• Ƀ/$

რატომ წყვეტენ კოოპერატივები არსებობას - გამოგონილი და რეალური მიზეზები

4 აპრილი 11:30 | ანალიტიკა

საქართველოში 2014 წლიდან დღემდე სტატუსი 1020 კოოპერატივს შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს მონაცემებით, წლის დასაწყისიდან სტატუსშეჩერებული კოოპერატივების რიცხვი უკვე 20-ს აღწევს.


M2B დაინტერესდა, რა არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სტატუსის შეწყვეტის ძირითადი მიზეზები და ვინ არის დამნაშავე, როცა სახელმწიფოსგან ნაკისრი ვალდებულებები არ სრულდება?


რა არის კოოპერატივი


სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი - ნებაყოფლობით წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი შეღავათებით სარგებლობს. კერძოდ: მოგების გადასახადით არ იბეგრება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავალი (პირველადი წარმოება) და გრანტი; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან დაკავშირებით, არ არის დაწესებული მოგების გადასახადის ზღვარი წლიური ბრუნვის მიხედვით, რომელიც, მაგალითად, შპს-ს შემთხვევაში 200 000 ლარს შეადგენს და ა. შ.


რატომ ვერ იყენებენ კოოპერატივები უპირატესობებს?


მიუხედავად პრივილეგიებისა, კოოპერატივების დიდი ნაწილი განვითარებასა და წარმოების გაზრდას ვერ ახერხებს. რას ამომწმებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო და რამდენად ხშირად უგულვებელჰყოფენ კოოპერატივები მათ მოთხოვნებს? ამ თემებზე M2B სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძეს ესაუბრა:


„კანონის თამახმად, გვაქვს ვალდებულება, რომ სტატუსის მქონე კოოპერატივები მონიტორინგის ორი ფორმით შევამოწმოთ, ეს არის კამერალური და გასვლითი. კამერალური მეთოდი კოოპერატივების დოკუმენტაციის შემოწმებას გულისხმობს. არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ მიერ გაგზავნილ კითხვებსა და მოთხოვნაზე ისინი არასრულად ან საერთოდ არ გვპასუხობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ, დიდი ალბათობით, ისინი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას არ ეწევიან. პირველ ეტაპზე კოოპერატივებს ვაძლევთ ვადას სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დასადასტურებლად. შემდეგ კი ვიღებთ გადაწყვეტილებას სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ბევრ შემთხვევაში კოოპერატივებს სტატუსის მოპოვების შემდეგ, სასოფლო სამეურნეო საქმიანობა არ დაუწყიათ, რაც, თავისთავად, სტატუსის შეწყევტის საფუძველი გახდა“, - უთხრა M2B-ს გიორგი მიშელაძემ.


M2B საკითხის გარკვევას იმ კოოპერატივებთანაც შეეცადა, რომლებსაც სტატუსი უკვე შეწყვეტილი აქვთ. როგორც აღმოჩნდა, ისინი ამ თემაზე საუბარს თავს არიდებენ. ზოგიერთმა მათგანმა ზარს საერთოდ არ უპასუხა, ან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. ერთ-ერთი კოოპერატივის „საბა“-ს ყოფილმა დირექტორმა ისაბალ სოლოღაშვილმა კი კოოპერატივის მუშაობის შეწყვეტის მიზეზად გაერთიანების წევრების საზღვარგარეთ წასვლა და მიწების შესყიდვასთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა:


„გვქონდა პრობლემები მიწების შესყიდვასთან დაკავშირებით. ის ადგილები, რომლებიც ჩვენ მიერ განიხილებოდა, ზოგიერთი საკმარისად ნოყიერი არ აღმოჩნდა, ზოგი კი უკვე კერძო საკუთრებას წარმოადგენდა და ამან წარმოების პროცესის შეფერხება გამოიწვია. საბოლოოდ გაერთიანების წევრები დაიშალნენ და რამდენიმე მათგანი საზღვარგარეთ წავიდა. სხვა პრობელმებს ადილი არ ჰქონია“,-  უთხრა M2B-ს ისაბალ სოლოღაშვილმა.


კოოპერატივისთვის სტატუსის შეწყვეტის მიზეზზე ისაუბრა ასევე „ახალი ქართული ჩაი“-ს ყოფილმა მენეჯერმა ალექსანდრე კვირკველიამ. როგორც მან M2B-ს უთხრა, ამ შემთხვევაში მიზეზი საწარმოს იჯარით გასხვისება გახდა.


„კოოპერატივს „ახალი ქართული ჩაი“ სტატუსი 21 იანვარს შეუწყდა. ჩვენ შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გაჩერება განაპირობა იმან, რომ საწარმო, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობდით, იჯარით გაიცა“, - განაცხადა ალექსანდრე კვირკველიამ.


ამ უკანასკნელთან დაკავშირებით M2B-მ ინფორმაცია სააგენტოში გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ კოოპერატივმა „ახალი ქართული ჩაი“ სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია საერთოდ არ მიაწოდა.


„კონკრეტულად ამ კოოპერატივს კითხვები მაისში გავუგზავნეთ და მათი მხრიდან არანაირი პასუხი არ მიგვიღია. კანონით გათვალისწინებული ვადის ფარგლებში მათ მიეცათ საშუალება დოკუმენტაცია  წარმოედგინათ, თუმცა ისევ არაფერი მივიღეთ. შესაბამისად, საბოლოოდ, „ახალი ქართული ჩაისთვის“ სტატუსის შეწყვეტის გადაწყვეტილება იქნა მირებული“, - უთხრა M2B-ს გიორგი მიშელაძემ.


სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით 1020 სტატუსშეწყვეტილი გაერთიანებიდან ხელმეორედ სტატუსი მხოლოდ 11-მა მიიღო. დღეის მდგომარეობით კი, საქართველოში სულ 1123 კოოპერატივია რეგისტრირებული.



ENPARD


ევროკავშირი (EU) სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში ENPARD-ის  პროგრამის  დახმარებით უწყობს ხელს, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება.


ENPARD-ის პროგრამის I ფაზის (2014-2017) საერთო ბიუჯეტი 52 მლნ ევროს შეადგენდა; II ფაზის - 50 მლნ ევროს, ხოლო III ფაზის (2018-2022) ბიუჯეტი 77,5 მლნ ევროთი არის განსაზღვრული.


2014-2017 წლებში ENPARD-ის პროგრამით ევროკავშირის პირდაპირი დაფინანსებითა და ტექნიკური დახმარებით სულ 280-ზე მეტმა კოოპერატივმა ისარგებლა, რისი საერთო ღირებულებაც 13 მილიონ ლარს შეადგენს. 


ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სახელმწიფო პროგრამების შედეგად კი დაახლოებით 1000-მა კოოპერატივმა ჯამში 6 მილიონი ლარის ღირებულების გრანტი მიიღო.


სხვა სიახლეები