• Ƀ/$

პირველი ქართული საქმიანი ქსელი ამოქმედდა

4 აპრილი 16:51 | კომპანიები

საქართველოს ბაზრისთვის პირველი ქართული საქმიანი ქსელი WORCO ამოქმედდა.

ახალი ციფრული პლატფორმა worco.ge საშუალებას იძლევა მარტივად და საქმიანად ბიზნესი და ფიზიკური პირები ერთმანეთთან დააკავშიროს.


„ეს არის საქმიანი ქსელი პროფესიული განვითარებისთვის და იდეების გაცვლისთვის. პროექტის დამუშავების ეტაპზე, ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა ციფრული პლატფორმა, რომელიც ადგილობრივი სამუშაო ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს და მას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის“, - აღნიშნა WORCO-ს ბიზნესის განვითარების დირექტორმა ლიკა ბახტაძემ.


საქმიან ქსელში ფიზიკური პირების რეგისტრაცია უფასოა. რაც შეეხება ბიზნესს, კომპანიებისთვის უფასო და დამატებითი პრემიუმ სერვისები მოქმედებს.


უფასო სარგებლობისთვის განკუთვნილი სერვისების გამოყენება კომპანიებს შეეძლებათ ბრენდის ცნობადობის გაზრდისთვის და მარკეტინგული მიზნებისთვის. „ბიზნესისთვის მთავარი უპერატესობა ქსელის სერვისების „ერთი ფანჯრის“ პრინციპით სარგებლობაა. კერძოდ, დამატებითი პრემიუმ სერვისები ბიზნესს საშუალებას მისცემს ინტერნეტ მარკეტინგის გარდა, შეუზღუდავად ისარგებლოს ფიზიკური პირების მონაცემთა ერთიანი ბაზით, გამოაცხადოს ახალი სამუშაო ადგილები და რეზიუმის ელექტრონული ფოსტით მიღების პრაქტიკა WORCO-ს პროფილის ბმულით ჩაანაცვლოს, მარტივად მიიღოს და განიხილოს დასაქმების მსურველთა ახალი მონაცემები. ასევე, შექმნას „შავი სია“, სპეციალური შეფასების სისტემის გამოყენებით შეაფასოს თავისი თანამშრომელი და საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს ბიზნესის სხვა წარმომადგენლებს“, - განაცხადა ბახტაძემ.


WORCO-ში დარეგისტრირებული ნებისმიერი იურიდიული პირი სურვილისამებრ ირჩევს მის ბიზნესზე მორგებულ ტარიფს და დამატებითი პრემიუმ სერვისებით შეუზღუდავად სარგებლობს. პრემიუმ სერვისებისთვის განსაზღვრული ტარიფები 1 წლიანია და 200-დან 600 ლარამდე მერყეობს. ლიკა ბახტაძის თქმით, პლატფორმა ბიზნესისა და ფიზიკური პირებს ურთიერთობას გაამარტივებს და მოქნილს გახდის.


მისი განმარტებით, მოქნილი სისტემა შეიქმნა ფიზიკური პირებისთვის ახალი სამუშაო ადგილების მიწოდების კუთხითაც და მათ შესაძლებლობა აქვთ საქმიანი ქსელით სარგებლობის პარალელურად, ახალ ვაკანსიებს მთავარ მენიუში განთავსებული სპეციალური ღილაკით ნებისმიერ დროს გაეცნონ და საკუთარი პროფილის ბმულის გამოყენებით, იქვე გამოხატონ ინტერესი ვაკანსიაში მონაწილეობაზე.


კომპანია მომხმარებელს მუდმივად შესთავაზებს პლატფორმის განახლებულ და ახალ ფუნქციებს. „სატესტო რეჟიმში მუშავდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც პორტალს უახლოეს პერიოდში დაემატება. ასევე მიმდინარეობს საერთაშორისო ვერსიაზე მუშაობა. ქსელის განვითარებით და მომხმარებლებისთვის ახალი ფუნქციონალის შეთავაზებით, WORCO მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებაში”, - აცხადებს ბახტაძე.


სხვა სიახლეები