• Ƀ/$

ექსპერტი: მთავარია ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისება, დანარჩენი ყველაფერი დემაგოგიაა

23 აპრილი 09:47 | ანალიტიკა

ექსპერტის საბანკო–საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძის აზრით, ქვეყანამ არა მხოლოდ უნდა უზრუნველყოს ენერგოდამოუკიდებლობა, არამედ გადაიქცეს ელექტრო ენერგიის ექსპორტიორ ქვეყნადაც.

ამ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტი ფეისბუქის გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს:


„მიმაჩნია, რომ თუ ქვეყანას აქვს ჰიდრორესურსების პოტენციალი, დღეს ის მაქსიმალურად უნდა აითვისოს. დანარჩენი, ეკოსისტემაზე გამოკიდება თუ მოსახლეობის ინტერესების "მაქსიმალურად გათვალისწინება", არის წმინდა წყლის დემაგოგია და სიტუაციის ხელოვნური დრამატიზირება, ამ საკითხის პოლიტიზირება და – მეტი არაფერი. ნებისმიერი ენერგეტიკული პროექტი, მისი საინვესტიციო ღირებულებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, უნდა ითვალისწინებდეს ეკოსისტემაზე ზემოქმედების ფაქტორებს და რისკებსაც, თავისთავად. კომუნიკაციის პრობლემა ადგილობრივ მოსახლეობასთან ალბათ იყო და არ გამოვრიცხავ, მაგრამ იმ ვანდალიზმს და სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულებას, რაც ჩვენ ვიხილეთ, ოდნავადაც არ ამართლებს.


შემთხვევითი არ არის, რომ ჰიდრორესურსებით ისეთი მდიდარი ქვეყნები, როგორიცაა კანადა და ნორვეგია,მილიარდებს ხარჯავენ ყოველწლიურად ჰიდროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, რითაც, ერთის მხრივ, ზრდიან ექპორტს და მეორეს მხრივ, ქმნიან თავისებურ ეკონომიკურ ბალიშსაც იმ მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ჰიდრორესურსების გამოყენებაში გაცილებით შეზღუდულები არიან! აქედან დასკვნა, ყველა ქვეყანა საკუთარი ენერგოუსაფრთხოების და დამოუკიდებლობის კონცეფციიდან გამოდის!


ნებისმიერი ინვესტორი გადაწყვეტილებას არა ერთი და ორი წლის, არამედ ხშირად 15-20 წლის პერსპექტივით იღებს, ეს განსაკუთრებით სტრატეგიულ ინვესტიციებს ეხება. შესაბამისად, მათთვის უმნიშვნელო არ არის თუ როგორია ქვეყნის ენერგომომარაგების პერსპექტივები, ეს თანაბრად ეხება ინდუსტრიასაც და მომსახურების სფეროსაც. ელემენტარულად, თუ ქვეყანაში იქნება ელექტროენერგიის დფიციტი ან მისი ღირებულება მაღალი იქნება, არა თუ ადგილობრივი წარმოების განვითარება, არამედ ვაჭრობაც ვერ განვითარდება. ელემეტარულად შეზღუდული იქნება კომპიუტერების, ან თუნდაც მაცივრის და უთოს გამოყენებაც კი.


ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, ქვეყანამ არა მხოლოდ უზრუნველყოს ენერგოუსაფრთხოება, არამედ გადაიქცეს ელექტროენერგიის ექსპორტიორ ქვეყნადაც. სხვა შემთხვევაში არც ნანატრი ინვესტიციები შემოვა, არც ადგილობრივი წარმოება განვითარდება და არც სიღარიბე შემცირდება. აი, ეს არის მწარე რეალობა. დიდი ჰესების პირობებში საბჭოთა კავშირის დროსაც კი, როდესაც საკავშირო ქარხნების დეფიციტი ნამდვილად არ გვქონდა, გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში გენერაცია ჩამორჩებოდა მოხმარებას საშუალოდ 2-3 მლრდ კვტ/სთ-ით. თუ დღეისათვის წლიური გენერაცია 12.15 მლრდ კილოვატ საათია, მოხმარება 12.6 მლრდ კვტ/სთ. 2030 წლისთვის სავარაუდო მოთხოვნა დაახლოებით 21 მლრდ კვტ/სთ იქნება, ანუ 67%-ით მეტი. მიმაჩნია, რომ საქართველოს აქვს კარგი შანსი უკვე 2025 წლისთვის გახდეს ელექტროენერგიის სფეროში ნედ-ექსპორტიორი ქვეყანა, ანუ საკუთარი მოხმარება ჩვენივე გენერაციით დავფაროთ. ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ არა მხოლოდ იმდენი ელექტროენერგიის წარმოებას, რამდენიც ჩვენ დაგვჭირდება, არამედ 3.5 მლრდ კილოვატ საათი ექსპორტის შესაძლებლობა გვექნება ჩვენი სეზონური გენერაციის გათვალისწინებით.


