• Ƀ/$

ლარი – რა არის გამოსავალი?

29 მაისი 12:55 | ანალიტიკა

ლარმა დოლართან ისტორიული ბარიერიც გაარღვია. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე დოლარის ღირებულება 2.80-ს გადასცდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ეკონომისტები რამდენიმე შესაძლო გამოსავალზე საუბრობენ.

ტრადიციული გამოსავლებიდან და იმ ნაბიჯებიდან, რომელთა გადადგმა შეიძლება ბევრმა სასარგებლოდ მიიჩნიოს, მთლად ოპტიმისტურ განწყობას ვერ შეგვიქმნის. მაგალითად, განვიხილოთ ყველაზე პოპულარული რეკომენდაციები:


1)      სავალუტო ოპერაციების შეზღუდვა – რაც ბანკებისთვის ვალუტით ვაჭრობისას გარკვეული ლიმიტების დაწესებას გულისხმობს. აღნიშნულმა რეგულაციამ შესაძლოა მოკლევადიან პერიოდში გარკვეული შედეგი მოიტანოს, თუმცა აკრძალვები ეკონომიკას ამუხრუჭებს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში სარგებელზე მეტ ნეგატივს მოიტანს და არც მოდის ეროვნული ბანკის ფულად–საკრედიტო პოლიტიკასთან შესაბამისობაში.


2)      სავალუტო ინტერვენციები – ეს პრობლემასთან ბრძოლის ყველაზე მარტივი და ყველაზე გავრცელებული გზაა, თუმცა როდესაც არსებობს პანიკის საფუძვლები და დოლარზე მოთხოვნა ისედაც მაღალია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონში, პრობლემები აქვს რუსეთისა და თურქეთის ეკონომიკებს, საქართველოს 2 მთავარ სავაჭრო პარტნიორს, ინტერვენციამ ერთადერთი რაც შეიძლება გამოიწვიოს – ეს ეროვნული ბანკის რეზერვების შემცირებაა, ემისირებულ დოლარს კი მეზობელი ქვეყნების ეკონომიკები გაიწოვენ.


3)      კურსის თარგეთირება – გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ ეროვნული ბანკის პირდაპირი მოვალეობა ინფლაციის კონტროლია და არა ვალუტის კურსი, თუმცა, რადგან საქართველო იმპორტზეა დამოკიდებული, ვალუტის კურსის ცვლილება ფასებზეც აისახება. კურსის პირდაპირი კონტროლი კი მცურავი კურსის პირობებში ძალიან ძნელია.


4)      რეფინანსირების სესხისა და ფულის მასის M2-ის შემცირება – ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს ყოველვირეულად ლარში სესხს აძლევს, 25 აპრილიდან 23 მაისამდე მისი მოცულობა 310 მლნ-ით 420 მლნ-დან 730 მლნ-მდე გაიზარდა. იანვარ აპრილში M0 – ბანკების გარეთ არსებული ნაღდი ფული 160 მლნ-ით 2.65 მლრდ-დან 2.81 მლრდ-მდე, M1 – M0 + ბანკში არსებული მიმდინარე ანგარიშები 770 მლნ-ით 6 მლრდ-დან 6.77 მლრდ-მდე, M2 – M1 + მოთხოვნამდე და მოკლევადიანი დეპოზიტები 750 მლნ-ით 9.3 მლრდ-დან 10.05 მლრდ-მდე გაიზარდა. მიწოდების ზრდა კი, ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს შოკოლადი, ნავთობი, თუ ვალუტა – მისი ფასის შემცირებას იწვევს. ამის საპირისპიროდ მიწოდების შემცირება ფასს ზრდის, ანუ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხი და ფულის მასა რომ შეამციროს, ლარი გამყარდება. სესხის შემცირება თავის მხრივ მის გაძვირებას გამოიწვევს, მაგრამ გამოსავალი აქაც არსებობს, რაც გამკაცრებული რეგულაციების შერბილებაში აისახება.


5)      სწრაფი ეკონომიკური ზრდა და მეტი ინვესტიციის მოზიდვა – საუკეთესო გამოსავალი, მაგრამ დროში გაწელილი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დოლარს ქვეყანაში ბუნებრივი გზით გააჩენდა, რაც მის ფასს შეამცირებდა. გარდა ამისა, სწრაფი ეკონომიკური ზრდა ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანთა ეკონომიკურ ცხოვრების დონეს აუმჯობესებს.


აღსნიშნავია, რომ იანვარ აპრილში ექსპორტი 17.9%-ით $1.133 მლრდ-მდე გაიზარდა, იმპორტი კი პირიქით 3.1%-ით $2.726 მლრდ-მდე შემცირდა. თუ 2018 წლის პირველ 4 თვეში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $1.852 მლრდ-ს შეადგენდა, 2019 წელს ის $260 მლნ-ით $1.592 მლრდ-მდე შემცირდა, ანუ 4 თვეში ქვეყნიდან $260 მლნ-ით ნაკლები ვალუტა გავიდა. გარდა ამისა $36 მლნ-ით $516 მლნმდე გაზრდილია გადმორიცხვების საზარგარეთის ქვეყნებიდან, საქართველოდან გადარიცხული თანხები კი უცვლელია და $71 მლნ-ს შეადგენს.


აღნიშნული გარემოებები შესაძლოა გახდეს იმის მტკიცების საფუძველი რომ გაუფასურების მიზეზი მაკროეკონომიკური ფაქტორებიფ არ არის გამოწვეული.


ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი, M2B-ს მიმომხილველი.


მსგავს თემაზე:

ლარის კურსმა 2.78-ს გადააჭარბა


ლარმა გაუფასურების რეკორდი მოხსნა


ლარის კურსი 2.79-საც გადასცდა



სხვა სიახლეები