• Ƀ/$

კავკასია დღეს და 100 წლის წინ

26 მაისი 09:00 | ანალიტიკა

საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ 3 წელზე ნაკლებ ხანს იარსება, მიუხედავად ამიასა კონსტიტუციის მიღება, გარკვეული ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბება და საგარეო კურსის განსაზღვრა მოასწრო.

1918 წლის 26 მაისს, ყოფილ მეფისნაცვლის სასახლეში, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა, რომელშიც 3 სახელმწიფო, საქრთველო სომხეთი და აზერბაიჯანი ერთიანდებოდა, დაიშალა, იმავე დღეს სამივე რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა ბაქოსა და ერევენში მისმა გამოცხადებამ 2-2 დღით გადაიწია, შესაბამისად დღეს ეს ორი დაპირისპირებული სახელმწიფო ამ თარიღს 28 მაისს აღნიშნავს.


ჯერ კიდევ შუასაუკუნეებამდე პერიოდში, როდესაც თანამედროვე აზერბაიჯანის ადგილას ალბანეთი მდებარეობდა, საქართველო და მისი დედაქალაქი ამიერკავკასიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენდა. აზერბაიჯანის მთავრობა თბილისიდან განჯაში, რომელიც 4 თვეს რესპუბლიკის დედაქალაქს წარმოადგენდა, მხოლოდ 16 ივნისს გადავიდა. ტენდენცია შემდგომშიც, საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა. გასაბჭოების შემდეგ ვითარება ნაწილობრივ შეიცვალა.


1918 წელს საქართველოს ფართობი 107.6 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა, ამჟამინდელზე 54.3%-ით მეტს, ოკუპაციიდან 1 წელიწადში ტერიტორიების 35%-ზე მეტი ოთხივე მეზობელ სახელმწიფოზე გადანაწილდა. მოსახლეობის რაოდენობა კი 2.5 მლნ-ს შეადგენდა, დღევანდელზე 32%-ით ნაკლებია, მაგრამ მსოფლიო მოსახლეობის წილში ბევრად უფრო მეტია. 1918 წელს მსოფლიო მოსახლეობა 1.9 მლრდ-ს შეადგენდა, დღეს 7.7 მლრდ-ს, შესაბამისად იმ დროს საქართველოს მოსახლეობის წილი 0.13%-ს შეადგენდა, დღეს 0.05%-ს.



იმავე პერიოდში სომხეთის ფართობი 70 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა, რაც ამჟამინდელს 135%-ით აღემატება, მოსახლეობის რაოდენობა კი 1.3 მლნ-ს აღწევდა, ამჟამინდელზე 2.2-ჯერ ნაკლები. მართალია სომხეთს გასაბჭოების შემდეგ საქართველოს ისტორიული ტერიტორია - ლორე გადაეცა, რომლის ფართობიც 3.8 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა და სადაც დღეს 235 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მას საკუთარი ტერიტორიის ნახევარზე მეტის თურქეთისთვის დათმობა მოუწია.


რაც შეეხება აზერბაიჯანს მისი ფართობი 1918 წელს 100 ათასი კვადრატული კილომეტრი, ამჟამინდელზე 16%-ით მეტი, ხოლო მოსახლეობა 2.8 მლნ-ს შეადგენდა, რაც დღევანდელ მაჩვენებელზე 3.57-ჯერ ნაკლებია. როგორც ჩანს გასაბჭოებით ყველაზე ნაკლებად აზერბაიჯანი დაზარალდა, თუმცა ბევრად მეტია პოტენციალის გამოუყენლობით მიღებული ზარალი. 1920 წელს, ოკუპაციისის მომენტში აზერბაიჯანი მსოფლიო ნავათობის 50%-ზე მეტს მოიპოვებდა. მისი წილი 30-იან 40-იან წლებშიც საკმაოდ მაღალ ნიშნულზე ფიქსირდებოდა და ჰიტლერის ერთ-ერთ სამიზნესაც წარმოადგენდა. აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტიც, ისლამურ სამყაროში აზერბაიჯანი იყო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა.



