• Ƀ/$

გლობალურ ინტერესებს შეწირული ახლო აღმოსავლეთი

28 მაისი 16:40 | ანალიტიკა

ახლო აღმოსავლეთი თითქმის მთელი ისტორიის მანძილზე მსოფლიო ძალების შეიარაღებული დაპირისპირების ადგილი იყო.

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, ევროპელები რეგიონის ბუნებრივი რესურსების და გეოსტრატეგიული მნიშვნელობის გამო, მუდმივად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.


ორი საუკუნის შემდეგაც, ახლო აღმოსავლეთი კვლავ კრიზისშია, რადგან მსოფლიო და რეგიონული მოთამაშეები გავლენის მოსაპოვებლად ერთამანეთს აქ დღესაც ეცილებიან.


2010-იანი წლებიდან, რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში აჯანყებები და მასობრივი გამოსვლები განხორციელდა. ადგილობრივი საზოგადოების მოთხოვნა მეტი თავისუფლებისა და დემოკრატიის მისაღებად, ბევრ ტერიტორიაზე სამოქალაქო და რეგიონალურ ომებში გადაიზარდა.


ადამიანური და ბუნებრივი რესურსების ფაქტორი


მინერალური/ეკონომიკური სიმდიდრე, დემოგრაფია და გეოგრაფიული მდებარეობა - ეს სამი ძირითადი რესურსია, რომელმაც ხელი შეუწყო, სხვადასხვა დროს კონფლიქტების ფორმირებას.


გეოპოლიტიკური ცვლილებები დაეხმარა არასამთავრობო, მეამბოხე პოლიტიკური დაჯგუფებების/საჯარისო ფორმირებების ჩამოყალიბებას და საერთაშორისო ალიანსების რეკონფიგურაციას.


სახელმწიფო ძალების შესახებ, საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით არსებული კვლევების უმეტესობა, ფოკუსს ყოველთვის მატერიალურ ძალაზე აკეთებს. კერძოდ, ეკონომიკურ შემოსავლებსა და სამხედრო დანახარჯებზე.


მკვლევართა შეფასებით, ე.წ. დემოგრაფიული ძალა გულისხმობს შემდეგს: დიდი რაოდენობის მოსახლეობის მქონე სახელმწიფოს შეუძლია მასობრივი სამუშაო ძალის მობილიზება მეტი პროდუქციის საწარმოებლად და ძლიერი არმიის ყოლის საშუალება აქვს.


სპარსეთის ყურის ქვეყნების უმეტესობა, ნავთობის ეკონომიკის გამოყენებით, მაღალი ფინანსური შემოსავლებით სარგებლობს. ზოგიერთი სახელმწიფო მდიდარია მისი დემოგრაფიული კომპონენტის მიხედვით.


ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის იმ ქვეყნებს, რომელთაც ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და სამოქალაქო საზოგადოება გააჩნიათ, ნაკლებად შეეხოთ კრიზისული სიტუაციები, მაგალითად: მაროკო, ალჟირი, თურქეთი, ტუნისი. მათმა მყარმა ინსტიტუტებმა დაამუხრუჭეს უკონტროლო ცვლილებები და ქაოსი.


რეგიონში არის ისეთი ქვეყნები, რომლებიც ცენტრალური გეოგრაფიული მდებარეობით, მოსახლეობის განათლების მაღალი ხარისხით და ეკონომიკური ძალაუფლების გამოყენებით შეუძლიათ მათ სამეზობლო დინამიკაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ.


თურქეთი და ირანი არიან ყველაზე წარმატებული მაგალითი, საკუთარი რესურსების მოძიებასა და გავლენის გავრცელებაში.


ახლო აღმოსავლეთი საყოველთაოდ ცნობილია ნატურალური რესურსებით, უფრო კონკრეტულად ნავთობით.


2015 წელს, არაბულმა სახელმწიფოებმა, რომლებიც მსოფლიო მოსახლეობის 5,2%-ს შეადგენენ, მსოფლიო ნავთობის რეზერვების 55,2% და ბუნებრივი აირის 27,5% აწარმოეს.


