• Ƀ/$

როგორ და რატომ უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი საქართველოში – რა აფერხებს პროცესს?

16 აპრილი 18:40 | ფინანსები

საფონდო ბაზრის განვითარების გარეშე ზედმეტია საუბარი ეკონომიკის სწრაფ ზრდაზე და სიღირიბის დაძლევაზე. ასე აფასებენ ფასიანი ქაღალდების ბაზრის მნიშვნელობას ეკონომიკის ექსპერტები.

საფონდო და საბანკო სექტორები ფინანსური ბაზრის ორი უზარმაზარი სეგმენტია, ორივე  მოქალაქეების დანაზოგებისა და სხვა ინსტიტუციონალური ინვესტორების საინვესტიციო ფონდების თანხებისათვის "იბრძვის". ამჟამად საქართველოს საფონდო ბირჟა 38 ფასიანი ქაღალდით არის წარმოდგენილი. აქედან სალისტინგო კატეგორიაში A - 9 ფასიანი ქაღალდი, სალისტიგო კატეგორიაში B – 9, ხოლო არასალისტინგო კატეგორიაში 20 ფასიანი ქაღალდია.


M2B-მ გაარკვია, რა აფერხებს კაპიტალის ბაზარის განვითარებას და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ მიმართულების განვითარების ხელშეწყობა.


საბანკო–საფინანსო საკითხებში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე M2B-სთან საუბარში აცხადებს, რომ რომელიმე ერთ მხარეს რაიმე გადახრა და არაპროპორციული მიდგომა ერთ-ერთი სეგმენტის, ბანების ან კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართ, აუცილებლად გამოიწვევს მეორე სეგმენტის სტაგნაციას.


მისი თქმით, სტრატეგიული პარადიგმა, რომ საფონდო საქმიანობა და სადეპოზიტო, საკრედიტო და საანგარიშსწორებო, ანუ საბანკო საქმიანობა მკვეთრად იყოს გამიჯნული (საკანონმდებლო დონეზე) ერთმანეთისაგან, ფინანსური ბაზრის პროპორციულად განვითარების მთავარ წინაპირობად მიიჩნევა. გარდა იმისა, რომ საქართველოში ბანკები ფლობენ ბირჟის აქციებს, ცალკე საკითხია საბროკერო კომპანიები, რომელიც 6 კომპანიის სახით არის წარმოდგენილი, რომელთა შორის 5 არის კომერციული ბანკების საბროკერო კომპანიები.


„საქართველოში საფონდო ბაზრის განუვითარებლობა აჩვენებს მოქმედი კანონმდებლობის ლაფსუსებს, რომელიც 2007 წელს შევიდა ძალაში. ეკონომიკის წამყვანი ინდიკატორი საფონდო ინდექსებია და არა გარე საბირჟო გარიგებების კაპიტალიზაცია. დღეს საექსპერტო წრეებში განვითარებულია თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობა უნდა გამოვიდეს ეროვნული ბანკიდან და შეიქმნას ცალკე სტრუქტურის სახით, როგორც ეს პრაქტიკულად ყველა წამყვანი ეკონომიკის ქვეყანაშია. თავის მხრივ, კომერციული ბანკები, როგორც ინტერსთა კონფლიქტის მატარებელი მხარე, მიზანშეწონილია გავიდნენ საფონდო ბირჟის თანამფლობელობიდან, რადგან საფონდო ბაზრის განვითარების გარეშე ზედმეტია საუბარი ეკონომიკის სწრაფ ზრდაზე და სიღირიბის დაძლევაზე”,- აცხადებს M2B-სთან საუბარში გიორგი ცუცქირიძე.


ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ ბუნებრივია, ეკონომიკური ეფექტი სწრაფი არ იქნება და რეალურ შედეგს დაახლოებით 5-7 წელიწადში მივიღებთ, მაგრამ დაყოვნება პროცესს კი არ დააჩქარებს, პირიქით მხოლოდ შეაფერხებს და რომ საფონდო სეგმენტის განვითარება ბანკებსაც მისცემს საშუალებას, განავითარონ საინვესტიციო საბანკო მომსახურება, რომელიც დღეს პრაქტიკულად არ არსებობს და ამით მნიშვნელოვნად გაზარდონ არასაპროცენტო შემოსავლები.


