• Ƀ/$

ევროპარლამენტის არჩევნების ანატომია – რა შეიცვლება საქართველოსთან მიმართებაში?

ექსკლუზივი
23 მაისი 15:32 | ინტერვიუ

ევროპის პარლამენტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო ორგანოა, რომლის არჩევა პირდაპირი წესით (1979 წლიდან) ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ხდება.

არჩევნები 2019 წლის 23-26 მაისს ტარდება, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკის განსაზღვრას და კოორდინაციას, როგორც ევროკავშირის შიგნით, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ქვეყნებთან მიმართებაში. მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით სააგენტო M2B ევროკავშირის პოლიტიკის სპეციალისტს, ლუვენის უნივერსიტეტის დოქტორანტს თეონა ლავრელაშვილს ესაუბრა.


-         რომელი პარტიები აპირებენ ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?


ევროპარლამენტის არჩევნები, რომელიც ევროკავშირის ყველა სახელმწიფოში 23-26 მაისს გაიმართება, არა მხოლოდ საინტერესო დინამიკით ხასიათდება, არამედ ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილებასაც მოასწავებს.


არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს პარტიების ფართო სპექტრი 28 წევრი ქვეყნიდან -  კონსერვატორები, მემარჯვენეები, ცენტრისტები, მემარცხენეები, მწვანეები, ევროსკეპტიკოსები, პოპულისტები, ნაციონალისტები, პან-ევროპული პარტიები და ა.შ.


უნდა აღინიშნოს, რომ ეს ეროვნული პარტიები ევროკავშირის დონეზე ჯგუფდებიან და ქმნიან პარტიულ ოჯახებს, რომლებიც ევროპარტიების სახელით არის ცნობილი. მაგალითად, მემარჯვენეები და ცენტრისტები ჯგუფდებიან ევროპის სახალხო პარტიაში (European People's Party), მემარცხენეები - ევროპის სოციალისტების პარტიაში (Party of European Socialists), ლიბერალები – ევროპის ლიბერალების და დემოკრატების ალიანსში (ALDE), მწვანეები ევროპის მწვანეთა პარტიები (European Greens) და ა.შ. 


ჩვენ ვიცით, რომ არჩევნები დიდ ბრიტანეთშიც გაიმართება, რადგან ბრექსიტის მიმდინარეობის პროცესი დროში გაწელილია და შესაბამისად ევროპარლამენტში ვიხილავთ ბრიტანელ პარლამენტარებსაც. სავარაუდოდ მცირე დროით, ბრექსიტის შემდგომ მათ მანდატების დატოვება მოუწევთ (არსებული კომპოზიციით 751 წევრი არის წარმოდგენილი, ხოლო „ბრექსიტის“ შემდეგ რაოდენობა 705-მდე შემცირდება).


-         რომელ პარტიებს აქვთ გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი?


ევრო-არჩევნების შედეგი საბოლოოდ ჯამდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ეროვნული პარტიების მიერ მოპოვებული ადგილების რაოდენობით. შესაბამისად დინამიკას სხვაგვარად უნდა შევხედოთ.


ვგულისხმობ იმას, რომ თუ ზოგიერთ სახელმწიფოში ლიბერალებს გამარჯვების უფრო მეტი შანსი აქვთ (საფრანგეთი, რუმინეთი, ჰოლანდია), ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ლიბერალები იქნებიან დომინანტი პარტია ევროკავშირის დონეზე, რადგან ევროპარტია ეროვნული პარტიების ე.წ. ნაკრებია და მათი საერთო შედეგების ჯამი ქმნის საბოლოო სურათს. 


ზოგადი ტენდეცია კი ასეთია: სავარაუდოდ ევროპის სახალხო პარტიას ეყოლება ყველაზე მეტი წევრი, თუმცა არ ექნება უმრავლესობა. მეორე ადგილზე გავა ევროპის სოციალისტების პარტია, მესამე ადგილს კი სავარაუდოდ ევროპის ლიბერალები დაიკავებენ (იმ შემთხვევაში, თუ მაკრონის პარტია მათ შეურთდება). 


