• Ƀ/$

სამცხე-ჯავახეთში კარტოფილი მკვეთრად გაძვირდა

ექსკლუზივი
22 აპრილი 12:09 | ანალიტიკა

კილოგრამი კარტოფილი დაახლოებით 10 დღის წინ სამცხე–ჯავახეთში 60 თეთრი ღირდა, ახლა კი ბოსტნეულზე ფასი გაორმაგებულია.

M2B-სთან საუბარში მოვაჭრეები ამბობენ, რომ რეგიონში კარტოფილის მარაგი ამოიწურა, მეზობელი ქვეყნებიდან კი შემოტანა შეფერხდა, რამაც ფასის მკვეთრი ცვლილება გამოიწვია.


ალექსანდრე თოფურია კარტოფილის შესაძენად თბილისიდან ახალციხეში ჩავიდა. კილოგრამში 1,2 ლარი გადაიხადა. ამბობს, რომ 250 კილომეტრი ორი მიზეზით გამოიარა: იმპორტირებულ ბოსტნეულს მესხური ურჩევნია და თანაც ახალციხის ბაზარში, დედაქალაქთან შედარებით, კარტოფილი გაცილებით იაფია.


"თბილისში ძვირია, 1,7 ლარი ღირს. ახალციხეში ჩამოვდივარ და ოჯახისთვის თითქმის ყველაფერი აქედან მიმაქვს. ჯობია, ჩვენი სოფლის მეურნეობა განვავითაროთ და გლეხს მივცეთ საშუალება, მეტი მოსავალი მოიწიოს, ვიდრე თურქეთიდან შემოვიტანოთ. იყოს ძვირი, მაგრამ ქართული", - გვეუბნება ალექსანდრე თოფურია და კარტოფილის ტომრებს ავტომანქანაში აწყობს.


დაახლოებით, ერთი კვირაა, ახალციხის ბაზარში კარტოფილს გაორმაგებულ ფასში ყიდის ადგილობრივი თენგიზ ქურდაძე. "ახალქალაქიდან გლეხები ახალციხის ბაზარში ჩამოდიან და კილოგრამ კარტოფილს 1,3 ლარს აფასებენ. ჩვენი მარაგი თვეების წინ იაფად გავყიდეთ".


"ახალციხეში მოყვანილ სათესლე კარტოფილს ვყიდი. ერთი კვირის წინ 30 თეთრი ღირდა, ახლა 50 ღირს. საჭმელი კარტოფილი 1,3 ლარი გახდა. ქვეყანაში ფიზიკურად აღარ არის მარაგი", - ამბობს იაკობ ნადირაძე, რომელიც ბოსტნეულით ახალციხის ცენტრალურ ბაზარში ვაჭრობს.


კარტოფილის ფასის მატებასთან ერთად, იკლო მომხმარებლის რიცხვმა.


"იაფად რომ ვიშოვო მეც მაწყობს, ნაკლებ ფასში გავყიდი. ოთხი დღეა მილაგია კარტოფილი და ვერ გამიყიდია", - გვითხრა დათო ბალახაშვილმა. იგივე საკითხზე ჩივის თენგიზ ვარდიძე, რომელსაც ბაზარში პროდუქცია სოფლიდან ჩააქვს. "ადრე დღეში 2 ტომარას ვყიდდი, დღეს შეიძლება 10-15 კილო გავყიდო. იძახიან ძვირიაო, მაგრამ შაქარი და ზეთიც ხომ გაძვირდა?“.


კარტოფილის ფასის უეცარ ზრდას ყველა ფერმერი ერთი მიზეზით ხსნის.


"კარტოფილს სწორი შენახვა უნდა. გაზაფხულია და აქამდე ნახევარი დალპა და გადაყარეს. სად შემოდგომის წონა და სად ახლა. წყალი აკლდება და წონა იკლებს ძალიან. ამიტომ გაზაფზულამდე მარაგი იწურება. კილოგრამის თვითღირებულება 50-55 თეთრია. ამდენი უჯდება გლეხს", - გვიხსნის ფრიდონ კუბლაშვილი.


კარტოფილი ჯავახეთშიც გაძვირდა. ნინოწმინდელი და ახალქალაქელი ფერმერები, რომლებსაც მარაგი ამ დრომდე შემორჩათ, ამბობენ, რომ გლეხის შრომას ფასი ახლა დაედო. "კარტოფილის ფასის ცვლილებაზე საუბრისას, უნდა გადავხედოთ როგორი მოსავალი ჰქონდათ მეზობელ ქვეყნებში. შარშან მაგალითად, სომხეთსა და თურქეთში არ იყო სახარბიელო მდგომარეობა. თუმცა ყველაფრის მიზეზი სასაწყობე მეურნეობების არარსებობაა. გლეხს არ აქვს საშუალება ტონობით კარტოფილი სათანადო პირობებში შეინახოს, ამიტომ შემოდგომით იძულებულია ყანიდანვე, დაბალ ფასში გაყიდოს", - ამბობს "ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის" ხელმძღვანელი. მახარე მაცუკატოვი პირველი ფერმერია, რომელმაც ჯავახეთის კარტოფილის ბრენდირება, შეფუთვა და მსხვილ სავაჭრო ქსელებში დისტრიბუცია დაიწყო. 2016 წელს "ახალქალაქის კარტოფილი" საქპატენტში გეოგრაფიული ადგილწარმოშობის პროდუქტად დაარეგისტრირა.


"ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ მარაგის გამო, ვერ შევძელით ბაზარზე სტაბილურად ყოფნა. ფასი იმდენად არ არის მთავარი ფაქტორი, რამდენადაც სტაბილური მიწოდება", - აცხადებს მახარე მაცუკატოვი, რომელმაც კარტოფილის მოსავალი შემოდგომითვე ამოყიდა.


ახალციხის სოფელ სხვილისში მცხოვრებმა მოვსეს მოვსისიანმა კარტოფილის დარჩენილი მარაგი ერთი თვის წინ, 75 თეთრად გაყიდა. იჩქარა, იმიტომ, რომ ბოსტნეულის შესანახი სათავსო არ უვარგა. კარტოფილი ულპება და გადასაყრელი ხდება. ამ პრობლემის წინაშე გლეხების უმეტესობა დგას. ბოსტნეულის დასაწყობება განსაკუთრებულ პირობებში უნდა ხდებოდეს.
"დღეს იმპორტით არ შემოდის კარტოფილი, როგორც ვიცი, არც აზერბაიჯანიდან, ამიტომ იქმნება დეფიციტი და ახლა კარტოფილი ლარნახევარი ღირს“, - ამბობს მოვსეს მოვსისიანი.


ფერმერის მოსაზრებას ეთანხმება ახალციხეში სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის დირექტორი. გურამ ჯინჭველაძე ამბობს, რომ ფასის ზრდა ბუნებრივი პროცესია იმ პირობებში, როცა ადგილზე მარაგი ილევა, ახალი კი ჯერ არ შემოსულა.
"იმპორტიორებმა ბაზარი ვერ დაარეგულირეს, ადგილზეც აღარაა, შესაბამისად, მოთხოვნა გაიზარდა და ეს ბუნებრივი მომენტია, არაფერი განსაკუთრებული“.
გურამ ჯინჭველაძის თქმით, ბოსტნეული პაკისტანიდან საქართველოში უკვე შემოსულია, იმპორტიორების გააქტიურება კი ფასს დაარეგულირებს.


თურქეთიდან, ეგვიპტიდან და ირანიდან დაგვიანებულ იმპორტს მიაწერენ კარტოფილის გაძვირებას ახალციხეში ერთადერთ საწარმო „ფრეკოში“, სადაც ბოსტნეულისგან ნახევარფაბრიკატები მზადდება. არასტაბილურობის გამო, საწარმოს პროდუქციაც 20-30%-ით გააძვირა. "ინფორმაცია მაქვს, რომ ირანიდან დიდი ოდენობით კარტოფილით დატვირთული მანქანები უკვე წამოსულია. ნავთლუღის ბაზარში შევა და სავარაუდოდ, ფასიც აქედან დარეგულირდება. მაგრამ ვფიქრობ, 80 თეთრზე ნაკლები არ ეღირება“, - ამბობს ირაკლი ქურდაძე.


ფერმერმა მოვსეს მოვსეისიანმა კარტოფილი ჯერ მხოლოდ ერთ ჰექტარზე დათესა. თუ კარგი სეზონი იქნება, ამ ფართობიდან სამ ტონამდე ბოსტნეულს აიღებს. ნაწილს სათესლედ და საქონლის საკვებად გამოიყენებს, დანარჩენს კი გაყიდის. მოვსესს კარტოფილი ქალაქში არ მიაქვს, კლიენტები ქუთაისიდან და თბილისიდან სხვილისში აკითხავენ. შარშან კილოგრამის ფასი 40 თეთრი იყო, წელს რამდენი იქნება, ჯერ არ იცის.
,,ამას შეჩვეულები ვართ, თუ წელს ზარალი იქნება, მომავალ წელს გამიმართლებს და ასე“, - ამბობს მოვსეს მოვსესიანი.


თუ ამინდი ხელს შეუწყობთ, სხვილისში კარტოფილის თესვას აპრილის ბოლომდე დაასრულებენ. მოსავალს სექტემბერში აიღებენ. მანამდე კი ყველაზე მოთხოვნადი ბოსტნეულის ფასს პაკისტანიდან, ირანიდან ან ეგვიპტიდან იმპორტირებული კარტოფილი დაარეგულებს.


ავტორი: რუსკა გვარამაძე. M2B-ს კორესპონდენტი სამცხე–ჯავახეთში.


მსგავს თემაზე:

კარტოფილის კარგი მოსავალი და დაბალი ფასი მესხეთში


მეკარტოფილეები – „მოჯადოებულ წრეზე“



სხვა სიახლეები