• Ƀ/$

„სტრატეგია ყოველთვის უნდა პასუხობდეს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან გამოწვევებს“

15 აპრილი 12:53 | ინტერვიუ

რა არის სტრატეგიული დაგეგმვა და რას სთავაზობს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“ ამ კუთხით კლიენტებს - ამ საკითხებთან დაკავშირებით, ჯეპრას პროექტების მენეჯერი, საბა ჯაჯანიძე საუბრობს. 

1.    რა არის სტრატეგიული დაგეგმვა და რაში გვჭირდება მისი გამოყენება სამუშაო პროცესში?


სტრატეგიული დაგეგმვა ანალიტიკური და თანმიმდევრული პროცესია, რომლის მთავარი მიზანი, სტრატეგიული აზროვნების შედეგად მიღებული სტრატეგიული ხედვის მიზნებად, ამოცანებად, ოპერაციებად და პროცედურებად გადათარგმნა, დროში გაწერა და პასუხისმგებელი ადამიანების/დანაყოფების იდენტიფიცირებაა.


რაც შეეხება სამუშაო პროცესში მის გამოყენებას, ამ ნაწილში, აუცილებელია გვესმოდეს, რომ ორგანიზაციები, რომლებსაც ფორმალიზებული სტრატეგია აქვთ ბევრად უფრო ეფექტურები არიან, ვიდრე ისეთი ორგანიზაციები, რომლებსაც ჩამოყალიბებული სტრატეგია არ გააჩნიათ ანუ მომავლის თანმიმდევრული, პროცედურული ხედვის გარეშე, ორგანიზაცია კონკურენციას ვერ უძლებს და იღუპება.


2.    რა ეტაპებს გადის ორგანიზაცია სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში?


სტრატეგიულ დაგეგმვაში სამი ძირითადი ფაზა შეგვიძლია გამოვყოთ - შესწავლის, მიზნების დასახვის და სტრატეგიის შემუშავების.


შესწავლის ფაზა ორ ნაწილად იყოფა: შიდა გარემოს ანალიზი და გარე გარემოს ანალიზი. შიდა გარემოს ანალიზი გულისხმობს ორგანიზაციულ, პროცესების და სამუშაოს დონეებზე იდეალური და არსებული შედეგების იდენტიფიკაციასა და ანალიზს. გარე გარემოს ანალიზი კი მოიცავს ისეთი მაკრო-ცვლადების შესწავლას, რომლებსაც ორგანიზაციის საქმიანობაზე გავლენა აქვთ და გარკვეულწილად განსაზღვრავენ მათ სამოქმედო არეალს. გარე გარემოს შესწავლისთვის გამოიყენება PEST (ან მისი ვარიაციები - PESTL & PESTEL) და ორგანიზაციის სფეროში არსებული ტენდენციების ანალიზი.


მიზნების დასახვა დამოკიდებულია შესწავლის ფაზაზე, მენეჯმენტის ხედვაზე,  და აუცილებლად აკმაყოფილებს SMART კონცეფციის კრიტერიუმებს.


სტრატეგიის შემუშავება თანამშრომლობითი, მონაწილეობრივი პროცესია და ორგანიზაციის მენეჯმენტთან, თანამშრომლებთან და დაინტერესებული მხარეების თანამონაწილეობით იქმნება. ამ დროს ხდება წინა ეტაპებზე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი, სტრატეგიული ამოცანების და მათი განხორციელების გზების ჩამოყალიბება. სტრატეგიის შემუშავების პროცესი სრულდება დროში გაწერილი სამოქმედო გეგმის შემუშავებით, ბიუჯეტითა და მონიტორინგისა და შეფასების პროცედურების შემუშავებით.


3.    გვესაუბრეთ სტრატეგიულ დაგეგმვაზე როგორც სერვისზე, რას სთავაზობთ კლიენტებს და როგორ ეხმარებით მათ განახორციელონ სტრატეგიული დაგეგმვა ორგანიზაციაში?


