• Ƀ/$

საქართველოს ტრანზიტით შეშფოთებული რუსეთი

15 მაისი 17:01 | ანალიტიკა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, კასპიის რეგიონში, მისი სახელმწიფოს გვერდის ავლით მიმდინარე და განსახორციელებელი სატრანსპორტო პროექტების გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

„კასპიის რეგიონში სატვირთო გადაზიდვები რუსეთის გვერდის ავლით მიმდინარეობს და აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია ინვესტორების მოსაზიდი სპეციალური პირობების შემუშავება, რომლებიც შესაბამის ინფრასტრუქტურას მოაწყობენ ტვირთბრუნვის ასამოქმედებლად. ასტრახანში მდებარე პორტ „ოლიას“ განვითარების გადაწყვეტილება მრავალი წლის წინ იქნა მიღებული და 2004 წელს პორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზიც აშენდა, მაგრამ სატვირთო მიმოსვლა ჯერ კიდევ შორს არის სასურველისგან. შესაბამისად, პორტი სრული დატვირთვით ვერ მუშაობს. კასპიის რეგიონში სატრანსპორტო-ეკონომიკური მიმოსვლა მუდმივად მზარდია, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაზიდვები რუსეთის გვერდის ავლით ხორციელდება“, - განაცხადა პუტინმა, ასტრახანის მხარეში გამართულ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თემაზე გამართულ შეხვედრაზე.


პუტინის თქმით, მეზობელი სახელმწიფოები საკუთარ ტერიტორიაზე აქტიურად იღებენ სატვირთო ნაკადებს და მსხვილ საპორტო და ლოგისტიკურ კომპლექსებს აშენებენ.


გავრცელებული ინფორმაციით, ასტრახანის „ოლიას“ პორტის ტერიტორიაზე, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის მოსაწყობად საჭირო ინვესტიციის მოცულობა 75 მლრდ. რუბლს შეადგენს, საიდანაც შესაბამისი ინვესტორი 13,9 მლრდ. რუბლს დახარჯავს დამატებით კერძო პორტის ასაშენებლად.


საპორტო პროექტის რეალიზაცია ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის გაზრდას საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორ „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ მიმართულებით. პროექტის ფარგლებში შეიქმნება 2 ათასი სამუშაო ადგილი.


პერსპექტივაში, ყოველწლიური სატვირთო გადაზიდვების მოცულობა რუსეთის გავლით 17-დან 25 მილიონამდე ტონა იქნება. განსახორციელებელი პროექტი ოფიციალურ მოსკოვს მისცემს საშუალებას გახდეს კონკურენტუნარიანი კასპიის და ზოგადად კავკასიის რეგიონში.


მანამდე (19 აპრილს) ასტრახანის მხარის ხელისუფლებამ, საპორტო-ლოჯისტიკურ კომპანია „კასპიასთან“ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვით ლიმანსკის რაიონში აშენდება საკონტეინერო პორტი. შეთანხმების მიზანია - შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაგეგმილი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის უზრუნველსაყოფად.


შური, თუ მუქარა?


უკანასკნელი რამდენიმე თვეა, კასპიის პორტების განვითარების პარალელურად, რუსი ოფიციალური პირები შავი ზღვის პორტებთან დამაკავშირებელი მოდერნიზებული რკინიგზისა და ავტომაგისტრალების აუცილებლობაზე საუბრობენ.


ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში რუსეთის მინისტ სერგეი ჩებორატევის თქმით, კასპიის ზღვიდან ტვირთებისა და მგზავრების ნაკადები უნდა გადამისამართდეს შავი ზღვის პორტებში - ნოვოროსიისკში, ყირიმში და ა.შ. „აღნიშნული არის შესაძლებლობა ეკონომიკის გასავითარებლად. ეს სატრანზიტო პოტენციალია და ამ იდეას ყოველთვის მყარად ვუჭერთ მხარს“, - აცხადებს მინისტრი.


ჩებოტარევის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი აქტიურად ავითარებენ საკუთარ სატრანზიტო პოტენციალს და ზრდიან საკომუნიკაციო ნაკადებს კასპიისა და შავი ზღვის პორტებს შორის.


„ჩვენ უნდა მოვიქცეთ ისე, რომ რუსეთი კასპიისა და შავი ზღვის რეგიონებში მიმდინარე პროცესების აქტიური მონაწილე გახდეს. გვაქვს უდიდესი პოტენციალი, რომ სატვირთო და სამგზავრო ნაკადები ჩრდილოეთ კავკასიაზე გავატაროთ.
წარმოგიდგენიათ - საქართველოში, შავი ზღვის ერთ პატარა სანაპირო მონაკვეთზე მუშაობს ფოთისა და ბათუმის პორტები. ახლა შენდება ანაკლიის პორტი, რაშიც უზარმაზარი თანხები იდება. სამი პორტი - საქართველოს ერთ მცირე მონაკვეთზე. ამიტომ ჩვენ თამაშგარეში არ უნდა დავრჩეთ“, - განაცხადა ჩებოტარევმა.


რუსეთის ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ კავკასიის რეგიონში მათი სატრანზიტო ინფრასტრუქტურა არასახარბიელო მდგომარეობაშია. აქედან გამომდინარე, არსებული ნაკადები აზერბაიჯანისა და საქართველოს პორტებისკენ მიემართება.


ბაქო–(თბილისი)–ყარსი – საქართველოს გარეშე?!


რუსეთი კავკასიის რეგიონს საკუთარი გავლენის სფეროდ აღიქვამს და ყველა მსხვილ ეკონომიკურ პროექტში ჩართვას ცდილობს.


