• Ƀ/$

ქართული ღვინის პოტენციალი იაპონიაში შეაფასეს

4 აპრილი 12:05 | ეკონომიკა

„ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს იაპონურ ბაზარზე“ - ამის შესახებ ტოკიოში, იაპონიის წამყვანი სადაზღვევო კომპანიის „ტოკიო მარინ ჰოლდინგსის“ სათაო ოფისში გამართულ ქართული ღვინის პრეზენტაციაზე აღინიშნა. 

ღონისძიება გამოფენის  „საქართველო – ღვინის სამშობლო“ ფარგლებში გაიმართა და მას  „ტოკიო მარინ ჰოლდინგსის“ პარტნიორი კომპანიების დირექტორები, იაპონიის ეკონიმიკის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრნენ.


სტუმრებს საქართველოში ვიზიტის დროს მიღებული შთაბეჭდილებები  „ტოკიო მარინის ჰოლდინგსის“ თავმჯდომარემ და კომპანია „სონის“ დირექტორმა შუძო სუმიმ და ცნობილმა სატელევიზიო წამყვანმა, ჰიტოში ქუსანომ გაუზიარეს.


ქართული ღვინის უნიკალურ თვისებებზე  ცნობილმა სომელიემ აძუსა სეგავამ ისაუბრა, ხოლო იაპონიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელმა, დავით გოგინაშვილმა სტუმრებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, საინვესტიციო კლიმატისა და ქართულ-იაპონური ურთიერთობების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.


პრეზენტაციის შემდეგ  სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია გაიმართა.


სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს იაპონურ ბაზარზე.  ასევე ხაზი გაესვა, რომ ღვინის გარდა საქართელო ასევე საინტერესოა ტურიზმის, ინვესტიციებისა და ვაჭრობის კუთხით.


პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის  ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია  „ქართული ღვინო“ არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-ის  პარტნიორობით. ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე. საგამოფენო ცენტრში „Terrada Warehouse“ გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“  10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება.


მსგავს თემაზე:

იაპონიაში ხისგან ალკოჰოლური სასმელი მიიღეს


იაპონიასთან სავიზო რეჟიმი გამარტივდება


ჩინეთში ღვინის გამოფენაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობს


სამეგრელოში კოლხური მეღვინეობა-მევენახეობის რუკა შეიქმნა



სხვა სიახლეები