• Ƀ/$

აშშ ახლო აღმოსავლეთიდან დიპლომატების ევაკუაციას ახორციელებს

16 მაისი 12:39 | მედია ბიზნესისთვის - M2B

აშშ-ის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ბაღდადში არსებული საელჩოდან, საკუთარი თანამშრომლების უმრავლესობის ევაკუაცია განახორციელოს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს. 

გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა ასევე გამოიხმო მისი პერსონალის უმეტესობა ერბილში მდებარე საკოსულოდან, რომელიც ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქურთული ავტონომიური პროვინციის ცენტრალური ქალაქია.


სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული ქმედება, ირანთან გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, უსაფრთხოების ზომებს უკავშირდება. ინფორმაცია გამოხმობილთა კონკრეტული რაოდენობის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.


ამავდროულად გერმანიამ და ნიდერლანდებმა მიიღეს გადაწყვეტილება შეაჩერონ საკუთარი წვრთნები რეგიონში. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ბუნდესვერის წარმომადგენლების და ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების მიერ გაკეთებულ განცხადებებში.


ერაყში ამჟამად 160 გერმანელი ჯარისკაცი იმყოფება, რომლებიც დისლოცირებული არიან ბაღდადის რეგიონში, არც ისე შორს ერბილიდან. ხოლო ნიდერლანდელი სამხედროები, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 50 ჯარისკაცზე მეტია, ასრულებენ სპეციალურ მისიას, რომლის მიზანია, ერბილის ძალოვანი ორგანოების წვრთნები.


ოფიციალურმა თეირანმა აშშ-ის ამ ნაბიჯს უკვე უწოდა „ფსიქოლოგიური ომი“ და აქვე განაცხადა, რომ ირანის მხრიდან არანაირი სამხედრო საფრთხე არ არსებობს.


ერაყის პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ მიუხედავად ვაშინგტონსა და თეირანს შორის არსებული რიტორიკისა, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება.


ერთი დღით ადრე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის ხელისუფლებამ ახლო აღმოსავლეთში შესაძლოა 100 000-ზე მეტი სამხედრო გაგზავნოს.


აღსანიშნავია, რომ აშშ-მ სპარსეთის ყურის მიმართულებით უკვე გაგზავნა სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი გემების ჯგუფი.


სიტუაციის გართულება უკავშირდება ამერიკის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების ამოქმედებას. ამან გამოიწვია ირანის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება.


საპასუხოდ ოფიციალურმა თეირანმა შეწყვიტა 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების გარკვეული ნაწილის შესრულება.


აღნიშნული შეთანხმება აშშ-მ გასული წლის მაისში დატოვა.


ევროკავშირი ირანს ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.


მსგავს თემაზე:

აშშ–ის სანქციების მიუხედავად ირანმა ჩინეთში ნავთობი გადაზიდა



სხვა სიახლეები