• Ƀ/$

რით იზიდავენ ქართველი სუროგატი დედები უცხოელ უშვილო წყვილებს?

1 მაისი 16:45 | ანალიტიკა

კომერციულ სუროგაციას საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება შეუძლია. ამის შესახებ M2B-სთან საუბარში სამედიცინო ტურიზმისა და სუროგაციის სერვისის სპეციალისტები აცხადებენ.

M2B-მ გაარკვია, რამდენად განვითარებულია კომერციული სუროგაციის სერვისი საქართველოში და რატომ არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოს მხრიდან მისი მხარდაჭერა.


საქართველოში კომერციული სუროგაციის გზით პირველი ბავშვი 2004 წელს დაიბადა, თუმცა, კანონით სუროგაცია 1997 წლიდან არის დაშვებული. ქვეყანაში სუროგაციით დაბადებული ბავშვების რაოდენობის ზუსტი მონაცემები, მკაცრი კონფიდენციურობიდან გამომდინარე, არ არსებობს, მაგრამ არაოფიციალური სტატისტიკით, მათი რიცხვი 3000-ს აღემატება. ასევე არაიფიციალური ინფორმაციით, საქართველოში სუროგაციისთვის ყველაზე ხშირად ჩამოდიან ისრაელის, აშშ–ის, ჩინეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები. 


სუროგაციის ბიზნესის განვითარება საქართველოში მნიშვნელოვნად განაპირობა მაღალი კვალიფიკაციის ქართველი სპეციალისტების მომზადებამ, რომელთა უმრავლესობამ შესაბამისი განათლება და უნარები ევროპულ და ამერიკულ კლინიკებში მიიღეს. თბილისის დარგობრივ კლინიკებში ასევე წარატებით მუშაობენ ევროპელი, მათ შორის ესპანელი ემბრიოლოგები.


სუროგაციის სერვისის განვითარების პოტენციალზე M2B სამედიცინო ტურიზმის სფეროს სპეციალისტსა და  „საერთაშორისო სუროგაციისა და დონაციის სააგენტოს“ დამფუძნებელს თამარ გვაზავას ესაუბრა.


მისი განმართებით, კომერციული სუროგაცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება და შესაბამისად, ბოლო 3 წელია, რაც მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. იმ ქვეყნებიდან, სადაც სუროგაციის სერვისი შედარებით იაფი ჯდება, (რუსეთი, უკრაინა, საქართველო) წარმატებულად განხორციელებული პროცედურების რაოდენობის თვალსაზრისით, საქართველოს ყველაზე კარგი შედეგები აქვს.


„წყვილები, რომლებსაც სუროგაციით სარგებლობა სურთ, საქართველოს უპირატესობას რამდენიმე ფაქტორის გამო ანიჭებენ. პირველ რიგში, ეს არის დაბალი ფასი, შემდეგ ქალბატონების ჯანსაღი ცხოვრების წესი, ასევე  ეკოლოგიურად სუფთა და სტუმართმოყვარე გარემო. გარდა ამისა, აქ ჩატარებული პროცედურა მთლიანად შეესაბამება საერთაშორისო ხარისხსა და სტანდარტებს“, - უთხრა M2B-ს თამარ გვაზავამ.


მისივე თქმით, სუროგაციის სერვისის განვითარება ხელს უწყობს ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის ზრდას. ასევე მნიშვნელოვანია ის ფინანსური სარგებელი, რასაც სუროგატი დედები ამ მომსახურებისთვის იღებენ.


„საზღვარგარეთიდან ჩამოსული პაციენტები აქ გარკვეული დროით რჩებიან და სუროგაციისა გარდა, ქვეყნის საკურორტო ზონებითაც ინტერესდებიან. შესაბამისად ამ მიმართულების განვითარება ეკონომიკის ზრდასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. სუროგატი დედის ანაზღაურება საშუალოდ $13 000-დან $16 000-მდე მერყეობს. დადებითი მხარეა ისიც, რომ ქართველ ქალებს აღარ უწევთ უცხო ქვეყანაში სამუშაოდ წასვლა და ისინი ადგილზე, ოჯახისგან მოწყვეტის გარეშე, იღებენ სარგებელს“, - აღნიშნა  M2B-სთან საუბარში თამარ გვაზავამ.


საქართველოში ბიზნესის ამ სეგმენტის კიდევ უფრო განვითარებას სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული რამდენიმე ფაქტორი აფერხებს. კერძოდ, პოტენციურ მშობლებს პრობლემები ექმნებათ ბავშვის რეგისტრაციისა და ქვეყნიდან გაყვანის დროს.


ამ საკითხებზე M2B ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა „რეპროარტის“ იურისტს ნინო ბოგვერაძეს ესაუბრა.


