• Ƀ/$

რა დავუპირისპიროთ რუსული საინფორმაციო არმიის აღჭურვილობას?

9 აპრილი 10:00 | ანალიტიკა

საინფორმაციო ომს და მოწინააღმდეგე მხარეზე ჭორის გავრცელებას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, თუმცა მან განსაკუთრებულ მასშტაბებს XX-XXI საუკუნეებში მიაღწია, რომლის მსხვერპლი საქართველოც აღმოჩნდა.

ფარაონები 4000-4500 წლის წინ თავს ღმერთებისგან დანიშნულად ასაღებდნენ, რაც მათ მმართველობას ამარტივებდა და მოსახლეობის მორჩილების სრულ გარანტიას იძლეოდა. ღმერთთან ასეთ კავშირებზე ზოგიერთ დაპყრობილ ქვეყანაში არც ალექსანდრე მაკედონელს უთქვამს უარი. 1212 წელს ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობა დაიგეგმა, მაგრამ 30 000-მდე ბავში საბოლოოდ მონად გაიყიდა. ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანია ტყვეების კანისგან საპნის მიღებაში დაადანაშაულეს, რაც ტყული აღმოჩნდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების ფორმაში გადაცმილმა ენკავედეს ჯარისკაცებმა რამდენიმე რუსული სოფელი გადაწვეს რათა მოსახლეობაში გერმანიისადმი ზიზღი ჩაენერგათ. საინფორმაციო ომი განსაკუთრებულ სიმაღლეზე სწორედ რუსეთმა აიყვანა.


1921 წელს „აჯანყებულებმა“ მართლაც მიმართეს დასახმარებლად საბჭოთა რუსეთს, ოღონდ საოკუპაციო ჯარის შემოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ. ასეთი კაზუსის მიუხედავად კრემლი დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ჯარი მხოლოდ აჯანყებული პროლეტარიატის დასახმარებლად გამოგზავნა. პროცესი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც გაგრძელდა და დღემდე არ შეწყვეტილა.



1989 წლის 9 აპრილს, როდესაც მშვიდობიანი მანიფესტანდები, მათ შორის სკოლის მოსწავლეები სანგრის სათხრელი ნიჩბებით დახოცეს და მომწამლავი გაზიც გაუშევეს, კრემლი მსვერპლს ჭყლეტას აბრალებდა.



1991 წელს ფრანგულ გაზეთ „ლე მონდეში“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტმა გამსახურდიამ ეთნიკურად ოსებს 1 შვილზე მეტის ყოლის უფლება აუკრძალა. ცხადია ეს ტყული იყო, რაც შემდგომ დადასტურდა, მაგრამ გარკვეული განწყობები მაინც შექმნა. იმავე პერიოდში ცხინვალის რეგიონში ეთნიკურად ქართველები ხეზე მიაბეს და ცოცხლად დაწვეს. ევროპაში მათი ფოტოებიც გავრცელდა, ოღონდ საწინააღმდეგო შინაარსით, რომ თითქოს ქართველები წვავდნენ ოსებს ცოცხლად. თბილისმა რეგიონის უდიდეს ნაწილზე კონტროლი სწორედ ამ დროს დაკარგა.


აფხაზეთის ომის დროს რუსეთი 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში კონფლიქტში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფდა და მხოლოდ მომრიგებლის როლს ითავსებდა. რუსულ თვითმფირნავებზე ერთი პასუხი ჰქონდა, რომ ისინი სინამდვილეში ქართული იყო, ოღონდ რუსული დროში ფერებში გადაღებილი და საქართველო თავად ბომბავდა საკუთარ ქალაქებს.



90-იანი წლების მიწურულ და 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ბაქო-თბილის-ჯეიჰანისა და ნატოში შესვლაზე საუბრები გააქტიურდა – გააქტიურდა რუსეთიც, რომელმაც პანკისში არარსებულ ტერორისტებს დაუწყო საჰაერო დაბომბვა. ამ დროს რუსეთში ეფესბეს მიერ უკვე აფეთქებულია საცხოვრებელი კორპუსები, ჩეჩნეთის მეორე ომი დასრულებულია და არაღიარებულ იჩქერიის რესპუბლიკას დამთავრებული აქვს არსებობა.



