• Ƀ/$

გაივლის თუ არა სომხეთის ბირთვული ტვირთი საქართველოზე?

6 მაისი 15:27 | ანალიტიკა

სომხური ბირთვული საწვავის ნარჩენების საქართველოს ტერიტორიაზე გავლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს, ამის შესახებ ეკოლოგები საუბრობენ.

სომხეთის ატომური ელექტროსადგურის (მეწამორის აეს) საცავებიდან ბირთვული საწვავის ნარჩენების საქართველოს გავლით რუსეთში გატანის შესახებ სტატიას გამოცემა „ნოვაია ვრემია“ აქვეყნებს. სომხური მხარის განცხადებით, ერთადერთი რეალური გზა საქართველოზე, ლარსის სატრანსპორტო მონაკვეთზე გადის და სომხეთი მზადაა ამისთვის სოლიდური თანხა გადაიხადოს.


„სატრანსპორტო მარშრუტების არჩევანი, როგორც ცნობილია, არ არის. ქართული მარშრუტის ალტერნატივა პრაქტიკულად არ არსებობს. ირანის მიმართულებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია: თუნდაც ირანელმა პარტნიორებმა ტრანზიტის ნებართვა მოგვცენ, კონტეინერებმა ან თურქმენეთისა და ყახაზეთის ტერიტორია უნდა გაიარონ, ან კასპიის ზღვით უნდა იქნეს გადაზიდული, რაც არარეალურია“, - აღნიშნულია განცხადების ტექსტში.


M2B-მ გაარკვია, რამდენად რეალურია აღნიშნული ტრანზიტის შესაძლებობა და რა საფრთხეებს შეუქმნის ეს საქართველოს.


”საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ თავმჯდომარის ნინო ჩხობაძის განცხადებით, ზოგადად, ბირთვული ტვირთების სატრანსპორტო გზით გადატანა არ არის რეკომენდებული, რადგან ამისთვის სპეციალური, მაღალი ხარისხის კონტეინერებია საჭირო და სომხეთი შესაბამისი ტექნიკით არ არის აღჭურვილი. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი საქართველოსთვის მრავალმხრივი საფრთხის შემცველია, საქმე ეხება ეკოლოგიურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას, ასევე ტურისტული ნაკადის შეფერხება-შემცირების რეალურ რისკებს.


„ჩვენი გზა არის აბსლოუტურად შეუსაბამო აღნიშნული ტვირთისთვის. ლარსის მონაკვეთის რელიეფი არის მკაცრი და არსებობს ტვირთის დაზიანების მაღალი რისკი, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს. სომხური მხარე ტვირთის უსაფრთხოების გარანტორი ვერ იქნება ვერც ტექნკიური და ვერც პოლიტიკური თვალსაზრისით. გარდა ამისა, პრობლემა არის ისიც, რომ კანონით სატრანსპორტო გზით ბირთვული ნარჩენების გატანა აკრძალულია. ასევე გაუგებარია იმ მესამე ქვეყანაში, კერძოდ რუსეთში, ტრანზიტის განხორციელება, ვისთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს“, - აცხადებს ნინო ჩხობაძე M2B-სთან საუბარში.


მისივე თქმით, საქართველოსთვის ყველაზე მთავარი მოსახლეობის უსაფრთხოებაა და  აღნიშნული ტვირთის სპეციფიკიდან გამომდინარე, მის ტრანზიტზე მსჯელობა ერთმნიშვნელოვნად დაუშვებელია. ეს პრობლემა იქნება ტურისტებისთვისაც. ტრანზიტის პერიოდში მათთვის გზა მთლიანად უნდა ჩაიკეტოს, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი იქნება.


M2B-მ საკითხის შეფასებისთვის ოფიციალურ უწყებებსაც მიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ხატია წილოსანის განცხადებით, ამ საკითხზე სომხური მხრიდან ოფიციალური კომუნიკაცია არ ყოფილა. ამასთანავე, ბირთვული ნარჩენების გადატანა საქართველოს ტერიტორიის გავლით, კანონით აკრძალულია.