ოკუპაციის შემდეგ აზერბაიჯანული ნავთობი განახლებული რუსეთის იმპერიის ხაზინის შესავსებად და იარაღის შესაძენად გადამისამართდა. დაზარალებულთა შორის საქართველოც აღმოჩნდა, რომელმაც სატრანზიტო პოტენციალი დაკარგა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უკვე არსობობდა ტერიტორიული კონფლიქტი, თუმცა მათი დაზავება 1 საუკუნის წინ ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო, მაგრამ იგივეს თქმა შეუძლებელია სომხეთისა და თურქეთის შემთხვევაში. სომხეთის კიდევ ერთ მეზობელ ირანს საკუთარი ნავთობიც გააჩნდა, გარდა ამისა მისი საზღვარი აზერბაიჯანთან ბევრად უფრო გრძელი იყო, ვიდრე სომხეთთან.


1883 წელს ბაქო თბილისს რკინიგზით დაუკავშირდა, რომელიც თავის მხრივ 1872 წლიდან ფოთთან იყო დაკავშირებული. ეს მოცემულობა ბაქოს მსოფლიო ვაჭრობისკენ გზას უკაფავდა. 1899 წელს საქართველო რკინიგზით სომხეთსაც დაუკავშირდა.


1918-1920 წლები, ეს ის პერიოდია, როდესაც ევროპაში 4 წლის შემდეგ როგორც იქნა დასრულდა ომი, რომლის მსგავსიც იქამდე ჯერ კაცობრიობას არ ენახა და რომელმაც 10 მლნ-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის 100 000-მდე ქართველის, რაც საბჭოთა ეპოქაში ხელოვნურად იყო მიჩქმალული. ომი ჯერ დასრულებული არ იყო, როდესაც ისპანკას სახელით ცნობილმა ესპანურმა გრიპმა იფეთქა რასაც 2-ჯერ ნაკლებ დროში მინიმუმ 5-ჯერ მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ომს ნგრევასთან ერთად რევოლუციები და იმპერიების ნგრევები მოჰყვა. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა მთელს კონტინენტზე ეკონომიკა ძირფესვიანად მოშალა. გაჭირვება უცხო არც რუსეთის ყოფილ კოლონიებში, მათ შორის კავკასიის ქვეყნებში იყო, თუმცა არსებობდა პოტენციალი, რომ ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი დალაგდებოდა. აზერბაიჯანს თავისი ნავთობით, საქართველოს კი რეგიონული ფინანსური ცენტრისა და სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებით დიდ დეპრესიამდე ბევრად ადრე გარკვეული ეკონომიკური ბაზისი უნდა შეექმნათ, ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს რეგიონით როტშილდები და ძმები ნობელები ინტერესდებოდნენ.


დემოკრატიულ საქართველოში არსებულ ეკონომიკური გაჭირვების დონეს ხშირად ახლაც იხსენებენ, იმის ხაზგასასმელად თუ რამდენი სიკეთე მოუტანა საბჭოთა მმართველობამ საქართველოს, თუმცა ამ ამბის გამხსენებლებისთვის ყურადღების მიღმა რჩება ის ფაქტი, რომ 20-იან წლებში გაჭირვებულთა მდგომარეობა დამძიმდა და მისი აღმოფხვრა 60-იან წლებამდე ვერ მოხერხდა. 1919 წელს გირვანქა (450 გრამი) პური 2.5 მანეთი ღირდა, 1921 წლის ივლისში კი მისმა ღირებულებამ ბრიტანელი კორესპონდენტის ჰენრი ნევილსონის ცნობით 2100 რუბლს გადააჭარბა. მიხეილ ჯავახიშვილი 1927 წელს თავის უბის წიგნაკში ერთი მუშის ნათქვამს ციტირებდა: „გეფიცები დედ-მამას, ცოლ-შვილს, პატიოსნებას: ვინმე რომ გამიყვანდეს დიდ მოედანზე, გამხდიდეს და 100 ჯოხს დამკრავდეს - ნიკოლოზ მეფეს რად ებრძოდიო, დავუყვირებ: დამკა, კიდევ დამკა, კიდევ დამკარ, ახია ჩემზე, ახი!“ მართალია კავკასიის სამივე სახელმწიფოში გასაბჭოების შემდეგ ინდუსტრიალიზაცია სწრაფი ტემპებით განვითარდა, მაგრამ ამით სარგებელი მოსახლეობას არ უნახავს, ყველაფერი სამხედრო მრეწველობას ხმარდებოდა. ხალხი კი კერძო საკუთრების ხელყოფამ და კოლექტივიზაციამ კიდევ უფრო გააღარიბა.


დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სამივე სახელმწიფო სისხლიან კონფლიქტებში გაეხვა, რისი შედეგიც ათიათასობით დაღუპული, ასიათასობით დევნილი და განადგურებული ეკონომიკა აღმოჩნდა.


1990 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე საქართველო კავკასიაში ყველაზე მდიდარი ქვეყანა იყო. ნომინალური შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე 2010 წლის მუდმივ ფასებში დაანგარიშებით $3500-ს აღწევდა, მას 1.13-ჯერ აზერბაიჯანი ჩამორჩებოდა $3100 სომხეთში კი იგივე მაჩვენებელი $1800-ს აღ აღემატებოდა, ანუ საქართველოზე 1.94-ჯერ ნაკლები იყო. უკვე 1994 წელს საქართველოსა და სომხეთის შემოსავლები გათანაბრდა და თითოეული მათგანი $950-მდე შემცირდა, რაც სომხეთის შემთხვევაში განახევრებას, საქართველოს შემთხვევაში კი გაცილებით უფრო დიდ ეკონომიკურ კატასტროფას და მის 4-ჯერ შემცირებას აღნიშნავდა. იმავე პერიოდში $1400-მდე შემცირდა მშპ აზერბაიჯანშიც. 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან სამივე რესპუბლიკაში ეკონომიკის ზრდა იწყება. საქართველო და სომხეთი დაახლოებით თანაბარი ტემპით განვითარდა, აზერბაიჯანი კი უფრო სწრაფად, რისი ერთადერთი მიზეზიც ნავთობისა და გაზის ექსპორტია. 2017 წელს შემოსავალმა 1 სულ მოსახლეზე იმავე დათვლებით აზერბაიჯანში $5810-ს, საქართველოში $4270-ს, სომხეთში კი $4220-ს მიაღწია.



ტრენდი თითქმის იგივეა PPP დათვლების შემთხვევაშიც. რაც შეეხება დღევანდელ სურათს, მიმდინარე ფასებში ნომინალურ გამოხატულებაში საქართველოს მშპ 1 სულ მოსახლეზე $4045-ს შეადგენს, სომხეთის $3940-ს, აზერბაიჯანის, $4140-ს, მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის (PPP) დათვლებით კი, რაც ორი ან მეტი ქვეყნის შედარებისთვის უფრო სამართლიანია, საქართელოში იგივე მაჩვენებელი $10 675-ა, სომხეთში $9670, ხოლო აზერბაიჯანში $17 450. ყველა შემთხვევაში აღებულია მსოფლიო ბანკი 2017 წლის მონაცემები. განსხვავებას ნომინალურსა და PPP-ის შორის ადგილობრივ და საერთაშორისო ფასებს შორის სხვაობა განაპირობებს და რადგან ღარიბ სახელმწიფოებში ფასები უფრო დაბალია რაიმე X თანხით უფრო მეტი პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი ვიდრე მდიდარ ქვეყნებში. ნომინალური და PPP ერთმანეთის ტოლი მხოლოდ აშშ-ია, ეტალონადც სწორედ მისი ფასებია მიჩნეული. ზოგიერთ ძალიან მდიდარ ქვეყანაში, ნორვეგია, შვეიცარია ნომინალური PPP-ის აღემატება, სხვა შემთხვევაში პირიქით. უფრო მარტივად რომ ვთქვათ იმ პროდუქციისა და მომსახურების შეძენას რასაც საქართველოში $4045 დასჭირდება აშშ-ში $10 675 დასჭირდებოდა.