საერთო სიმდიდრის მიუხედავად, რეგიონი შიდა ეკონომიკურ დისბალანსს განიცდის და შემოსავლის უთანასწორობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს მსოფლიოში. ნატურალური ენერგეტიკული აქტივების უმრავლესობა არაბულ ყურეში და ჩრდილოეთ აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაშია კონცენტრირებული.


არაეფექტური მართვისა და კორუფციის ეფექტები


რეგიონის მოქალაქეებს რესურსების შეზღუდული ხელმისაწვდომობის გარდა, არაეფექტური ბიუროკრატია და კორუფციის მაღალი მაჩვენებლებიც აწუხებთ.


საერთაშორისო გამჭვირვალობის ანგარიშის მიხედვით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები, საგადასახადო სტრუქტურის თანამშრომლები და პარლამენტის წევრები წარმოადგენენ ყველაზე კორუმპირებულ ჯგუფს რეგიონში (გლობალური კორუფციული ბარომეტრი 2016).


ახალგაზრდების დასავლური ორიენტირები


რეგიონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას ახალგაზრდა მოსახლეობის სიმრავლე წარმოადგენს. ჩატარებული კვლევების მიხედვით, არაბული სახელმწიფოების ერთ მესამედს 15-დან 29 წლამდე ასაკის ადამიანები შეადგენენ, ხოლო მეორე მესამედს 15 წლამდე ასაკის ბავშვები.


ახალგაზრდა თაობას აქვს უკეთესი განათლება და ისინი მჭიდროდ არიან ინტეგრირებული დასავლურ სამყაროსთან. შესაბამისად, ეს ატრიბუტები მათ აქცევს როგორც განვითარების ასევე დესტრუქციის ელემენტებად.


პოლიტიკურად, ახლო აღმოსავლეთის მცხოვრებლებს არ გააჩნიათ უსაფრთხოება და თავისუფლება. არაბული ახალგაზრდობა განიცდის ღრმა დისკრიმინაციას. ისინი არ არიან წარმოდგენილები საჯარო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მათ სიტყვას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა პოლიტიკის ფორმირებაში.


ამავდროულად, ისინი უფრო მეტად უკავშირდებიან დანარჩენ მსოფლიოს სოციალური მედიის გამოყენებით (რეგიონი იუთუბზე ნახვების რაოდენობით მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზეა).


ახალგაზრდა თაობას მეტი მოთხოვნილება აქვს, ჰქონდეს წვდომა განათლებაზე, გლობალურ დონეზე უკეთესი ცხოვრების სტანდარტებზე, მაგრამ მათი საჭიროებები არ არის თანხვედრაში არაეფექტურ და კორუმპირებულ მთავრობებთან.


ძალა გეოგრაფიულ მდებარეობასაც აქვს?


აღსანიშნავია, რომ თითოეული ერის ძალა და გადარჩენის შანსი დამოკიდებულია გეოგრაფიულ ფაქტორებზე: ადგილმდებარეობა, ფართობი, კლიმატი, მოსახლეობა, ბუნებრივი რესურსები, სამრეწველო პოტენციალი და ა.შ.


ახლო აღმოსავლეთში, მაგალითად თურქეთის სტრატეგიული ნიშანია, რომ დამაკავშირებელი ხიდია ევროპასა და აზიას შორის. ეგვიპტის ძალა იმაშია, რომ მდებარეობს ცენტრალურ ადგილას, რომელიც აკავშირებს აფრიკას, აზიას და ხმელთაშუა ზღვის ევროპას. მაროკოს აქვს მნიშვნელოვანი საზღვაო შესაძლებლობები, მაგრამ იგი შეზღუდულია იმით, რომ მდებარეობს რეგიონის გარე ნაწილში.


ტუნისში მასობრივი აქციები, უკეთესი მთავრობის, გამჭვირვალობის და დემოკრატიის მოთხოვნით 2010 წელს დაიწყო. სახელმწიფოთა სუსტმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა მოქმედებებმა ასევე მილიონობით ადამიანი გამოიყვანა ეგვიპტეში, ლიბიაში, იემენში და სირიაში. შესაბამისად, რეგიონის სხვა ხუთი სახელმწიფო - თურქეთი, ირანი, საუდის არაბეთი, კატარი და არაბთა გაერთიანებული საემიროები აქტიურად ჩაერივნენ მათ შიდა პოლიტიკაში.


