• Ƀ/$

საქართველოსა და ბულგარეთის ეკონომიკის მინისტრებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს

5 აპრილი 10:25 | ეკონომიკა

ბულგარეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ბულგარეთის ეკონომიკის მინისტრს ემილ კარანიკოლოვს შეხვდა, რომლის დროსაც მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

აღინიშნა, რომ საქართველოსა და ბულგარეთს ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ, რომელთა შორისაც თანამშრომლობა არაერთ მიმართულებას მოიცავს. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო განვითარებას, ორი ქვეყნის საქმიან წრეებს შორის დაახლოების პროცესის ხელშეწყობას და სხვ. ასევე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ურთიერთობას რეგიონული თანამშრომლობის ჩარჩოებში.


გიორგი ქობულიამ ბულგარელ კოლეგას გააცნო საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, რომლის გამოც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ ქვეყნის ეკონომიკა რეგიონის ერთ-ერთ დინამიურად ზრდად ეკონომიკებს შორის დასახელდა. ასევე ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს რეგიონში და მათი გადაჭრის გზებზე, მათ შორის, ურთიერთთანამშრომლობის კონტექსტში.


ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, აღინიშნა, რომ 2018 წელს ვაჭრობა საქართველოსა და ბულგარეთს შორის 29 პროცენტით გაიზარდა და 440 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, ამ მაჩვენებლით ბულგარეთის საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა შორის მე-9 პოზიციაზეა. ასევე 39 პროცენტით გაიზარდა ბულგარეთში საქართველოს ექსპორტი. ამავე დროს მხარეებმა აღნიშნეს, რომ სავაჭრო კავშირები უნდა განვითარდეს.


განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე, რომელიც არაერთხელ დადებითად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. მათ შორის, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგით, რომელმაც 2019 წელს საქართველო მე-6 პოზიციაზე განათავსა. საქართველოში ბულგარული ინვესტიციებზე საუბრისას, აღინიშნა, რომ 2018 წელს ბულგარეთიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 89 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.     


შეხვედრაზე გიორგი ქობულიამ ბულგარელი კოლეგა თბილისში დაგეგმილ აბრეშუმის გზის ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.


შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას. განსაკუთრებით ხაზი გაესვა არსებული საავტომობილო და სარკინიგზო საბორნე მიმოსვლის შემდგომ განვითარებას, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანაზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების ალტერნატიულ დერეფნებთან შედარებით კონკურენტუნარიანობის გაზრდას და მათი გავლით შეუფერხებელ სატრანსპორტო ოპერაციების წარმოებას.


მსგავს თემაზე:

ბულგარეთი რუსულ გაზს ნაწილობრივ აზერბაიჯანულით ჩაანაცვლებს



სხვა სიახლეები