2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, მიუხედავად ამისა ეკონომიკურ დონეზე თანამშრომლობა შენარჩუნდა, რომელიც 2013 წლიდან გაღრმავდა. რუსეთი თურქეთის შემდეგ #2 სავაჭრო პარტნიორია, $446 მლნ 2019 წლის პირველ 4 თვეში, საერთო ბრუნვის 11.5%.  მართალია ფულად გზავნილებში რუსეთის წილი 2.5-ჯერ შემცირდა, მაგრამ 25%-იანი წილით ($35 მლნ აპრილში) მაინც პირველ ადგილზეა. 2019 წლის პირველ 4 თვეში საქართველოს რუსეთიდან 367 ათასი ვიზიტორი ეწვია, რაც ვიზიტორების 19.4%-ს უდრის და მხოლოდ აზერბაიჯანს ჩამორჩება. რუსული გაზით სომხეთი საქართველოს გავლით მარაგდება.


მსგავსი ურთიერთობები წარმოუდგენელია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, აზერბაიჯანში არათუ სომხეთის მოქალაქეს, სომხური გვარის მქონე პირსაც კი არ უშვებენ, იგივე ხდება სომხეთშიც. გამონაკლისი საერთაშორისო სპორტული ასპარეზობებია. ასეთი დაძაბული მდგომარეობის გამო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, შაჰდენიზის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა საქართველოზე გადის და არა სომხეთზე, რომელიც გეოგრაფიულად უფრო ხელსაყრელია. ერთი შეხედვით ასეთი მდგომარეობა საქართველოს მომგებიან პოზიციაში აყენებს, ტრანზიტის საფასურად საქართელოს ყოველწლიურად $100 მლნ-ზე მეტი რჩება, გარდა ამისა საქართელოს ტერიტორიაზე აღნიშნული პროექტების ჯამურმა საინვესტიციო ღირებულებებმა $4 მლრდ-ს გადააჭარბა, რამაც ეკონომიკურ ზრდაზე და დასაქმებაზე პოზიტიური როლი ითამაშა. თუმცა რეგიონში დაძაბული სიტუაცია საერთო ჯამში უარყოფით როლს თამაშობს და სამივე სახელმწიფოს ვნებს. ბალტიისპირეთის ჯამური მოსახლეობა 6 მლნ-ს შეადგენს, ამიერკავკასიის ქვეყნების 16.7 მლნ-ს, თუმცა ამიერკავკასიის ჯამური მშპ მხოლოდ 66 მლრდ სოლარია, ბალტიისპირეთი კი $104 მლრდ, ანუ მოსახლეობით 2.78-ჯერ პატარა ქვეყნების ჯგუფი 1.58-ჯერ დიდ ეკონომიკას ქმნის.


რაც შეეხება ცხოვრების ზოგად დონესა და ადამიანის უფლებებს ამ სამი სახელმწიფოდან ყველაზე კარგი მდგომარეობა საქართველოშია. ადამიანური განვითარების ინდექსის მიხედვით საქართველოს 780 ქულით 70-ე ადგილს იკავებს, აზერბაიჯანი 757 ქულით 80-ე ადგილზე რაც შეეხება სომხეთს 755 ქულით ის 83-ე ადგილზეა.  ცალკე აღებული ადამიანის უფლებების მხრივ ვითარება აზერბაიჯანში უფრო მძიმეა ვიდრე სომხეთში, თუმცა მას შედარეით მაღალი შემოსავლები აბალანსებს.


მსგავს თემაზე:

1918-1921 წლების საქართველოს ეკონომიკა


2008 წლის ომის გამო დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქის დანაკარგი თვეში 170 ლარს შეადგენს


2008 წლის ომის დროს გარემოზე მიყენებულმა ზარალმა 1 მლრდ-ს გადააჭარბა


რა დავუპირისპიროთ რუსული საინფორმაციო არმიის აღჭურვილობას?



სხვა სიახლეები