• Ƀ/$

დრო, როდესაც 600 000-ზე მეტი მოქალაქე იყო შავ სიაში, აღარ დაბრუნდება – პრემიერ–მინისტრი

4 აპრილი 15:40 | ფინანსები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე, საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა.

მედიის წარმომადგენელის კითხვის თანახმად, ბიზნესი, როგორც სამშენებლო სექტორში, ისე ტექნიკის მაღაზიების მიმართულებით, გამოსავალს შიდა განვადებების დაწყებაში ხედავს. ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ ხედავს პრემიერი რისკებს იმაში, რომ არასაფინანსო საქმიანობით დაკავებულმა კომპანიებმა განვადებების კეთება დაიწყონ, მითუმეტეს, რომ არ არიან ეროვნული ბანკის რეგულაციების ქვეშ.


მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობას თითოეული რისკი გაანალიზებული აქვს:


„როცა ვსაუბრობდით პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემაზე, იქ თითოეული რისკი იყო გაანალიზებული. მესმის, რომ ბიზნესი პროაქტიულია, ამას მხოლოდ მივესალმები. ბიზნესი არ ითმენს, ასევე არ ითმენს ის, რომ საქართველოს აქვს უნიკალური შედეგები მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების თვალსაზრისით. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ მედლის ერთ მხარეზე, მეორეც არ უნდა დაგვავიწყდეს. საქართველო დაძლევს სიღარიბეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შევძლებთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას იმ ტემპებით, რომელსაც ვახორციელებთ.


რაც შეეხება სამშენებლო სექტორს, მათ აქვთ ძალიან დიდი წვლილი ჩვენს შიდა პროდუქტში და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ სექტორს განვითარების ძლიერი საფუძვლები ჰქონდეს და არ გვქონდეს ისეთი რეგულაციები, რომელმაც შეიძლება ამ სფეროში გარკვეული ხარვეზები გამოიწვიოს, მათ შორის ერთ-ერთი ასეთი რეგულაცია იყო, რომელიც წინა კვირას რამდენიმე  წლით გადავავადეთ. რაც შეეხება დაფინანსებას და იპოთეკურ სესხებს, მივესალმები, რომ რამდენიმე ბანკმა მნიშვნელოვნად შეამცირა ლარში საპროცენტო განაკვეთი და ეს არის ერთადერთის წორი გზა. ლარიზაცია, პროცენტების შემცირება იმისთვის, რომ ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალი ბინების შეძენა და იპოთეკური სესხები. ეს არის სწორი გზა  და ისეთი გზა, რომელიც არ შექმნის რისკებს ჩვენი ეკონომიკისთვის.


რაც შეეხება განვადებებს ტექნიკის მაღაზიებში სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, მივესალმები ყველაფერს, რომელიც მოქცეულია საკანონმდებლო ჩარჩოში და იზიარებს იმ სულისკვეთებას, რომ საქართველოში უნდა არსებობდეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა და წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხები არ უნდა გაიცემოდეს. 600 000-ზე მეტი მოქალაქე იყო შავ სიაში, ეს საქართველოში აღარ დაბრუნდება“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


1–ლი იანვრიდან საქართველოში გამკაცრებული საბანკო რეგულაციები სრული მასშტაბით ამოქმედდა. ცვლილებების თანახმად, მსესხებელს აღარ შეუძლია უძარვი ქონების იპოთეკით დატვირთვა, თუ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. სესხის გაცემა იკრძალება პირზე, რომელსაც დადასტურებული შემოსავალი არ გააჩნია, ხოლო მათზე, ვისაც აქვს შემოსავალი, ლიმიტები წესდება. PTI კოეფიციენტის თანახმად, 1000 ლარამდე ხელფასის მქონე პირებისთვის სესხის მოსახურებისთვის მაქსიმალური ზღვარი ხელფასის 20%–ით განისაზღვრა, ანუ მას, ვისაც 800 ლარი აქვს ხელფასი, ვერ აიღებს ისეთ სესხს, რომლის მომსახურებაც თვეში 160 ლარზე მეტი დაუჯდება.


მსგავს თემაზე:

ანდრია გვიდიანი საბანკო რეგულაციებზე Fitch-ის დადებით შეფასებას ეთანხმება


ახალი საბანკო რეგულაციები ძალაში შევა არაუგვიანეს 15 ნოემბრისა


საბანკო რეგულაციები შესაძლოა შერბილდეს



სხვა სიახლეები