2008 წელს, ინტერვენციის დაწყებისთანავე, რუსეთმა საქართველო 2000 მშვიდობიანი ოსის მკვლელობაში დაადანაშაულა. ინტერნეტი გადაივსო ფეიკ–სტატიებით, სადაც აღწერილი იყო, როგორ "ხვრეტდნენ" ქართველი ჯარისკაცები სარდაფებში დამალულ ბავშვებს. რეალურად საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით ჭურვები მხოლოდ რუსეთმა გაუშვა. მანვე გამოიყენა კასეტური ბომბები, რომელსაც გორში ქართველებთან ერთად ნიდერლანდელი ტელე ოპერატორიც ემსხვერპლა. იგივე სისტემის ბომბი საქართველომაც გამოიყენა, ოღონდ საომარი მოქმედებების დროს და რუსეთისგან განსხვავებით, ეს არც უარჰყვია.



2008 წლის ომში რუსეთი აქტიურად საუბრობდა ამერიკული ცოცხალი ძალის მონაწილეობაზე, რაც ასევე მტკნარი სიცრუე იყო. ჯარისკაცებს ამერიკული მხოლოდ იარაღის მცირე ნაწილი გააჩნდათ ძირითადად ავტომად M4-ების სახით და დიდად ისიც ვერ გამოიყენეს.


იმავე 2008 წლის ომში ერთ-ერთი პირველი დარტყმა მობილური კავშირის ანძებს მიადგა, რამაც კომუნიკაცია მნიშვნელოვნად გაართულა. ჰაკერებმა პრეზიდენტის საიტი გატეხეს და მასზე ჰიტლერის ფოტოები განათავსეს.



რუსეთი ამტკიცებს, რომ საკუთარი მოქალაქეების დაცვის გარდა ერების თვითგამორკვევის იდეას ემხრობა და მცირე ერებს განადგურებისგან, აგრესორი საქართველოსგან იცავს, ეს მაშინ, როდესაც 7 წლის განმავლობაში დამოუკიდებლობის მოსურნე 1.4 მლნ-იან იჩქერიის რესპუბლიკაში (ჩეჩნეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია) 2 ომს 200 000-მდე უდანაშაულო ადამიანი, მათ სორის  50 000-მდე ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.



ჰიბრიდული ომი დღესაც, არასაომარ სიტუაციაშიც აქტიურად მიმდინარეობს. ბოლო პერიოდში მრავალმხრივი შეტევის ობიექტად ე.წ. ლუგარის ლაბორატორია იქცა. რუსეთის მტკიცებით ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღები მზადდება, ვრცელდება სხვადასხვა სახის მომაკვდინებელი ვირუსი, რომელსაც საკმარისი მასშტაბის შემთხვევაში კაცობრიობის განადგურებაც კი შეუძლია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი - იგივე ლუგარის ლაბორატორია, მართლაც აშშ-ის ფინანსური დახმარებით აშენდა, მაგრამ 2013 წლიდან ის მთლიანად ქართულ მხარეს ექვემდებარება და სრულიად საქართელოს ბიუჯეტი აფინანსებს. ის მე-3 დონის ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიაა, (რუსეთში მე-4 დონისაც არსბობს). ქართულმა მხარემ რუსეთს ლბაორატორიის სრული ერთობლივი შემოწმება რამდენჯერმე შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.



რუსეთის კიდევ ერთი მესიჯი ასეთია: „რუსეთი კი ოკუპანტია, მაგრამ ოკუპანტია თურქეთიც, ტაო-კლარჯეთი აფხაზეთზე დიდია“. ჯერ ერთი თუ ტაო-კლარჯეთს ვახსენებთ მაშინ სოჭიც უნდა გავიხსენოთ, რომელიც ისტორიულად ასევე საქართელოს შემადგენლობაში შედიოდა. მერე მეორე ტაო-კლარჯეთის დიდი ნაწილი, ყარისის ხელშეკრულებით გადაეცა თურქეთს, რომელიც საქართველოს ნების საწინააღმდეგოდ, ოკუპაციის შემდეგ 1921 წლის 13 სექტემბერს გაფორმდა, რატიფიცირება კი 1922 წლის 11 სექტემბერს განხორციელდა. ანტითურქული განწყობების გაღვივებას გარკვეული ძალები 1 ყალბი ფოტოთი რამდენჯერმა შეეცადნენ. ფოტოზე ახალგაზრდა კაცის ცხედარია გამოსახული წარწერით „თურქეთში ქართველი ბიჭი ცემით მოკლეს“. ზოგიერთ სტატიაში ძალადობის მიზეზად ქართველის მიერ ქურთუკის მოპარვის მცდელობა სახელდებოდა. სინამდვილეში კი ფოტოზე ადგილობრივია გამოსახული, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.



