მინისტრის თქმით, ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელით საქართველოს 727 დასახლებული პუნქტი დაიფარება, სადაც მოსახლეობა 200 ან მეტია. მისი შეფასებით, სახელმწიფო პროგრამა ერთ-ერთი მსხვილი საჯარო პროექტია, რომელიც ითვალისწინებს მაგისტრალურ ინფრასტრუქტურაზე წვდომის უზრუნველყოფას მოსახლეობის 12%-მდე.
ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე მუშაობა მსოფლიო ბანკის დახმარებით მიმდინარეობს, მისი მთავარი მიზანი ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებს შორის არსებული ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრაა.
„დღეს ინტერნეტიზებულია ქვეყნის 88%-ი, დარჩენილ 12%-ს დავფარავთ ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელით, თუმცა, ამ 12%-ში შემავალ ისეთ დასახლებულ პუნქტებს, სადაც მოსახლეობა 200 ადამიანზე ნაკლებია და სადაც ტექნიკურად ვერ ხერხდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მიყვანა, ვახორციელებთ სათემო ინტერნეტიზაციის პროგრამას, რომელიც უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს“ - აღნიშნა მინისტრმა.
ნათია თურნავას ინფორმაციით, დაგეგმილია და ორ ეტაპად განხორციელდება ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი. პირველ ეტაპზე დაიფარება ფშავის, პირაქეთა ხევსურეთის (ბარისახოს თემი), არხოტის ხეობები, ხოლო მეორე ეტაპზე - პირიქითა ხევსურეთის და არდოტის, უკანა ფშავის და გუდამაყრის ხეობები. მინისტრის განცხადებით, ფართოზოლოვანი ინტერნეტით დაიფარება 76 სოფელი - 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი, მათ შორის 4 საშუალო სკოლა (120-ზე მეტი მოსწავლე).
მსგავსი სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობით და საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერნეტსაზოგადოების (ISOC) ტექნიკური დახმარებით, 2017 წელს დასრულდა თუშეთში, სადაც დღესდღეობით 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია.
მსგავს თემაზე:
პირიქითა ხევსურეთამდე მისასვლელი ახალი გზა აშენდება
ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობა 74%-მდე გაიზარდა
5G ინტერნეტი ეკოლოგიურ გარემოსაც გააუმჯობესებს