• Ƀ/$

დეცენტალიზაციის ახალი სტრატეგიის უპირატესობები და შესაძლო ხარვეზები

11 აპრილი 10:27 | ანალიტიკა

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი დეცენტრაციზაციის სტრატეგიის ახალი  პროექტის მეტ დაკონკრეტებას და სრულყოფას აუცილებლად მიიჩენევენ ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ახალი დოკუმენტი 2019-2025 წლებზეა გაწერილი და მის სტრატეგიულ მიმართულებებად ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, მისი მატერიალური და ფინანსური გაძლიერება, ასევე სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის მოდელის შექმნა არის განსაზღვრული.


პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, რომელიც მან პროექტის პირველად განხილვაზე გააკეთა, ახალი სტრატეგიის პროექტი მთავარ მიზანს – დეცენტრალიზაციას ემხასურება და მუნიციპალიტეტების გაძლიერებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.


„ამ სტარატეგიის პროექტში უნიკალური ინდიკატორია ჩადებული, რაც მთლიან შიდა პროდუქტში ადგილობრივი თვითმმართველობების შემოსავლების წილის 7%-მდე გაზრდას გულისხმობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და პრიორიტეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ 2025 წლისთვის მუნიციპალიტეტების დაფინანსება იქნება გაზრდილი. თვითმმართველობების გაძლიერება არის მთავარი ამოცანა და ეს მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ სტრატეგიის ახალი პროექტის პირველადი განხილვის შემდეგ.


დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგიის თემაზე M2B დარგის ექსპერტებს ესაუბრა. ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა შეფასებებით, სტრატეგიის მიზნები მკაფიოდ განსაზღვრულია, თუმცა, ბუნდოვანია მათი განხორციელების გზები. მათი პოზიციით, მუნიციპალიტეტების სისუსტის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ისინი საკუთრებაში არ ფლობენ ქონებას.


მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი კოკა კიღურაძე აცხადებს, რომ ახალ დოკუმენტში მუნიციპალიტეტებისთვის ქონების გადაცემის შესახებ, ფაქტობრივად, არაფერი წერია. ამის გარეშე კი თვითმმართველობების გაძლიერება შეუძლებელი იქნება.


„ახალ სტრატეგიაში, რომლის განხილვაც მიმდინარეობს, თითქმის არაფერი წერია იმაზე, რომ რეგიონებისთვის ქონების გადაცემა უნდა მოხდეს. ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან ეკონომიკური აქტიურობისთვის  სწორედ  საკმარისი ფინანსებისა და ქონების საკუთრებაში ფლობა არის საჭირო.  გამომდინარე იქიდან, რომ მათ უწევთ ხარჯის გაწევა ინფრასტრუქტურასა და სხვა პროექტებზე, აღარ ჰყოფნით  რესურსები ეკონომიკური დოვლათის შექმნისთვის. ისინი ინვესტორებს ვერ სთავაზობენ მიწებს, რომლებიც რეგიონებშია, რადგან ყველა მათგანი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. შეუძლებელია, 16 000 არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის განკარგვა ცენტრალური ხელიფუფლების დონეზე ხდებოდეს. ამიტომ, ის მიწები, რომლებიც რეგიონებშია, საჭიროა მუნიციპალიტეტებს საკუთრებაში გადაეცეთ“, – უთხრა M2B-ს კოკა კიღურაძემ.


მისივე თქმით, პრობლემას ქმნის ისიც, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს საკმარისი შემოსავლები არ აქვთ. ამის მოგვარება კი მარტივად, საშემოსავლო გადასახადების ნაწილის მუნიციპალურ ბიუჯეტებში დატოვებით არის შესაძლებელი. ეს მოსაზრება გონივრულად არის მიჩნეული 2019-2025 წლების თვითმმართველობების განვითარების სტრატეგიაშიც, თუმცა, არ არის დაკონკრეტებული, შემოსავლის რა წილი უნდა დარჩეს რეგიონებში. ამასთან დაკავშირებით კოკა კიღურაძე ამბობს, რომ არასამთავრობო ჯგუფების მხრიდან მთავრობას კონკრეტული რეკომენდაციები მიეცა. ისინი თვლიან, რომ პირველ ეტაპზე აღნიშნული წილი 20-25% უნდა იყოს და ნელ-ნელა 50%-ს გაუტოლდეს.


ექსპერტი თვითმმართველობების საკითხებში ირაკლი მელაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ცვლილების განხორციელების აუცილებელი პირობა საშემოსავლო გადასახადის იურიდიული რეგისტრაციის მისამართის მიხედვით გადახდაა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტებში თითოეული სამუშაო ადგილის შექმნა ადგილობრივ ბიუჯეტზე უნდა აისახებოდეს.


„საშემოსავლო გადასახადის ნაწილის დატოვება მუნიციპალიტეტის მხრიდან იწვევს ინტერესს, მოიზიდოს უცხოური ინვესტიცია და გააუმჯობესოს ეკონომიკური მდგომარეობა ადგილობრივ დონეზე. ამისთვის კი ერთადერთი სწორი მექანიზმია საშემოსავლოს გადახდა იურიდიული რეგისტრაციის მიხედვით ხდებოდეს. მოქალაქე გადასახადის გარკვეულ ნაწილს იქ უნდა იხდიდეს, სადაც მუნიციპალური სერვისებით სარგებლობს. რაც შეეხება ჩანაწერს, რომ მუნიციპალიტეტების შემოსავლების წილი მშპ-ში 7%-ის ფარგლებში გაიზრდება, ესეც არ არის საკმარისი ოდენობა, რადგან ევროპული მაჩვენებლებით ადგილობრილი თვითმმართველობების საკუთარი შემოსავლების წილი უნდა იყოს მინიმუმ 7% და არა მთლიანი შემოსავლები“, - აცხადებს M2B-სთან საუბარში ირაკლი მელაშვილი.


დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგიის პროექტის განხილვა პარლამენტმა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, 27 მარტს დაიწყო და ჯერ-ჯერობით დამუშავების პროცესშია. ამიტომ, არ არის გამორიცხული, მასში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პირველად, მუნიციპალიტეტების გაძლიერების თემაზე მსჯელობისას, ქონების გადაცემისა და საკუთარი შემოსავლების გზარდის მნიშვნელობაზე არასახელისუფლებო სექტორის პოზიცია მკაფიო და ერთიანია.


სხვა სიახლეები