• Ƀ/$

ანტიდემპინგური კანონის აუცილებლობა და საფრთხეები

17 მაისი 17:18 | ეკონომიკა

არსებობს თუ არა საქართველოში ანტიდემპინგური კანონის მიღების აუცილებლობა – ამ საკითხთან დაკავშირებით დარგის სპეციალისტების მოსაზრებები განსხვავებულია. 

საქართველოს მთავრობამ ანტიდემპინგური კანონპროექტის განხილვა რამდენიმე დღის წინ დაიწყო. განხილვაში სამთავრობო უწყებების, პარლამენტის, ბიზნესის, ექსპერტული წრეებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, ანტიდემპინგური კანონმდებლობა ადგილობრივ წარმოებას დემპინგური იმპორტით გამოწვეული ზიანისაგან დაიცავს. მისი თქმით, კანონპროექტი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების დაცვით მომზადდა და მისი მიღება ადგილობრივ წარმოებას დემპინგური იმპორტით გამოწვეული ზიანისაგან ან ამგვარი ზიანის მიყენების საფრთხისაგან დაიცავს. მისივე თქმით, კანონი ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას.


M2B-მ გაარკვია, არსებობს თუ არა აღნიშნული კანონის მიღების აუცილებლობა და რა შეიცვლება ადგილობრივი ბიზნესებისა და მომხმარებლებისთვის?


ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი აცხადებს, რომ ანტიდემპინგური კანონის არსებობის აუცილებლობა საქართველოში დიდი ხანია დგას. მისი აზრით, ცუდია, როცა ქვეყანას მუდმივად უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს. გაზრდილი იმპორტის პირობებში ზიანდება ადგილობრივი წარმოებები და ამის უამრავი მაგალითი არსებობს, რომელთაგან ის „აგარის შაქრის“ შემთხვევას იხსენებს.


„გასულ წელს „აგარის შაქარმა“ შეწყვიტა ფუნქციონირება იმის გამო, რომ იმპორტირებულმა დაბალფასიანმა შაქარმა მისი წარმოება ჩაძირა. მთელი დაბის მოსახლეობა, რომელიც ამ წარმოებაზე იყო დამოკიდებული შემოსავლის გარეშე დარჩა. საბოლოოდ როგორღაც გამოინახა სასხსრები და კომპანიამ მუშაობა განაახლა. მაშინ რომ გვქონოდა რაიმე ზომების გატარების შესაძლებლობა ჩვენ წინასწარ განვჭვრეტდით მოსალოდნელ შედეგებს და ამ პროცესს გავითარების საშაულებას არ მივცემდით“, - უთხრა M2B-ს შოთა გულბანმა.


აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა კომპანიამ იმპორტირებულ შაქართან კონკურენციაში სისუსტის გამო, 2 თვის წინ წარმოება ისევ შეაჩერა და გაურკვეველია განაგრძობს თუ არა ფუნქციონირებას.


შოთა გულბანის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს ჰქონდეს ანტიდემპინგური კანონი, რომლის ფარგლებშიც იმპორტირებულ საქონელზე გარკვეული კვოტისა და ფასის დაწესების საშუალება ექნება.


„უნდა არსებობდეს მოჭარბებული იმპორტისა და მისგან გამოწვეული შესაძლო ზიანის რისკები გამოვლენის მექანიზმები. ამასთანავე, ეს კანონი ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს და ეს კანონი უცხოელი ბიზნესმენების შეზღუდვად არსად აღიქმება. იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული ზომების მიღებამდე  თითოეული შემთხვევის ინდივიდუალურად გამოკვლევა და სიღრმისეული გაანალიზება მოხდება, ვფირობ, იმპორტიორი კომპანიებისთვის ეს შემაფერხებელ ფაქტორად არ იქცევა“, – ამბობს შოთა გულბანი.


როგორი იქნება ანტიდემპინგური კანონის გავლენა  ბაზარზე და რა შეიცვლება მომხმარებლებისთვის? ამ კითხვებით M2B-მ ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში ლევან ქისტაურს მიმართა.


მისი განმარტებით, ანტიდემპინგური კანონი ბაზრისთვის საჭირო, თუმცა ერთმნიშვნელოვნად დადებითი რეგულაცია არ არის. მას ისეთი გვერდითი ეფექტები ახლავს, როგორებიცაა ბაზარზე იაფიანი პროდუქციისა და კონკურენციის შემცირება. სწორედ ამიტომ, საჭიროა ფრთხილი მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან, რათა არ დაზარალდეს თავისუფალი ბაზრის პრინციპები.


„პირველი, რასაც ამ კანონის მოქმედება გამოიწვევს, ბაზრიდან შედარებით დაბალფასიანი პროდუქტის გაქრობა იქნება. ასევე შემცირდება კონკურენცია ბიზნესებს შორის, რასაც ბაზრის ჩაკეტვა მოჰყვება. ეს პროდუქციის ხარისხსა და ფასზეც იქონიებს გავლენას. კანონი, რომელიც იქნება მიღებული უნდა იყოს გონივრული, კონკურენციის ხელშემწყობი და არა პროტექციონისტული. ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც ადგილობრივი წრამოების პროტექციის გზით შეგვიძლია ვიაროთ“, - აცხადებს M2B-სთან საუბარში ლევან ქისტაური.


მისივე თქმით, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად შესასწავლია. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა კონკრეტული ღონისძიებების გატარებაზე. გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, სადაც დამატებითი მტკიცებულებების წარდგენაა საჭირო. ამიტომ სახელმწიფოს ინტერვენცია უნდა იყოს ადეკვატური და ბაზრის განვიტარების პრონციპებზე დაფუძნებული.


ანტიდემპინგური კანონპროექტის თანახმად, ანტიდემპინგური ღონისძიებების შესწავლა კონკურენციის სააგენტოს დაევალება, რომელიც უფლებამოსილი იქნება როგორც ადმინისტრაციული ორგანოებისგან, ასევე დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისგან მოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია. იგი ვალდებული იქნება გადაამოწმოს მისი ნამდვილობა და ეჭვის შეტანის შემთხვევაში, შესწავლის შედეგების საფუძველზე,  საქართველოს მთავრობას წარუდგინოს დასკვნა წინასწარი ან სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების, გადახედვისა ან გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ.


პროექტის თანახმად, ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების საფუძველი შეიძლება იყოს დემპინგური იმპორტი, ადგილობრივ ინდუსტრიაზე მიყენებული ზიანი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დემპინგურ იმპორტსა და მიყენებულ ზიანს შორის. 


სხვა სიახლეები