• Ƀ/$

ექსპერტი: რეფორმების დადებითი შედეგები მომავლაში კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდება

10 ივნისი 13:43 | ფინანსები

საბანკო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე Global Finance-ის მიერ საქართველოს დინამიკური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყნებს შორის დასახელებას ფეისბუქპოსტის საშუალებით აფასებს. 

"ავტორიტეტულმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ – Global Finance-მა საქართველო, ეკონომიკურ სტაბილურობაზე, მმართველობისა და ბიზნესრეგულაციების ხარისხის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ყველაზე დინამიკური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყნებს შორის დაასახელა.


Global Finance-ის აღნიშნული შეფასებისას ეყრდნობა ხუთ ეკონომიკურ კომპონენტს: მშპ-ს ზრდის პროგნოზს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ცვლილებას, კორუფციის აღქმას ქვეყანაში, ქვეყნის კონკურენტუნარიანობას და ბიზნესის კეთების სიმარტივეს. ამასთან, ეკონომიკური კომპონენტების მიხედვით, საქართველო ხვდება ტოპ 10 საუკეთესო შედეგის მქონე ქვეყნებს შორის ბიზნესის კეთების სიმარტივისა და კორუფციის აღქმის კომპონენტის მიხედვით, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზით და ბიზნესის კეთების სიმარტივით სულაც ლიდერია როგორც რეგიონში, ასევე ბალტიის სახელმწიფოების და მთლიანად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დონეზეც კი.


მიმაჩნია, რომ ეს შეფასებები არის შედეგი იმ რეფორმებისა რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, როგორც ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების კუთხით, ასევე საბანკო რეგულაციების, დაგროვებითი საპენსიო რეფორმის თუ საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიმართულებით; კიდევ ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ეს შეფასებები, ადასტურებს მიმდინარე რეფორმების შეუქცევად ხასიათს და სამწუხაროდ, ასევე აჩვენებს ქართული ოპოზიციის მხრიდან რეფორმების ოპონირების წმინდა სუბიექტურ ხასიათს; ოპოზიციის შეფასებების ნარატივიც ხომ ძირითადად რეგულაციების და მართველობის ნეგატივზეა აგებული.


გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, უკვე აისახა ევროკავშირთან გაზრდილ სავაჭრო ბრუნვაში;


ეკონომიკის სამინისტროს ბოლო ინიციატივებიც, რაც ინვესტორებთან ურთიერთობის "ერთი ფანჯრის" პრინციპზე გადასვლას ითვალისწინებს, საშუალებას მოგვცემს უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ქვეყნის საერთაშორისო პოზიციები, როგორც უცხოური ინვესტიციების ზრდის, ასევე კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების და შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია დასაქმების და შემოსავლების ზრდის თვალსაზრისითაც.


ქვეყანა მიდის წინ, რეფორმების და ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების დადებითი შედეგები მომავლაში კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდება."


სხვა სიახლეები