• Ƀ/$

გლდანში ავტოფარეხების ადგილას სკვერი მოეწყობა

10 ივნისი 17:35 | მედია ბიზნესისთვის - M2B

გლდანში ავტოფარეხების ნებაყოფლობითი დემონტაჟი მიმდინარეობს. 50-მდე ავტოფარეხის მეპატრონე აღნიშნულ მისამართზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობის შესახებ ინიციატივას დადებითად შეხვდა და დემონტაჟზე თანხმობა განაცხადა. 

ავტოფარეხების  აღების პროცესს თბილისის საკრებულოს გლდანის  კენტი მიკრორაიონების  მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ გრიგოლია, გამგეობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მცხოვრებლები ესწრებოდნენ. როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა განაცხადა, ავტოფარეხების დემონტაჟის პარალელურად, ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და მალე გლდანს კიდევ ერთი  სარეკრეაციო სივრცე შეემატება. ოთარ გრიგოლიამ   მოსახლეობას მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მათ თანამედროვე სტანდარტების დასასვენებელი სივრცე  ექნებათ.


„დღეს გლდანში დიდი პროექტის განხორციელება დავიწყეთ, რაც 8000 კვადრატულ მეტრზე სკვერის მშენებლობას გულისხმობს. ამასთანავე, ადგილობრივ მცხოვრებლებთან მოლაპარაკების შედეგად, მივაღწიეთ შეთანხმებას და 50-მდე ავტოფარეხის დემონტაჟი მიმდინარეობს. მათ ნაცვლად კი ადგილი დაეთმობა ველობილიკებს, საფეხმავლო ბორდიურებსა და რეკრეაციულ ზონას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გლდანის გამგეობას ამ პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის და ასევე, მინდა მადლობა ვუთხრა ადგილობრივ მოსახლეობას, რომელთაც თავიანთი ხელით დაიწყეს ავტოფარეხების დემონტაჟი“ - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.


ავტოფარეხების გარდა, აღნიშნულ მისამართზე, ამ დროისთვის  ცხაურების და შემოღობვების დემონტაჟი, არსებული ხეების გასხვლა და მკურნალობა, ბორდიურების და პარკის შიდა მარშრუტებისა და გარე განათების  მოწყობა მიმდინარეობს. ახალი სკვერი 8000-მდე კვადრატულ მეტრს მოიცავს, სადაც ბავშვთა ატრაქციონები, მოსასვენებელი ფანჩატურები, ველობილიკი, ფეხბურთის სტადიონი, პინგ-პონგის მაგიდები და სხვა ინფრასტრუქტურა მოეწყობა. 


მსგავს თემაზე:

გლდანის რაიონში 10 მისამართზე ბავშვთა გასართობი ზონა მოეწყო



სხვა სიახლეები