6 მაისს ბაქოში ხელი მოეწერა სს „რუსეთის რკინიგზასა“ და სს „აზერბაიჯანის რკინიგზას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს. აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს ევრაზიული საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების, მათ შორის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების და სატრანზიტო (საექსპორტო-საიმპორტო) გადაზიდვების უზრუნველყოფის შეთანხმებულ განვითარებასა და ექსპლუატაციას.


მხარეები გეგმავენ რკინიგზის სექტორში ყოვლისმომცველი თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის სატრანსპორტო და სატრანზიტო ნაციონალური სარკინიგზო კომპანიების მიმართულებით. კერძოდ, ერთობლივი საქმიანობის რეალიზებას, რომლებიც ხელს შეუწყობენ სატვირთო გადაზიდვებს შემდეგი მიმართულებით: ირანი-აზერბაიჯანი-რუსეთი-ევროპა (საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორ „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ დასავლური მარშრუტის ფარგლებში) და რუსეთი-აზერბაიჯანი-თურქეთი (ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენებით).


ორი ქვეყნის სარკინიგზო კომპანია შეთანხმდა, რომ ერთობლივად მოიზიდავენ დამატებით ტვირთს, საკონტეინერო მატარებლებისთვის, დასავლურ სამარშრუტო კორიდორ „ჩრდილოეთი-სამხრეთზე“ და სხვა მარშრუტებზე.


„რუსეთის რკინიგზის“ დირექტორის, ოლეგ ბელოზეროვის განცხადებით, „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო მაგისტრალი რუსეთის გვერდის ავლით არსებულ ევროპულ სატრანზიტო კორიდორს წარმოადგენდა, მაგრამ რუსეთ-აზერბაიჯანს შორის გაფორმებული მემორანდუმი შეიცავს დებულებებს, რომლის მიხედვით, არსებული მაგისტრალი მჭიდროდ იქნება დაკავშირებული ტრანს-ციმბირულ სარკინიგზო ხაზთან.


გარდა ამისა, რუსეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელები 6 მაისს შეთანხმდნენ ახალი, დამატებითი სარკინიგზო ხაზის (76 კმ სიგრძის) მშენებლობის შესაძლებლობაზე, რომელიც ახალქალაქს ყარსის ლოჯისტიკურ ცენტრთან დააკავშირებს.


„რუსეთის რკინიგზაში“ აღნიშნავენ, რომ მემორანდუმით გათვალისწინებულია ერთობლივი, რეგულარული სატვირთო გადაზიდვები „ბაქო-თბილისი-ყარსის“ გამოყენებით, რომელიც რუსულ რკინიგზას მისცემს შესაძლებლობას, დამატებით სამხრეთ ევროპის მიმართულებით იმუშაოს.


საქართველოს პოტენციალი საკონტეინერო გადაზიდვებში


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რუსი ოფიციალური პირების განცხადებებამდე, უკანასკნელი ორი თვის მანძილზე, რუსი და ქართველი პრო-რუსი აქტორები განსაკუთრებით აქტიურად ცდილობდნენ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტების აშენება საფრთხედ წარმოეჩინათ.


ანაკლიის პორტი, რომელიც დიდი რაოდენობით ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობას იძლევა, რუსეთის გვერდის ავლით, ალტერნატიულ სატრანზიტო მარშრუტს წარმაოდგენს. შესაბამისად, კრემლის ეკონომიკურ გავლენას და მის ინტერესებს ეწინააღმდეგება.


გავრცელებული რუსული მანიპულაციური ნარატივი ძირითადად ემყარებოდა იმ მოსაზრებას, რომ ანაკლიის პორტის პროექტი „ნატოს“ პროვოკაციაა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ამბიციები საფრთხის შემცველია საქართველოსთვის.


რეალურად, საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტების აშენება კომერციული ხასიათისაა, რომელიც მიზნად ისახავს ტვირთბრუნვის ზრდას და მკვეთრად გამოხატული ეკონომიკური პროექტია და სამხედრო მნიშვნელობით არ მოიაზრება.


ღრმაწყლოვან პორტებს, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ევროპისა და აზიის კონტინენტს, რუსეთის გვერდის ავლით დააკავშირებს. შესაბამისად, ქვეყანას საკუთარი სატრანსპორტო, ფინანსური, სამრეწველო და ტურისტული პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობა ეძლევა.


განსახორციელებელი პროექტების რეალიზება საქართველოს გეოსტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყნად აქცევს. ის გახდება ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული საზღვაო წერტილი და რეგიონული სატრანზიტო ჰაბი, სადაც ჩინეთის, ცენტრალური აზიისა და ევროპის ტვირთები იმოძრავებს. შესაძლებელი იქნება დიდი ზომის გემების მიღება, რომელთაც დღესდღეობით საქართველოში არსებული ვერცერთი სხვა პორტი ემსახურება.


დასასრულს, ხაზგასასმელია ის, რომ რუსეთი კავკასიას (საქართველოს) საკუთარი სტრატეგიული ინტერესების ზონად განიხილავს, სადაც ვერ ეგუება დასავლური, დემოკრატიული ტიპის სახელმწიფოს არსებობას და ამ ტერიტორიაზე გავლენის შემცირებას, შესაბამისად, ანაკლიის პორტი და ზოგადად ოფიციალური თბილისის ეკონომიკური პროექტები მის გეოსტრატეგიულ ინტერესებს ემუქრება.


ავტორი: რატი ერისთავი   #მედიალაბორატორია


სხვა სიახლეები