აღსანიშნავია, რომ იტალიის შსს მინისტრის, მატეო სალვინის მიერ ახლახანს შექმნილი მემარჯვენე პოპულისტების ალიანსი სიდიდით მე-4 იქნება, რაც მიუთითებს იმ სამწუხარო რეალობაზე, რომ ევროპარლამენტში პოპულისტების რაოდენობა გაიზრდება, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით გააჭიანურებენ ევროპარლამენტის საქმიანობას;


არსებულ ტენდეციებზე დაკვირვება გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ე.წ. მეინსტრიმული პარტიები კარგავენ ელექტორალურ ბაზას, მაგალითად, „ევროპის სახალხო პარტიას“ 50-მდე ადგილი დააკლდება, სოციალისტებს – 40-ზე ცოტა მეტი, ხოლო პოპულისტურ მოძრაობებს (სალვინის ალიანსს, ნაიჯელ ფარაჟის 5 ვარსკვლავის მოძრაობას (Five Star Movement) ბრექსიტის პარტიასთან ერთად) ადგილები მოემატებათ. მხოლოდ მწვანეთა პარტიები ინარჩუნებენ სტაბილურობას. დამატებით უნდა ველოდოთ ახალი ე.წ. Issue based (სპეციფიურ პრობლემებზე ორიენტირებულ) პარტიების შესვლას, რომლის წარმომადგენლებიც არააფილირებულ ჯგუფს შეურთდებიან;  ეს ყოველივე კი ნიშნავს იმას, რომ მომავალი ევროპარლამენტი იქნება საკმაოდ ფრაგმენტული. პოლიტიკური კოალიციები არ იქნება სტაბილური და გადაწყვეტილებების მიღება გახდება უფრო კომპლექსური.



-         ევროპაში რომელი პოლიტიკური ძალისთვისაა პრიორიტეტული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტი?


ბალტიისპირეთის ქვეყნები, შვედები და პოლონელები (ვიცით, რომ სწორედ შვედეთის და პოლონეთის მიერ იყო ინიცირებული აღმოსავლეთ პარტნიორობის პროოექტი), განსაკუთრებით უჭერენ მხარს პროექტს, ასევე ევროპის კომისია დაინტერესებულია პროექტის წარმატებით.


გარდა იმისა, რომ ეს არის ინსტრუმენტი, რომ ევროკავშირმა თავის სამეზობლოში უზრუნველყოს სტაბილურობა და მშვიდობა, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის წარმატება ერთ-ერთი ინდიკატორია, თუ რამდენად ამართლებს ევროკავშირი საკუთარ ამბიციას, იყოს გლობალური და არა მხოლოდ რეგიონული მოთამაშე.


აქვე აღსანიშნავია, რომ ევროპის სახალხო პარტია, როგორც ევროპარტია, აქტიურად განაგრძობს პროგრამის მხარდაჭერას. მნიშვნელოვანი მოვლენების ფონზე, პარტია იღებს შესაბამის დეკლარაციებსა და რეკომენდაციებს პროექტის მომავლის შესახებ.


რაც შეეხება ევროპის სოციალისტებს – მათი ზოგადი ნარატივიც პოზიტიურია, თუმცა ხშირად ფრთხილი, რუსეთის ფაქტორიდან გამომდინარე.


მწვანეთა პარტიებიც საკმაოდ დიდ ენთუზიაზმს იჩენენ პროექტის მიმართ, ასევე ლიბერალური პარტიების გარკვეული ჯგუფიც; აქ მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ევროპარტიები იდეოლოგიურად მსგავს პარტიებს აერთიანებენ, ევროპარლამენტარების პრეფერენციების დონეზე, ან თუნდაც პოლიტიკის დონეზე, აზრთა სხვადასხვაობა მოსალოდნელია, ამიტომ საქართველომ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებაში (გარდა რადიკალური პოპულისტებისა) უნდა იპოვოს მეგობარი და შექმნას ფართო, მხარდამჭერების ე.წ cross-party კოალიცია. 


-         ძირითადად რა საკითხები იქნება პრიორიტეტული მომდევნო 5 წლის მანძილზე ევროპარლამენტის დღის წესრიგში იმისდა მიხედვით, თუ რომელი პარტია მოვა მანდატების უმრავლესობით?


პრიორიტეტულ საკითხებს შორის იქნება რა თქმა უნდა ბრექსიტი, რასაც მივყავართ უფრო ფართო დებატზე ევროკავშირის მომავლის შესახებ. სხვათაშორის, Future of Europe-ის დებატი არა მხოლოდ პოლიტიკურ და ინსტიტუციურ დონეზე არის აქტუალური ბრიუსელში, არამედ აკადემიურ წრეებშიც.


ასევე განსახილველად მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, თუ როგორ გაგრძელდება თავად ევროკავშირის დაფინანსება (ევროკომისიამ წამოაყენა წინადადება ე.წ. 'Own resouces' ახალი სისტემის შესახებ);


ასევე ვვარაუდობ, რომ წინ წამოიწევს აფრიკის თემა. ევროკავშირს სურს აფრიკასთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი, რათა ხელი შეუწყოს მის განვითარებას, რაც, გარდა სხვა დადებითი შედეგებისა, აფრიკიდან მიგრაციის კონტროლის შემცირებას ისახავს მიზნად. ასევე მეტად პრიორიტეტული იქნება უშუალოდ ევროკავშირის შიდა უსაფრთხოების საკითხი – იქნება ეს კიბერუსაფრთხოება თუ ტრადიციული კრიმინალი, რომელიც ასევე ციფრული ხდება. ორგანიზებული ჯგუფები ინტერნეტს იყენებენ სხვადaსხვა არალეგალური საქმიანობისათვის, როგორიცაა ნარკოტიკებით ვაჭრობა, საკრედიტო ბარათების გაყალბება და ა.შ. ასევე ხელოვნურ ინტელექტის საკითხი და მისი რეგულაციის საკანონმდებლო გზები იქნება პრიორიტეტული.


