვნას, რომელიც 2008 წლის განმავლობაში განხორციელებულ ტრანზაქციებს და ბანკის დაჯარიმებას ეხება დაასკვნა, რომ აღნიშნული ჯარიმა სწორად იყო აღრიცხული. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საკითხის შესწავლისას კომპანიის აუდიტორებმა გამოითხოვეს და შეისწავლეს ბანკში დაცული მასალები, ამასთან სამუშაო შეხვედრები გამართეს ბანკის აუდიტის კომიტეტთან და გაეცნენ იმ მიდგომას, რომელიც ბანკის დამოუკიდებელმა დირექტორებმა აღნიშნული საკითხის მიმართ გაატარეს.


ამის დასტურია თავად “თიბისი ბანკის” მიერ გამოქვეყნებული 2018 წლის საქმიანობის მმართველობითი და აუდიტორული ანგარიშგებების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, სებ-ის მიერ დაკისრებული 1 100 000 ლარის ჯარიმა ბანკმა უკვე გადაიხადა.


ნიშანდობლივია, რომ  2 აპრილს "თიბისი ბანკმა" ლონდონის საფონდო ბირჟაზე კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბანკის სამეთვალყურეო საბჭო მისმა დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ოფიციალურად დატოვეს.


მსოფლოს ერთ-ერთი წამყვანი და ავტორიტეტული აუდიტორული კომპანიის განცხადება, კიდევ ერთხელ ადასტურებს ეროვნული ბანკის მიერ, თიბისი ბანკის დაჯარიმების სისწორეს და მეორეს მხრივ აჩვენებს, რომ ბანკის დაჯარიმებას რაიმე შერჩევით სამართალთან და მით უმეტეს პოლიტიკურ მდგენელთან და ანაკლიის პორტთან შეხება არა აქვს, რასაც ბანკის აწ უკვე ყოფილ დამფუძნებლებთან ერთად, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, განსაკუთრებით ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული ექსპერტთა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ჯიუტად ცდილობდა და დღესაც ცდილობს საზოგადოების დარწმუნებას !


ასევე დაიმსხვრა ის მორიგი მითიც, რომლის თანახმადაც ამ საკითხის განხილვისას რატომღაც 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე ანუ ამ ოპერაციის ხანდაზმულობის ვადაზე ხდებოდა მუდმივად აპელირება. სამაგიეროდ, მიზანმიმართულად შედარებით ნაკლები ყურადღება ექცეოდა იმ ფაქტს, რომ ამ 17 მლნ დოლარის ტრანზაქციის მეტად საეჭვოდ „გაცოცხლება“ და ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადაფორმება მოხდა 2012 წელს ანუ ხუთი წლის შემდეგ, ბანკის დირექტორატის წევრის მონაწილეობით, როდესაც ამ თავის მხრივ წარმოეშვა ბანკის აღნიშნული აქციონერებისაგან თანხის მოთხოვნის უფლება.


ეს არის საქმის ერთი მხარე ანუ ზედამხედველის მხრიდან ბანკის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების სამართლებრივი ნაწილი, რაც შეეხება პროკურატურის მხრიდან საქმის მოკვლევას, ეს პროცესი გრძელდება და ცალკე საკითხად უნდა განვიხილოთ, უკვე ეხება რა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის როლს ამ საქმეში, რადგან საქმე აღძრულია ფულის შესაძლო გათეთრების კუთხით. თუ გავითვალისწინებთ, რომ კვლავ ღიად რჩება პასუხი კითხვაზე -ამ ოფშორულ კომპანიას ეს სესხი ჩამოწერილი აქვს თუ არა?! ამ საქმეს კი სულ მცირე სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაციის (გადასახადების შემცირება ან სულაც დამალვა) ანუ ფინანსური თაღლითობის სუნი ასდის!!!


მსგავს თემაზე:

თიბისის საქმეზე ბანკის მოქმედი გენდირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე დაიკითხა


ხაზარაძემ და ჯაფარიძემ TBC ბანკი ოფიციალურად დატოვეს



სხვა სიახლეები