რამდენჯერმე გავრცელდა ყალბი ფოტო, სადაც „მაჩაბლის ქუჩა“ „ირანის ქუჩის“ სახელით იყო მოხსენიებული. საკრებულოს განმარტების გაკეთებაც მოუხდა, რომ თბილისში ირანის ქუჩა არ არსებობს.



ჯერ კიდევ 2013 წელს თბილისის ზღვაზე 126 000 ჩინელი უნდა დაესახლებინათ. მიმდებარე ტერიტორიაზე ჩინური „ჰუალინგ ჯგუფი“ კორპუსებს დღესაც აშენებს, მაგრამ მათი ბინადარი უმეტესწილად ქართველია. ჩინელები საქართველოში 10 წლის წინაც ცხოვრობდნენ და ახლაც, მაგრამ მათი რაოდენობა 126 000-ზე სულ ცოტა 1 ნულით ნაკლებია.


2012-2017 წლებში საქართველოს მოქალაქეობა სულ 32 000 პირს მიენიჭა, რომელთაგანაც 19 600, ანუ 61% რუსეთის მოქალაქე იყო. იმავე პერიოდში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შეძენილი უძრავი ქონების სტატისტიკას თუ ვნახავთ აღმოვაჩენთ რომ რუსეთის მოქალაქეებზე 53% მოდის. ამის მიუხედავად სისტემატურად მუსირებს, „გაჩინელების“, გაირანელები“ და „გათურქების“ რისკები.



რუსული საინფორმაციო ომის ნაწილია ბიზნესმენისა და ლტოლვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა. საქართველოში ლტოლვილები, რომელთაც დაბინავება და გამოკვება სჭირდებათ, არ ცხოვრობენ, ისინი უფრო ევროპის განვითარებულ ქვეყნებს აკითხავენ. უცხოელი მეწარმე კი, რომელიც საქართველოში საქმიანობს, გადასახადებს იხდის და რისკი იმისა, რომ რომ რამეს დააშავებს, დაბალია, რაგდან ლტოლვილისგან განსხვავებით დასაკარგი გააჩნია. მარცხენა ფოტოზე ლტოლვილთა ბანაკია საბერძნეთში, მარჯვენაზე უცოური ინვესტიციით გახსნილი კაფე აღმაშენებლის გამზირზე.



რაც შეეხება სარწმუნოებისა და მორალის მხარეს, რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც საქართველოს ავტოკეფალია გაუუქმა. ოფიციალური სტატისტიკითაც კი რუსეთში აბორტების რიცხვი, მათ შორის 15 წლამდელთა ასაკში, ასევე შიდსით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი ყოველ 100 000 მცხოვრებზე საშუალო ევროპულს მნიშვნელოვნად აღემატება. რუსეთი კი ის ქვეყანაა, სადაც სტატისტიკური მონაცემები არც თუ ისე სანდოა.



რუსული მითები ყოველთვის კრემლის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდან არ ჟღერდება, ხშირად იქმნება იმის ილუზია, რომ მისი ავტორი ადგილობრივია, თუმცა მისი ფუნქცია მხოლოდ გამხმოვანებლის როლით შემოიფარგლება.


მსგავს თემაზე:

2008 წლის ომის გამო დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქის დანაკარგი თვეში 170 ლარს შეადგენს


კონდოლიზა რაისის განცხადებით 2008 წელს თბილისი ვაშინგტონის ძალისხმევით გადარჩა


2008 წლის ომის დროს გარემოზე მიყენებულმა ზარალმა 1 მლრდ-ს გადააჭარბა



სხვა სიახლეები