• Ƀ/$

შრომაში დაკარგული ბავშვობა

28 მაისი 10:38 | ანალიტიკა

ჯიმი ფრუიძეს სოციალური ქსელების საშუალებით ბევრი იცნობს - წყალტუბოელი სანთლების გამყიდველი ბიჭი. ჯიმის მშობლები ავადმყოფობენ და ვერ მუშაობენ, ამიტომ ოჯახის რჩენა საკუთარ თავზე ბავშვმა აიღო.

ჯიმი ერთ–ერთი იმ ბავშვთაგანია, ვინც ოჯახის სარჩენად ან ფინანსური დახმარების მიზნით ყოველდღიურად შრომობს. ქართული ქუჩებისთვის უცხო არაა სალფეთქებისა და სანთლების გამყიდველი ბავშვები, რომლებიც მავედრებელი გამოხედვით ითხოვენ, დეიდა, იყიდე სანთელი, ღმერთი შეგეწევაო. ამ ბავშვებს წარმოდგენაც არ აქვთ, რომ არსებობს მათი შრომის წინააღმდეგ მიმართული მსოფლიო დღე, 12 ივნისი და ამ დღეს ყველა უფროსი თანხმდება, რომ ბავშვები არ უნდა იყვნენ შრომით ექსპლუატაციაში ჩართულნი.


სტატისტიკა


საქსტატის ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოში სხვადასხვა სფეროში 34 ათასამდე 5-17 წლის ბავშვია დასაქმებული. საინტერესოა ისიც, რომ დასაქმებულ ბავშვთა ნახევარზე მეტი 5-13 წლისაა. პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ არასრულწლოვანთა შრომა, არამედ ისიც, რომ ქართული კანონმდებლობა მინიმალურად არეგულირებს ამ საკითხს. სახალხო დამცველის მოადგილის, ეკატერინე სხილაძის თქმით, "მოქმედი კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით მნიშვნელოვან დახვეწასა და განვითარებას საჭიროებს. განსაკუთრებით პრობლემურია „სამუშაოზე მისაღები მინიმალური ასაკის შესახებ“ და „ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და დაუყოვნებლივ აღმოფხვრის ღონისძიებების შესახებ“ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების ეროვნულ დონეზე ეფექტიანი შესრულება".


კანონი და ბავშვთა შრომა


კანონის აღსრულებისას პრობლემაზე საუბრობენ სამართლის სპეციალისტები.  არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი ანა აბაშიძე ამბობს, რომ ძირითადი პრობლემა არა თავად შრომა, არამედ ესპლუატაციაა.


მისი თქმით, „კანონი უშვებს გარკვეული პირობებით არასრულწლოვანთა ანაზღაურებად შრომას. პრობლემა წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კანონით დაშვებული პირობები ირღვევა - შეუსაბამო ასაკი, სამუშაო გარემო, შესასრულებელი საქმის სიმძიმე შეუფერებელი ბავშვისთვის. ექსპლუატაციას რაც შეეხება, ის არის საერთოდ სხვა ტიპის ქცევა, ცალსახად სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენს ქვეყანაში ამის ყველაზე კარგი მაგალითია ქუჩაში მომუშავე ბავშვები - მათი უმრავლესობა სხვა პირთა მხრიდან იძულების გამო მუშაობენ. ამ ბავშვებს უწევთ ძალიან მძიმე და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში მუშაობა. პრობლემა არის ისიც, რომ ამ თემაზე არცერთი სამთავრობო უწყება არ მუშაობს. ყველამ იცის, რომ ბავშვთა იძულება დანაშაულია, თუმცა ამ კანონით, ფაქტობრივად, არავინ არ ისჯება“.



შრომაში არასრულწლოვანთა ჩართულობის მაღალ მაჩვენევრი მიზეზი განაპირობებს. მათ შორის, ფინანსური ფაქტორი ყველაზე გავრცელებულია. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვების უმრავლესობა ოჯახში არსებული სიდუხჭირის გამო მუშაობს.


თავის რჩენა, თუ განათლება?


8 წლის ანა რუსთაველის გამზირზე ლიმონს ყიდის. ჩვენს კითხვაზე, ვისი ინიციატივა იყო მისი მუშაობა, ასე გვპასუხობს: „მე თვითონ მოვიფიქრე. მამა არ მყავს, დედა მუშაობს, მაგრამ ფული მაინც არ გვქონდა ხოლმე. ამიტომ გადავწყვიტე, ლიმონი გამეყიდა და დედას ასე დავხმარებოდი“. ანა სკოლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ გაკვეთილებს არ აცდენს მუშაობის გამო. თუმცა პრობლემები განათლების მიღების კუთხითაც იქმნება. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში „ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ნათქვამია, რომ 2016 წელს სკოლა 1165-მა ბავშვმა მიატოვა. მათგან 924-მა საბაზო განათლების საფეხური დახურა, 241-ს კი მეცხრე კლასიც არ დაუსრულებია.


ბავშვთა შრომაში სამი ასპექტის გამოყოფა შეიძლება: თავად ფაქტი, რომ არასრულწლოვნები შრომით ექსპლუატაციაში არიან ჩართულნი; შრომის გამო სასკოლო განათლების არასრულფასოვანი მიღება და, რაც ყველაზე საგანგაშოა, ბავშვების სამუშაო პირობები.


საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში რამდენიმე პუნქტია განხილული. როგორც ირკვევა, შრომაში ჩართული ბიჭების 54% ღამით მუშაობს, 38%-ის სამუშაო გარემო კი ფასდება, როგორც სახიფათო. ხოლო გოგონების შემთხვევაში, 74% მუშაობს ღამით, სახოფათოდ კი 23%-ის სამუშაო პირობებია შეფასებული. თუმცა, ამავე მონაცემებს ერთვის ინფორმაცია, რომ ბავშვების 83% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, უმეტესწილად საოჯახო მეურნეობებსა და ნაკვეთებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არასრულწლოვნები სახიფათო შრომას მათივე ოჯახის წევრების ნებართვით ეწევიან.


საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წევრი სოფიო ბაჩილავა პრობლემის მოგვარებას კომპლექსურ მიდგომებში ხედავს და ამბობს, რომ „ეს პრობლემა არსებობს როგორც კანონის აღსრულებისას, ისე ადამიანთა ცნობიერებაში. მე ვიტყოდი, პირველ რიგში, ცნობიერებაში. განათლების მნიშვნელობის დაკნინება უპირველესია, რაც იწვევს ბავშვთა შრომაში ასეთ სავალალო მდგომარეობას. მშობელსაც და ბავშვსაც უნდა ავუხსნათ, რომ განათლების მიღება ბევრად გრძელვადიანი ინვესტიციაა და უკეთეს მომავალს ნიშნავს, ვიდრე დღეს და ხვალ არასრულწლოვანთა შრომაა“.


რა გაკეთდება, როგორ შეიცვლება ამ ბავშვებისთვის მომავალი - ეს კითხვები პასუხგაუცემელი რჩება. სანამ ზრდასრულები კვლევებს ვატარებთ, ვაწესებთ ბავშვთა შრომის წინააღმდეგ მიმართულ დღეს, ვსაუბრობთ საგანგაშო მდგომარეობაზე, ბავშვები ლუკმაპურისთვის შრომობენ, სწავლას თავს ანებებენ და უპერსპექტივობაში მხოლოდ იმაზე ოცნებობენ, მშობლებს შეუმსუბუქონ ყოფა.


ავტორი: თინათინ ლუხუტაშვილი #მედიალაბორატორია


სხვა სიახლეები