• Ƀ/$

როუჰანიმ აშშ–ის ჯარები ტერორისტებად შერაცხა – ქმედითი კანონი, თუ „ქარიშხალი ჭიქაში“?

2 მაისი 13:42 | ანალიტიკა

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ 30 აპრილს ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლითაც ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებულ აშშ-ის სამხედრო ძალებს ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერის სტატუსი მიანიჭა.

პრეზიდენტმა ხელმოწერილი კანონი აღსასრულებლად უკვე გადაუგზავნა ირანის სამხედრო ძალებს, ეროვნული უსაფრთხოების უმაღლეს საბჭოს, ირანის დაზვერვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს.


აღსანიშნავია, რომ აშშ საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და მისი ძირითადი სამხედრო პლაცდარმები სპარსეთის ყურესთან, ირანის სიახლოვეს არის განლაგებული.


ოფიციალური თეირანის ქმედება პასუხია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ აპრილში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა.


ირანის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონის მიხედვით, აშშ-ის ე.წ. ცენტრალური სამხედრო-სამეთაურო „Centcom“, რომელიც აფრიკისა და აზიის კონტინენტებზე ოპერირებს (მას უკავშირდება ახლო აღმოსავლეთსა და ავღანეთში ჩატარებული სხვადასხვა სამხედრო ოპერაციები) და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამხედრო ძალა, სტრუქტურა თუ ორგანიზაცია ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა.


აქვე აღსანიშნავია, რომ დღეიდან, 2 მაისიდან სრულად ამოქმედდა აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანავთობე სანქციები. ოფიციალურმა ვაშინგტონმა გადაწყვიტა აღარ გაუხანგრძლივოს დროებითი ნებართვა ირანული ნავთობისა და გაზის კონდენსატის იმპორტს. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ უკვე გამოიწვია ნავთობის გაძვირება და 1 ბარელი $75–ზე მეტი ღირს.


მიმდინარე მოვლენების ფონზე, ამ ეტაპზე ჯერჯერობით რთულია პროგნოზირება, თუ რა კუთხით განვითარდება აშშ-ირანის სამომავლო ურთიერთობები, რა გავლენას იქონიებს ამერიკულ სამხედრო წარმომადგენლობაზე როუჰანის მიერ ხელმოწერილი კანონი და მოხდება თუ არა სპარსეთის ყურეში დამატებით სიტუაციის გამწვავება.


ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით ყველაზე მეტად მოსალოდნელია ოფიციალური თეირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტის ბლოკირება. ხსენებული სრუტე სპარსეთის ყურეს ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს და მასზე გადის მსოფლიო ნავთობის 40%. შესაბამისად, ის განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია.


მსგავსი კრიზისის განვითარება კი, ნავთობის მსოფლიო ბაზარზე კატასტროფულ ცვლილებებს გამოიწვევს, რაც, ბუნებრივია, პირდაპირ თუ ირიბად, როგორც ნებისმიერ ქვეყანაზე, რომელიც ენერგომატარებლების იმპორტზეა დამოკიდებული, საქართველოზეც აისახება, მნიშვნელოვნად გაძვირდება ნავთობ-პროდუქტები.


ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობები 2018 წლის 8 მაისიდან, მას შემდეგ გამწვავდა, რაც დ.ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება გასულიყო ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმებიდან, რომელიც მათ შორის 2015 წელს გაფორმდა. მას მერე, აშშ ეკონომიკური სანქციებით ცდილობს ირანზე ზეწოლას და არსებული ინფორმაციით სანქციებმა თეირანს $1 მლრდ უკვე დააკარგვინა.


სხვა სიახლეები