• Ƀ/$

როგორ ქმნიან რუსული ტროლები ვირტუალურ რეალობას საქართველოში?

ექსკლუზივი
30 მაისი 11:25 | ანალიტიკა

პროპაგანდა... რა გაგახსენდათ ამ სიტყვის წაკითხვისას?
მკვლევარი ბრეტ სილვერსტაინი წერს, რომ უმრავლესობას ამ სიტყვის გაგონებისას თვალწინ უდგება დაბეჭდილი ბროშურები და ადამიანები, ვინც ამ ბროშურებს უნდა არიგებდეს ომამდე პერიოდში. 


თუმცა, რეალობა სულ სხვაა - პროპაგანდა სასურველი პოლიტიკის გატარების იარაღია და არ აქვს პირდაპირი კავშირი საომარ მოქმედებებთან.

2018 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „რუსული საინფორმაციო ომი: შეკავების თეორიის გავლენები“ ავტორები წერენ, რომ თანამედროვე მსოფლიოში არავინ ისე აქტიურად არ იყენებს პროპაგანდას, როგორც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი. „ამ ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელსაც  საბჭოთა კავშირის დაშლა ყველაზე დიდ გეოპოლიტიკურ ტრაგედიად მიაჩნია და ძველი დიდების დაბრუნება იდეაფიქსად აქცია. ამ მიზნის მისაღწევად კი, პირველ რიგში, საერთო საინფორმაციო სივრცის შექმნაა საჭირო“ - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.
მკვლევრები ხშირად უსვამენ ხაზს იმ გარემოებას, რომ პუტინის რუსეთი არ აწარმოებს მხოლოდ პროპაგანდას. საერთო საინფორმაციო სივრცის შექმნა იმ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელზეც ჯერ კიდევ 2013-2014 წლებში დაიწყო საუბარი. ყირიმის ანექსია არ ყოფილა პირველი შემთხვევა რუსული ომის წარმოების პრაქტიკაში. 
ჰიბრიდული ომის მკვლევარი დავით ძიძიშვილი ფიქრობს, რომ „საინფორმაციო ომი XXI საუკუნეში ძალიან მარტივად იწარმოება ტექნოლოგიური პროგრესის გამო. ინფორმაციის გავრცელება იმაზე ბევრად სწრაფად შეიძლება, ვიდრე თუნდაც ოცი წლის წინ. რუსეთი საქართველოში ყველაზე აქტიურად სწორედ საინფორმაციო ზეგავლენის  მეთოდებს იყენებს“.  














წლებია ქართველი მედიამკვლევრები და ექსპერტები საუბრობენ რუსული რბილი ძალების გააქტიურებაზე. იკვეთება კონკრეტული ტენდენციებიც, რა თემატიკით ცდილობენ ქართულ მოსახლეობაზე ზეგავლენას. „ატლანტიკური საბჭოს“ მკვლევარი ეთო ბუზიაშვილი უკვე რამდენიმე წელია, სწორედ ამ საკითხებზე მუშაობს. რუსული საინფორმაციო ომის სხვადასხვა გამოვლინების კვლევისას შემჩნეულ ტენდენციებში, პირველ რიგში, გამოყოფს ანტიდასავლურ პროპაგანდას. „რუსეთს არ უნდა, რომ საქართველო გაწევრიანდეს დასავლურ სტრუქტურებში, NATO-სა და ევროკავშირში. პროცესის ხელის შესაშლელად პოულობს თემებს, რომლებიც ქართულ მოსახლეობას აღიზიანებს და ასე ცდილობს ანტიდასავლური განწყობის შექმნას. „ტრადიციებს გვართმევენ“, „რელიგიას გვართმევენ“ - სწორედ რუსული ნარატივის ნაყოფია. წარმოჩენა იმისა, რომ დასავლური კულტურა არათავსებადია ქართულთან და ერთმორწმუნე ჩრდილოელი ცალსახად უკეთესი პარტნიორია“.