მისი თქმით, პოტენციური მშობლებისთვის ყველაზე დიდ პრობლემას სუროგატ დედასთან და დონორთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება წარმოადგენს. იმისთვის, რომ პოტენციური მშობლები აღიარებულ იქნან მშობლებად, საჭიროა სამოქალაქო რეესტრს წარედგინოს ხელოვნურ განაყოფიერებამდე დადებული, სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება ბავშვის გამჩენ ქალს, წყვილსა და დონორს შორის.


„სხვა ქვეყნის კანონებისგან განსხვავებით, ეს ანონიმურობის პრინციპს არღვევს, გარდა ამისა, წყვილებს ეზღუდებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ სხვადასხვა ქვეყნის სპერმის ბანკში დაცული მასალებით, რადგან საერთრაშორისო სტანდარტებით  დონორების ვინაობა ყველა შემთხვევაში ანონიმურია“, - აცხადებს ნინო ბოგვერაძე M2B-სთან საუბარში.


მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ პოტენციური მშობლები ბავშვის მშობლებად სამართლებრივად აღიარებულნი არ არიან, პრობლემა იქმნება ბავშის ქვეყნიდან გაყვანის დროსაც, რადგან კანონით ამ დროს დაბედების მოწმობაში ორივე მშობლის სახელი უნდა იყოს მითითებული. ამის გამო პოტენციურ მშობლებს უწევთ სასამართლოსთვის მიმართვა და ამ გზით მშობლის სტატუსის მოპოვება.


რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ აღიარებს მშობლების ქვეყნის კანონმდებლობა ბავშვს თავის მოქალაქედ, სხვადასხვა შემთხვევაში მიზეზები განსხვავებულია. თუმცა, არსებობს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად იმისა, ქვეყანა აღიარებს თუ არა სუროგაციის მეთოდს, მისი მოქალაქის სუროგაციის გზით დაბადებული შვილი მაინც უნდა იქნას აღიარებული მოქალაქედ.


„ამ კუთხით ზოგიერთ ქვეყანაში მართლაც არსებობს პრობლემები, მაგრამ უკვე ძალაშია ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, რომ სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვი ცნობილ იქნას მშობლების ქვეყნის მოქალაქედ, მიუხედავად იმისა, ამ ქვეყანაში მიღებულია თუ არა სუროგაციის მეთოდით ბავშის გაჩენა. ამ კუთხით საქართველოს იცავს ბავშვის უფლებას და იმ შემთხვევაში თუ არც ერთი მშობლის ქვეყანა მას მოქალაქედ არ სცნობს, საქართველო აძლევს ბავშვს მოქალაქეობას“, - უთხრა M2B-ს ნინო ბოგვერაძემ.


საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონის 143-ე მუხლის თანახმად, ინ ვიტრო განაყოფიერება, კვერცხუჯრედის დონაცია და სუროგაცია ნებადართულია. დონორს და სუროგატ დედას არ აქვთ დაბადებული ბავშვის მშობლობის უფლება. მშობლებად რეგისტრირდება ის პაციენტები (უშვილო წყვილი) რომლთა უნაყოფობის პრობლემის მოგვარებასაც რეპროდუქციული მედიცინის აღნიშნული ტექნოლოგიები ესაჭიროება.


ერთსქესიანი წყვილების და მარტოხელა პირების მომსახურეობა აღნიშნული მეთოდებით დაუშვებელია.


საქართველოს კანონით ჯანმრთელობის დაცვის შესახებ (მუხლი 143) ხელოვნური განაყოფიერების, კვერცხუჯრედის დონაციის და სუროგაციის მეთოდებით მომსახურეობა დასაშვებია მხოლოდ უნაყოფო ცოლ-ქმრის მკურნალობის მიზნით. საქართველოს კანონმდებლობა წყვილად ცნობს მხოლოდ ქალსა და მამაკაცს.


მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, ბევრ ევროპულ ქვეყანაში, სუროგაცია კანონით ისჯება, კონკრეტულად, ავსტრიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ამერიკის ზოგიერთ შტატში. 


მაგალითისათვის, საფრანგეთში კანონის დამრღვევი პირები იხდიან ჯარიმას 45 ათასი ევროს ოდენობით, ხოლო გერმანიაში, სუროგაციის შედეგად დაბადებულ ბავშვებს მოქალაქეობის უფლება არ აქვთ.


ეკლესიის დამოკიდებულება


საქართველოში სუროგაციისადმი რადიკალური მიდგომა აქვს ეკლესიას. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ უშვილო წყვილებს თავის ეპისტოლეებში არაერთხელ მოუწოდა ბავშვების აყვანისკენ. ის აცხადებდა, რომ კურთხევას არ იძლევა სუროგატი დედებით სარგებლობაზე. 


მანამდე კათოლიკოს–პატრიარქმა ასევე განაცხადა, რომ სამეცნიერო პროგრესმა ეთნიკური პრობლემა შექმნა, გაჩნდნენ სუროგატი დედები. მისივე თქმით, სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ბავშვი ვერ იქნება ბედნიერი


სხვა სიახლეები