„საერთაშორისო სამართალი ქვეყანას უტოვებს უფლებას, ბირთვული ტვირთვის საკუთარ ტერიტორიაზე გავლის შესახებ თავად მიიღოს გადაწყვეტილება. საქართველოში კანონით აკრძალულია მსგავსი ტვირთის ტრანზიტი ყველა მიმართულებით. ამიტომ აღნიშნულ თემაზე მოლაპარაკებების დაწყება გამორიცხულია“, - უთხრა M2B-ს ხატია წილოსანმა.    


აღნიშნულ საკითხის შესახებ ინფორმაცია პირველად 16 აპრილს გავრცელდა. მაშინ ერევანმა, გადამუშავებული ბირთვული საწვავის საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთში გატანასთან დაკავშირებით თბილისთან მოლაპარაკებების დაწყების სურვილი გამოხატა.


ამის შესახებ სოჭში გამართულ ფორუმზე „ატომექსპო-19” სომხეთის  ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკრედიტო და საგრანტო პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელმა ვარდან მარტიროსიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.


16 აპრილს ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსული კომპანია „როსატომი“ სომხეთში მეწამორის ატომური ელექტროსადგურის „გაახალგაზრდავების“ ვარიანტებს განიხილავს. ამისათვის რუსი ინჟინრები სადგურის კორპუსის გამოწრთობის ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ ფორუმზე „ატომექსპო-19” „როსატომის“ გენერალურმა დირექტორმა ევგენი სალკოვმა განაცხადა.


მისივე თქმით, სადგურის კორპუსი ლითონის საფარითაა შეკრული, რომლის შიგნითაც ბირთვული რეაქცია მიმდინარეობს. თუმცა, დროთა განმავლობაში ეს ლითონის კედელი თხელდება, ხოლო მისი გამოცვლა უკიდურესად რთული ამოცანაა.


რუსმა მეცნიერებმა წარმოადგინეს კორპუსის მაღალ ტემპერატურაზე გამოწრთობის იდეა, წერს „სპუტნიკ არმენია“. აღნიშნული ტექნოლოგია რუსეთში რამდენიმე ატომურ სადგურზეა გამოცდილი.


მეწამორის ატომური სადგურის მუშაობის ახალ ვადებზე დასკვნას მეცნიერები დადებენ, განაცხადა სალკოვმა. ამჟამად საინჟინრო სამუშაოების კონკრეტული გეგმა მუშავდება.


მეწამორის ატომური ელექტროსადგური


მეწამორის ატომური ელექტროსადგური სომხეთის ქალაქ მეწამორთან, ერევნიდან დაახლოებით 30 კმ-ში მდებარეობს. ელექტროსადგური 1970-იან წლებში აშენდა და შედგება ორი ენერგობლოკისგან ВВЭР-440 ტიპის რეაქტორებით. ერთი ბლოკის სითბური წარმადობა შეადგენს 1375 მბტ-ს, ელექტრული კი — 440 მბტ-ს. იმ პერიოდში გამოყენებული ტექნოლოგია უკვე აღარ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.


ელექტროსადგური აწარმოებს სომხეთის ელექტროენერგიის დაახლოებით 40%-ს. 1988 წელს მომხდარი მიწისძვრის გამო ის დროებით დაიხურა, თუმცა თურქეთისა და აზერბაიჯანის ბლოკადის გამო, რომელმაც ქვეყანაში ენერგოდეფიციტი შექმნა, სომხეთის მთავრობამ 1993 წელს ელექტროსადგურის ერთი რეაქტორი ისევ აამუშავა. მეორე რეაქტორი ექსპლუატაციაში გაუშვეს 1995 წლის 26 ოქტომბერს. არსებული რესურსებით ატომურ ელექტროსადგურს მუშაობა 2016 წლამდე უნდა დაესრულებინა.


სხვა სიახლეები