• Ƀ/$

1 მბ/წმ ინტერნეტზე ზედა ზღვრული ტარიფი 32-დან 9 ლარამდე მცირდება

21 მაისი 11:10 | ტექნოლოგიები

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევა დაასრულა და მომხმარებლების ინტერესების  დაცვის მოტივით რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. 

პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გლობალური ინტერნეტის საბითუმო ბაზარს ეხება, საბითუმო მომსახურებაზე კომისიამ გლობალური ინტერნეტის ფასი რადიკალურად შეამცირა და ზედა ზღვრული ტარიფი დაადგინა. 2019 წლის პირველი ივლისიდან ერთ მბ/წმ ფასი  32 ლარიდან 9 ლარამდე შემცირდება.  რაც შეეხება საცალო მომსახურეობის ბაზრის სეგმენტებს, კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, აღნიშნული ბაზარი კონკურენტულია და რეგულაციის დაწესების საჭიროება არ გამოვლინდა. 


კომისია კმაყოფილია ბაზრის კვლევის შედეგებით, ვინაიდან  მიაჩნია, რომ  საცალო ბაზარზე რეგულაციების შემოღება, სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა და სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვან შეფერხებას გამოიწვევდა. საცალო ბაზრის რეგულირების ალბათობა კომისიამ ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ტარიფების გაზრდის შესახებ გავრცელებული განცხადების შემდეგ გააკეთა და  მასშტაბური კვლევა დაიწყო. როგორც კომისია აცხადებდა, ბაზარზე ფასების გაზრდის საჭიროება არ არსებობს, რაც კვლევამ დაადასტურა. სწორედ კვლევის  და კომპანიებთან აქტიური მუშაობის  შედეგებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა აიღეს ვალდებულება, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ფასებს არ გაზრდიან,  მობილური მომსახურებების არჩევანის  მრავალფეროვნებას შეინარჩუნებენ და კომისიასთან მომავალშიც აქტიურ კომუნიკაციაში იქნებიან.


ამის მიუხედავად, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თუ რომელიმე კომპანიის მხრიდან მსგავსი ქმედების მცდელობას კვლავ ექნება ადგილი, კომისიას იმაზე მკაცრი რეაგირება ექნება, ვიდრე ეს წინა შემთხვევაში მოხდა და კანონით მინიჭებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს მომხმარებლების უფლებების დასაცავად.


კვლევის შედეგად კომისიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება და ხმოვან საცალო მომსახურეობაზე არსებული ზედა ზღვრული 24 თეთრიანი ტარიფი გააუქმა.


კომუნიკაციების კომისია, როგორც ეს არაერთხელ აღუნიშნავს დარწმუნებულია, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზრის გაჯანსაღების ყველაზე სწორი გზა საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციაა.


მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, 2017 წლის 7 სექტემბერის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე მობილური და ფიქსირებული ქსელის კომპანიებისთვის დადგენილი ურთიერთჩართვის მომსახურების ზედა ზღვრული ტარიფი მობილურ ქსელში 3,5 თეთრიდან 0,75 თეთრამდე, ხოლო ფიქსირებულ ქსელში - 2 თეთრიდან 0,28 თეთრამდე შემცირდა.


ამავე გადაწყვეტილებით, 2019 წლის პირველი აგვისტოდან მცირე და საშუალო ოპერატორებს  საშუალება ექნებათ ერთ მბ/წმ-ზე 50 თეთრად  ჰქონდეთ წვდომა  ამავე კომპანიების ქსელში განთავსებულ „YouTube“-ის,  „Google“-ის და სხვა  საერთაშორისო ვებ-გვერდების ქეშირებულ კონტენტზე.  ამავე ტარიფით კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ პატარა ოპერატორების  მათ ქსელში და მათთვის  ხელმისაწვდომ სხვა ოპერატორის ქსელში განთავსებულ ადგილობრივი ინტერნეტის რესურსებთან დაშვება.


კომუნიკაციების ეროვნული კომისია სატელეკომუნიკაციო ბაზრის გაჯანსაღების  მიზნით 2019 წელს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს.


მსგავს თემაზე:

ინტერნეტის სისწრაფის გაკონტროლება საქართველოშიც შესაძლებელი გახდა


ჩინეთში თავის ტვინის ოპერაცია 5G ინტერნეტით 3000 კმ-ს მანძილიდან ჩატარდა


ოლიმპიური თამაშები 5G ინტერნეტით, 8K ტელევიზიითა და სმარტფონებისგან დამზადებული მედლებით



სხვა სიახლეები