რა აფერხებს კაპიტალის ბაზრის განვითარებას და რა მექანიზმებით არის შესაძლებელი პროცესის ხელშეწყობა? M2B-ს კითხვებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან ქისტაური პასუხობს.


მისი გამნარტებით, კაპიტალის ბაზრის განვითარება 2 მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. ის ქმნის შესაძლებლობას დანაზოგის მქონე ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, განათავსონ ის და მიიღონ მეტი მოგება და მათ, ვისაც გარკვეული პერიოდით რაღაც თანხა სჭირდებათ, ეძლევათ საშუალება მოიზიდონ ფულადი რესურსები. მისივე თქმით, დღეს საქართველოში საფინანსო მომსახურების ფუნქციას ერთპიროვნულად კომერციული ბანკები ახორციელებენ და ეს გარკვეულწილად პრობლემაა ბაზრისთვის.


„განვითარებულ კაპიტალის ბაზარს შეუძლია ფულადი რესურსების მოძიებაში  კონკურენცია გაუწიოს საბანკო სექტორს და ამით პოზიტიურ გავლენას იქონიოს ფულის ფასზე. რაც შეეხება შემაფერხებელ ფაქტორებს, აქ სამი მიმართულებაა მნიშვნელოვანი: შესაბამისი სამართლებრივი ბაზა, ინსტიტუციონალურად სწორი მოწყობა და დანაზოგების ანუ საინვესტიციო ფონდის არსებობა.  ეს 3 პირობა უმთავრესია ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის. უნდა ითქვას, რომ გასულ წლებში კაპიტალის ბაზარზე გარკვეული პროგერესი შეინიშნებოდა ობლიგაციების გამოშვების სახით“, - უთხრა M2B-ს ლევან ქისტაურმა.


ექსპერტი დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედებას დადებითად აფასებს  და აღნიშნავს, რომ ის ქვეყანაში საინვესტიციო კაპიტალის შექმნაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს.


„რეფორმა, რომელიც საპენსიო სისტემაში მიმდინარე წლის იანვრიდან ამოქმედდა, ქვეყანაში  საინვესტიციო ფულის გაჩენის კარგი შესაძლებლობაა. პერსპექტივაში გრძელვადიანი ფულის არსებობისთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება და კაპიტალის ბაზრის მეტ აქტიურობას უნდა ველოდეთ, მთავარია, რომ საბანკო სექტორი და ფასიანი ქაღალდების ბაზარი ერთმანეთთან ჯანსაღ კონკურენციაში იყვნენ“, - აცხადებს M2B-სთან საუბარში ლევან ქისტაური.


საქართველოს საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ ფონდის თანხების საინვესტიციო პოლიტიკა საინვესტიციო საბჭოს ჩამოყალიბების შემდეგ შემუშავდება. ამჟამად საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც 25 აპრილს დასრულდება და შესარჩევი კომისია მათ სიას დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.


მათი მონაცემებით, ამ დროისთვის საპენსიო დანაზოგების ფონდში 730 000 პერსონალური ანგარიშია გახსნილი და ჯამში 160 მლნ ლარია აკუმულირებული.


საპენსიო ფონდის თანხების ინვესტირების ოდენობებს დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საპენსიო აქტივების 80% ქვეყნის ტერიტორიაზე უნდა იქნას გამოყენებული და უცხოეთში ინვესტიციებისთვის  თანხის მხოლოდ 20%-მდე წილის გაღებაა დასაშვები.


მსგავს თემაზე:

ექსპერტის აზრით, ლარიზაცია საფონდო სეგმენტის განვითარებაზეა დამოკიდებული



სხვა სიახლეები