-         რომელი პარტიების დღის წესრიგში იქნება ყველაზე მეტად (ევროკავშირის კონტექსტში) საქართველოს საკითხი? ევროპარლამენტში რომელი პოლიტიკური ძალების მოსვლა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო?


ვფიქრობ, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ იქნება ისევ ის დომინანტი ძალა, რომელიც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს აქტიურად დაუჭერს მხარს. რა თქმა უნდა ჩვენ გვყავს ბევრი მეგობარი სხვა პარტიებშიც  -  ვგულისხმობ სოციალისტებს და ლიბერალებს, ასევე მწვანეებს. თუმცა მიმაჩნია, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკური ჯგუფი უფრო თანამიმდევრული იქნება, რასაც ემატება ის ფაქტორი, რომ აღნიშნულ პარტიას უფრო მეტი გავლენა ექნება ევროპულ პოლიტიკაზე. მით უფრო, რომ დიდი ალბათობით, ევროკომისიის პრეზიდენტი ამ პარტიის პოლიტიკური ოჯახიდან იქნება შერჩეული. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ „ევროპის სახალხო პარტიის“ იმედად უნდა ვიყოთ.


ისევ ვიმეორებ, საქართველომ ფართო ე.წ. cross-party კოალიცია უნდა შექმნას და გააძლიეროს პარტიული დიპლომატია.


ცხადია, არ უნდა გქვქონდეს ევროსკეპტიკოსების და პოპულისტების იმედი, რომლებიც ევროკავშირის გაფართოებას წარმოაჩენენ, როგორც საფრთხეს და წარმატებით იყენებენ საკუთარი ანტი-იმიგრაციული რიტორიკის ნაწილად.


უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, ევროკავშირის პოლიტიკურ სივრცეში მომავალ გაფართოებაზე ნაკლებ აქცენტს აკეთებენ, ლიდერებს უფრო პრიორიტეტულად მიაჩნიათ ევროკავშირის რეფორმირება და მისი ინსტიტუციური ეფექტურობის გაზრდა. ასევე შიდა პრობლემების მოგვარება, მათ შორის პოპულისტური და ნაციონალისტური სენტიმენტების მოგერიება (მაგ.უნგრეთში, პოლონეთში, იტალიაში). შესაბამისად გაფართოების მიმართ ფრთხილი დამოკიდებულებაა.


-         რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებისთვის?


ვფიქრობ, საქართველომ განსაკუთრებით უნდა იაქტიუროს და ახალარჩეული ევროპის პარლამენტის წევრებთან დაამყაროს მეგობრული კავშირები და გააძლიეროს საპარლამენტო თანამშრომლობა.


როგორც ვიცით ევროკავშირის მთავარი ფინანსური დოკუმენტი (Multiannual Financial Framework), რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტის 7 წლის გეგმას წარმოადგენს, სწორედ ახლა დგება. ამიტომ საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს მომენტი და გაააქტიუროს ლობირება, რომ ფინანსური დახმარების კუთხით მაქსიმალურად მიიღოს მხარდაჭერა.


ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ კიდევ უფრო გააღრმავოს და დაიწყოს სექტორალური და ინსტიტუციური ინტეგრაცია. დამატებით აღვნიშნავდი, რომ ქართულ პარტიებსა და ევროპარტიებს შორის თანამშრომლობის პოტენციალი ძალიან დიდია და საჭიროა მეტი სტრატეგიული კომუნიკაცია როგორც ბრიუსელთან, ასევე ევროპის სხვა დედაქალაქებთან.


 ამ სტრატეგიული კომუნიკაციის ნაწილი უნდა იყოს ასევე სხვადასხვა სახის პოლიტიკური და კულტურული ღონისძიებების მოწყობა, რომელიც საქართველოს რეპუტაციის ზრდას შეუწყობს ხელს. ეს, საბოლოო ჯამში, პოზიტიურად იმოქმედებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზოგადოების აზრზე და შესაბამისად, პოლიტიკურ ძალებს მიეცემათ მეტი შესაძლებლობა, გაააქტიურონ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ისევე როგორც ზოგადად ევროკავშირის მომავალი გაფართოების თვალსაზრისით.


ავტორი: რატი ერისთავი #მედიალაბორატორია.


სხვა სიახლეები