ეგვიპტეში საუდის არაბეთი მხარს უჭერდა სალაფიტურ დაჯგუფებებს, მაშინ როდესაც კატარი და თურქეთი მიემხრო „მუსლიმ ძმათა საზოგადოებას“ (The Society of the Muslim Brothers). თურქეთის ხელისუფლება ეცადა ამ ორგანიზაციაში დაენახა ის საერთო, რომელიც თურქეთის მმართველი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ ისლამურ ნეოლიბერალურ მოდელს იმეორებს.


სხვა ქვეყნებში მასობრივ პროტესტს უფრო დამანგრეველი გავლენა ჰქონდა სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე. ლიბიის ეკონომიკური დახმარება მალე სამხედრო ინტერვენციაში გადაიზარდა, ხოლო სირიასა და იემენში საგარეო ჩარევა, არაპირდაპირ, მეამბოხე დაჯგუფებების საშუალებით მოხდა.


სანავთობე ინტერესებმა დიდი როლი ითამაშა სირიის კონფლიქტში. მოსახლეობის მაღალი განათლების მიუხედავად, ძლიერი სახელმწიფო და სამოქალაქო ინსტიტუტების არარსებობამ, კარი გაუღო ირანსა და თურქეთს ფარტო ინტერვენციისთვის.


იემენში, საუდის არაბეთის და არაბთა გაერთიანებული საემიროების კოალიციამ 2015 წლიდან აქტიურად დაიწყო ირანის მიერ მხარდაჭრილი ჰუთია მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლა.


ფული და მეამბოხე ფორმირებები


მეოცე საუკუნიდან, ახლო აღმოსავლეთში არასამთავრობო, მეამბოხე საჯარისო ნაწილების აღმოცენება დაიწყო, რომლებმაც ადგილობრივ ახალგაზრდებში ჰპოვა ყველაზე დიდი დასაყრდენი.


ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილება, პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაურთველობა და იდეოლოგიური თანხვედრა - ეს არის სამი ძირითადი ფაქტორი, რის გამოც ახალგაზრდა თაობა აქტიურად წევრიანდება მეამბოხე დაჯგუფებებში.


მეამბოხე ძალებს ყოველთვის ძლიერი მხარდამჭერები ჰყავთ და ეს არის ფინანსურად მიმზიდველი სფერო ღარიბი საზოგადოებისთვის. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ირანი რეგიონში მსგავსი ორგანიზაციების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამფინანსებელია. ასე მაგალითად, „ჰეზბოლაზე“ ყოველწლიურად 100-დან $200 მლნ–მდე იხარჯება; სირიაში, ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად 3,5-დან $15 მლრდ–მდე. ასევე სირიასა და ერაყში შიიტი მეამბოხეების დასაფინანსებლად 12-დან $26 მლნ–მდე. ხოლო იემენში ჰუთია ამბოხებულებს 10-დან $20 მლნ–მდე თანხას აწვდიან.


ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უმრავლესობაზე აშშ დომინირებს და მის მოკავშირეებად ითვლებიან ძირითადად სუნიტური სახელმწიფოები. რუსეთი დასაყრდენს ლიბიასა და სირიაში პოულობს, ხოლო ირანის მოკავშირეები შიიტური ძალები არიან.


რაც შეეხება თურქეთს, მის ინტერესებში შედის ქურთულ ძალებთან დაპირისპირება და ამ საკითხზე ოფიციალურ ვაშინგტონსა და ანკარას რადიკალურად საპირისპირო ხედვები გააჩნიათ.


ზოგადად, თურქეთი ახლო აღმოსავლეთში პრაგმატულ პოლიტიკას აწარმოებს და ცდილობს ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობები.


ავტორი: რატი ერისთავი   #მედიალაბორატორია


სხვა სიახლეები