• Ƀ/$

ევროპაში ქართველების ლეგალური დასაქმების შანსები იზრდება

24 აპრილი 16:06 | ეკონომიკა

საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების შანსები უპრეცედენტოდ იზრდება, რადგან დროებითი შრომითი მიგრაციის სქემების განვითარება ქვეყნის დღის წესრიგში სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

იმის გასარკვევად, თუ რა პოტენციალი აქვს ამ მიმართულებით საქართველოს და რომელ ქვეყნებში და რა პროფესიებით შეუძლიათ ქართველებს ლეგალურად დასაქმება, M2B მიგრაციის სამმართველოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სააქრთველოს ოფისს დაუკავშირდა.  


ცნობილია, რომ კვალიფიციური კადრების დეფიციტს ყველაზე მწვავედ ევროკავშირის ქვეყნები განიცდიან. საქართველოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) სამდივნოს ინიციატივითა  და ევროკავშირის მხარდაჭერით 2018 წელს  ჩატარებული კვლევა ცირკულარული მიგრაციის საქართველოს პოტენციალს ეხება. დოკუმენტში წერია, რომ მოთხოვნადი პროფესიები განსხვავდება წევრი ქვეყნების მიხედვით, თუმცა არსებობს საერთო ტენდენციებიც. კერძოდ, ინჟინრების, ხელოსნების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების და ჯანდაცვის პროფესიონალების დეფიციტი  მთელი ევროკავშირის მასშტაბით არსებობს. საქართველოს კი ასეთი კადრების დიდი პოტენციალი აქვს.


კვლევაში წარმოდგენილი რეკომენდაციის თანახმად, საქართველოსათვის  თანამშრომლობის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უნდა იყოს ავსტრიასთან, გერმანიასთან, ბელგიასთან, იტალიასთან, სლოვაკეთთან, სლოვენიასთან, უნგრეთთან, ფინეთთან, შვედეთსა და ხორვატიასთან.


შრომითი მიგრაციის მართვის პროცესზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა. როგორც მიგრაციის სამმართველოს უფროსი გიორგი ბუნტური M2B-ისთან საუბარში აცხადებს, საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება და სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ამჟამად კი პოლონეთში საპილოტე პროგრამა ხორციელდება. თანამშრომლობაზე ხელი მოწერილია საფრანგეთთან და ინტერესი გამოხატულია ისრაელის მხრიდან, ასევე საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების რეალური შანსები არსებობს გერმანიაშიც.


"სამინისტრომ იანვარში საზღვარგრეთ ლეგალურად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. 2016 წლიდან დროებითი შრომითი მიგრაციის საპილოტე პროგრამა ხორციელდება პოლონეთთან რომლის ფარგლებშიც უკვე 52 ადამიანი დასაქმდა. სხვადასხვა მედია სასუალებებით მიმდინარეობს აქტიური საინფორმაციო კაპმპანია მოსახლეობის ინფორმირებისთვის. ასევე გვაქვს კომუნიკაცია  ბიზნეს სექტორთან, რათა საზღვარგარეთ კვალიფიკაცია გაუმჯობესებულმა კადრებმა დაბრუნების შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე შეძლონ დასაქმება. უნდა ითქვას, რომ არსებობს სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის რეალური პერსპექტივები და უახლოეს მომავალში მოქალაქეებს ამ მიმართულებით დასაქმების მეტი შესაძლებობები მიეცემათ“, - უთხრა M2B-ს გიორგი ბუნტურმა.


როგორ მიმდინარეობს პოლონეთში დროებითი შრომითი მიგრაციის საპილოტე პროგრამა და რა შედეგი იქნა მიღწეული ამ დროისთვის? ამ კითხვებით M2B-მ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ტექნიკურ მრჩეველს ციური ანთაძეს მიმართა. ის განმარტავს, რომ აღნიშნული პროექტი უკვე  2 წელზე მეტია, რაც ევროკავშირისა და სახელმწიფოს მხარდაჭერითწარმატებით ხორციელდება და ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ქართული სამუშაო ძალისთვის რომ კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად მიიღოს ფინანსური სარგებელი.


"ჩვენი მიზანია, სამუშაო სქემა პრაქტიკაში გამოვცადოთ და ვნახოთ, რამდენად ეფექტიანია დასაქმების მიმართულებით მუშაობის ეს სტრატეგია. როგორც შედეგები აჩვენებს, ეს სისტემა საკმაოდ წარმატებულად შეიძლება გამოიყენოს საქართველომ ცირკულარული მიგრაციის სამართავად. ჩვენი პროგრამით დასაქმებულ ადამიანებს ეძლევათ მაქსიმალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეს შესაძლებლობა და რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხრიდან ხელშეკრულების პირობების დაცვა. სწორედ ამიტომ ისინი მობილიზებულები არიან და უცხო ქვეყანაში სამუშაო ვიზის ვადებს თავად აკონტროლებენ“, - აცხადებს M2B-ისთან საუბარში ციური ანთაძე.


მისივე თქმით, პროგრამაში მონაწილე კანდიდატების შერჩევა გარკვეული კრიტერიუმებით ხდება, რომლის ძირითადი ნაწილი კვალიფიკაციის დონესა და ენის ფლობას ეხება, თუმცა აქაც არის გარკვეული შესაძლებლობები. გააჩნია რა მოთხოვნები არის წაყენებული დამსაქმებლის მიერ და არსებობს პოზიციები, რომლებიც უცხო ენის ფლობას არ მოითხოვენ.


რა უპირატესობა აქვს ლეგალურ სამუშაოს და როგორია პოლონელი დამსაქმებლების მოთხოვნები? ამის შესახებ M2B ერთ-ერთ დასაქმებულს ვლადიმერ ელიაევს ესაუბრა.


ის პროფესიით შემდუღებელია და ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 2017 წელს ლეგალური დასაქმების პროგრამით ევროპაში პირველი ნაკადით წავიდა. მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით, მან პოლონეთში დასაქმების შანსი 2 ჯერ მიიღო. ამჟამად კი თავისი სპეციალობით საქართველოში მუშაობს.


„განსხვავება არალეგალურ შრომასთან შედარებით ძალიან დიდია, რაგან ლეგალურ სამსახურში ანაზღაურება სამუშაო საათების მიხედვით განისაზღვრება. გარდა ამისა, თავს გრძნობ დაცულად და გაქვს ჯანმრთელობის დაზღვევა. რაც შეეხება ენის ცოდნის მოთხოვნას, პოლონეთში ძირითადად რუსული ენის კომპეტენციაა საჭირო, თუმცა მე ორჯერ ვიმყოფებოდი სამუშაოდ და ამ პერიოდში პოლონური ენაც შევისწავლე. იქ მიღებული სამუშაო გამოცდილებით კი საქართველოშიც ადვილად დავსაქმდი. მინდა ვურჩიო მათ, ვისაც ნამდვილად უნდა სამსახური და სხვა მიზნები არ ამოძრავებს, მიიღოს მონაწილეობა ამ პროგრამაში",- უთხრა M2B-ს ვლადიმერ ილიაევმა.


23 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საქართველოსთან დროებით ლეგალურად დასაქმების საკითხებში თანამშრომლობის მზადყოფნა პორტუგალიამაც გამოთქვა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ლისაბონში ვიზიტის დროს განისაზღვრა შესაბამისი საკონტაქტო პირები. არნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს დელეგაციის პორტუგალიაში ვიზიტი უკვე იგეგმება, რა დროსაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობი შემდგომი ნაბიჯები განისაზღვრება.



სხვა სიახლეები