კლიენტებს ვთავაზობთ გამოცდილ გუნდს, ექსპერტულ ცოდნასა და თანამედროვე მეთოდოლოგიებთან და ინსტრუმენტებთან წვდომას. ჯეპრაში დანერგილი საერთაშორისო სტანდარტები პროექტების შესრულების მაღალი ხარისხის გარანტია, ჩვენი გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება და თანამედროვე ინსტრუმენტების ცოდნა კი - ნაცნობ და ახალ გამოწვევებთან ეფექტურად გამკლავების საშუალებას გვაძლევს.


ჩემი აზრით, ჩვენი მთავარი უპირატესობა, კლიენტის მაქსიმალურად მოტივირება და მათი სტრატეგიის შემუშავების ყველა ეტაპზე ჩართულობის უზრუნველყოფაა. შედეგად, ჩვენ ვიღებთ მათი ხედვის შესაბამის ფორმალიზებულ სტრატეგიას, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს ექსპერტულ გამოცდილებასა და თანამედროვე ცოდნაზე.


4.    ყველაზე ხშირად რა ორგანიზაციულ პრობლემებს აწყდებით კლიენტებთან ურთიერთობისას და რა გზები არსებობს ამ პრობლემების გადასაჭრელად?


ხშირად, როდესაც ორგანიზაცია დაგეგმილ შედეგზე ვერ გადის, მენეჯერების საყვარელი ჩვევა - შემსრულებლისკენ თითის გაშვერა და ყველაფრის მათზე გადაბრალებაა. არადა, როგორც პრაქტიკა და თანამედროვე კვლევები გვიჩვენებენ, ორგანიზაციული ჩავარდნები, უმეტესწილად, არასწორად აწყობილი სისტემის ბრალია.


ამ პრობლემის გადასაჭრელად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მენეჯერებმა ორგანიზაცია აღიქვან, როგორც ურთიერთდამოკიდებულ ცვლადთა სისტემა, სადაც ცვლადთა არასწორი განლაგება და/ან ურთიერთდამოკიდებულება, საბოლოო შედეგზე აუცილებლად აისახება.


მაგალითისთვის, საათის მექანიზმში პატარა რგოლის მოშლას, ადრე თუ გვიან, აუცილებლად ექნება ამ საათზე გამოსახულ დროზე გავლენა.


5.    როგორ უნდა დანერგოთ სტრატეგიული დაგეგმვის ინსტიტუტი გუნდში და რა გამოწვევების წინაშე დგება ორგანიზაცია ამ პროცესის განმავლობაში?


სტრატეგიული დაგეგმვისას მნიშვნელოვანია ვიაზროვნოთ სხვადასხვა დროში ანუ სტრატეგია ყოველთვის უნდა პასუხობდეს მოკლე, საშუალო და გრძელვადიან გამოწვევებს. ასევე, სტრატეგიული დაგეგმარების თანამედროვე სტანდარტი, გულისხმობს სცენარების ანალიზს ანუ სტრატეგიის მორგებას მოვლენების შესაძლო განვითარების სავარაუდო ვარიანტებზე.


გუნდში სტრატეგიული დაგეგმვის ინსტიტუციურ დანერგვას აუცილებლად თან უნდა ახლდეს გუნდის შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმედგაცრუებულ თანამშრომელს და შეუსრულებელ გეგმებს მივიღებთ.


ასეთ დროს მთავარი გამოწვევა ოქროს შუალედის პოვნაა - სტრატეგია უნდა დაეფუძნოს ორგანიზაციის რესურსებს და შეძლოს მათი მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება. ზოგადად, სტრატეგიულ დაგეგმარებაში, მზა რეცეპტი არ არსებობს - ყველაფერი დამოკიდებულია გარემოში არსებულ უნიკალურ კონტექსტსა და ორგანიზაციული ცვლადების ურთიერთმიმართებაზე.


სხვა სიახლეები