რაც შეეხება ეკოსისტემაზე ზემოქმედების რისკებს, რაზეც სამწუხაროდ, ჩვენთან დღეს ყველა, ვისაც ესმის ეს საკითხი თუ არა ესმის, საუბრობს, უნდა გვესმოდეს, რომ ამ ლოგიკით ტყის თუნდაც მცირე მასივის გაჩეხვაც იწვევს გარკვეულ ზემოქმედებას ეკოსისტემაზე, არა თუ მცირე ან მით უმეტეს მსხვილი ჰესი. ამ ლოგიკით რომ ემოქმედა კაცობრიობა ამაზონის ჯუნგლების მცხვრებ ტყის ადამიანთა დონეზე დარჩებოდა და არც ქალაქები იარსებებდა.


დღეს დასავლეთის განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, მართალია, ჰიდრორესურსების ათვისება, გასულ წლებთან შედარებით, ნელი ზრდის ტემპებით ხასიათდება, მაგრამ არა წარსულში გამოყენებული ჩვეულებრივი კაშხლების და წყლის დიდი რეზერვუარის სტილში.


ახალი ენერგოპროექტები მიმდინარეობს ახალი ტექნოლოგიების ფართო გამოყენებით ე.წ. მწვანე ჰესების, ანუ იგივე მწვანე ენერგეტიკის კონცეფციით, რაც მდინარეებზე გვირაბის სისტემას და ჰიდროელექტროსადგურის გამოყენებას ითვალისწინებს, რაც ეკოსისტემაზე ნეგატიურ ზემოქმედებას მინიმუმამდე ამცირებს. გარდა ამისა, ასევე პოპულარულია ძველი კაშხლების აღდგენა და წყლის რეზერვუარების გაწმენდა, რაც ზრდის მათ გამტარიანობის ეფექტურობას და შესაძლებლობებს, და შესაბამისად, სწრაფი რეაგირების საშუალებას ელექტროენერგიის ერთიან ქსელში ჩართვით.


გადაჭარბებულია, თითქოსდა ალტერნატივა მზის და ქარის ენერგიის გამოყენება იყოს. მაგრამ ეს ასეც რომ იყოს, საქართველო არც საჰარაა და არც მექსიკა, მათი სიძვირის და ნაკლებ მდგრადობის გამო. ბუნებრივია, ალტერნატიული ენერგიის წყაროების ჩართვა ხდება ერთიან ელექტროსისტემაში, და განსაკუთრებით ეფექტურია ე.წ. პიკური დატვირთვების განმუხტვისას, მაგრამ ჰიდრორესურსების ელექტროინდუსტრიაში გამოყენების ალტერნატივა არის ან ატომური ენერგიის გამოყენება, ან ქვანაშირზე და გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურების გამოყენება, რაც ეკოსისტემაზე გაცილებით ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს და გლობალური დათბობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.


ჩვენ დღეს გვაქვს არჩევანი – ან უნდა გადავდოთ ეს პროექტები და ცალკეული არასამთავროების თუ ინტერესთა ჯგუფების ჭკუაზე ვიაროთ, ან უნდა მივიღოთ მტკიცე გადაწყვეტილებები, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თუნდაც სახელმწიფოს, კერძო სექტორსა და ადგილობრივ თემებს შორის თანამშრომლობის ფორმატებში. ამის შესაძლებლობას პანკისის შემთხვევაც თავისუფლად იძლევა, მიუხედავად ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან იმ ვანდალიზმის გამოვლინებისა, რაც ამ დღეებში ვნახეთ და რაც ყოველგვარ სახელმწიფო ინტერესებს იყო აცდენილი!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე.


მსგავს თემაზე:

პანკისის ხეობაში 5,4 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობა დაიწყო


ჰიდრო რესურსები ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის – პანკისში ვითარება კვლავ მწვავე ფაზაშია



სხვა სიახლეები