რუსეთი აქტიურად იყენებს სოციალური ქსელების ინსტრუმენტებსაც - Facebook, Instagram, Twitter - ამ ქსელებში მოსახლეობის უმრავლესობაა გაწევრიანებული, კითხულობს გამოქვეყნებულ კონტენტს, სხვადასხვა პოსტზე კომენტარებს. მიღებული ინფორმაცია ილექება მეხსიერებაში. ამაზე დაკვირვებამ რუსული პოლიტიკის შემქნელები მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, შეექმნათ ე.წ. „ბოტების (ტროლების) ქარხანა“. დაწესებულების არსებობის შესახებ პირველად მსოფლიო საზოგადოებამ 2015 წელს გაიგო - „ნიუ-იორკ თაიმსმა“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება სანკტ-პეტერბურგში მდებარე „ქარხნის შესახებ“, საიდანაც არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა მთელ მსოფლიოში. მედიაექსპერტი ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ რუსულ ბოტებზე საუბარი აშშ-ში დაიწყო, თუმცა არაა გამორიცხული, სხვა ქვეყნებში უფრო ადრეც ემუშავა. „ტროლების მუშაობის სისტემა ძალიან საინტერესოა - ამ ე.წ. „ქარხნებისთვის“ ქირაობენ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან რამდენიმე ყალბ ანგარიშებს სოციალურ ქსელებში. მათ იციან, რომელი ინფორმაციის გავრცელებაა მნიშვნელოვანი და ავრცელებენ კიდეც მას. ნებისმიერი სოციალური ქსელის ალგორითმი მუშაობს ისე, რომ ბევრი რეაქციის მქონე პოსტი უფრო ხშირად ჩნდება სიახლეებში - ამასაც სათავისოდ იყენებენ და კონკრეტულ პოსტებზე გამოხატავენ ემოციებს, აკომენტარებენ, რათა ის უფრო ნახვადი გახდეს. სწორედ ამ გზით ავრცელებენ არასწორ, დამახინჯებულ ფაქტებს საქართველოშიც.  გვიქმნიან ვირტუალურ სინამდვილეს, რომელსაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო“. 














ინფორმირებულობის დონის გაზრდა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება რუსეთიდან მომდინარე საფრთხის შესახებ და გარკვეული პოლიტიკური ნების გამოვლენა - ამ ქმედებებს უპირისპირებენ ექსპერტები რუსეთიდან მომდინარე პროპაგანდისტულ ნაკადებს. თუმცა სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ რუხაძე ფიქრობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა პროცესებში. „ის რესურსი, რაც დღეს სამოქალაქოს აქტივიზმს აქვს, უნდა მოვახმაროთ ინფორმირებულობის დონის ამაღლებას. ვაკვირდებით და ვხედავთ, რომ ინფორმაციულ ომში რუსეთი გვიგებს. წარმოიდგინეთ, რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყოფილი უზარმაზარი ბიუჯეტით დაგეგმილ პროექტებს საქართველოში უპირისპირდება რამდენიმე მცირე ჯგუფი. ამიტომ ყველანაირი რესურსის მაქსიმალურად გამოყენება აუცილებელია - თუნდაც სოციალური ქსელები, ფეისბუქი, კრეატიული მიგნებები და აქცია-პერფორმანსები. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ხმა მივაწდვინოთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ე.წ. „საპნის ბუშტის“ გარეთ არიან - პრობლემაზე ვესაუბროთ არა მხოლოდ გარშემო მყოფ მეგობრებს, არამედ მათაც, ვინც, მაგალითად, სხედან სოფლებში და ტელევიზორში უჩვენებთ მხოლოდ ერთი ან ორი არხი, არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე და იღებენ ძალიან მწირ ინფორმაციას. უნდა გავაგებინოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ საქართველოს წინაშე დგას ორი ძალიან დიდი პრობლემა: ერთი მხრივ მცოცავი ოკუპაცია და ადამიანების გატაცება, მეორე მხრივ კი საინფორმაციო ომი კრემლის პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ. თუმცა სამწუხაროდ მივდივართ იმ დასკვნამდეც, რომ ხშირად არ არსებობს პოლიტიკური ნება, განხორციელდეს ცვლილებები. მაგალითად, ჩვენ მოვითხოვდით, რომ მოსკოვის გამზირის სახელი შეცვლილიყო და არჩილ ტატუნაშვილის სახელობისა გამხდარიყო. არასწორად მიმაჩნია ოკუპანტი სახელმწიფოს დედაქალაქის სახელობის ქუჩა გვქონდეს თბილისში (ან სხვაგან). თუმცა საკრებულომ ეს ინიციატივა დასაწყისშივე დაგვიბლოკა“. 

















ინფორმაციის დამახინჯებისა და სწრაფად მიწოდების გზები ყოველწლიურად უფროდაუფრო იხვეწება. სასურველ აუდიტორიას შეუქმნა ისეთი განწყობები, როგორიც ხელს გაძლევს, მარტივდება. თუმცა, სპეციალისტების აზრით, პირდაპირპროპორციულად მარტივდება ხერხები ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად. ამიტომ, მათივე თქმით, შეგვიძლია, გვქონდეს იმედი და გამოვიჩინოთ ნება, რუსეთის მიერ შექმნილ ხელოვნურ განწყობებსა და ვირტუალურ სამყაროს დავუპირისპიროთ რეალობა.


ავტორი: თინათინ ლუხუტაშვილი    #მედიალაბორატორია







სხვა სიახლეები