• Ƀ/$

რამდენად აქტუალური დარჩება ევროპისთვის გაფართოების პოლიტიკა?

11 ივნისი 16:22 | ანალიტიკა

ევროკავშირის ლიდერები აქცენტირებას მიგრაციაზე ახდენენ და მომდევნო ხუთი წლის მანძილზე სურთ საერთო საზღვრების დაცვა და ფიზიკური ინტეგრირება - აღნიშნულია 2019-2024 წლების შესახებ მედიაში გავრცელებულ ევროკავშირის დღის წესრიგზე.

ეკონომიკა და კლიმატის ცვლილება, შესაბამისად, მეორე და მესამე პლანზე არის გადასული.


2019-2024 წლის სტრატეგიის დრაფტის მიხედვით, ევროპელი ლიდერები პრიორიტეტს ანიჭებენ მიგრაციულ პოლიტიკას სხვა საკითხებთან შედარებით, მაშინ როდესაც, ეკონომიკის გამყარება და კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა ევროპისთვის.


დღისწესრიგის მიხედვით, პრიორიტეტს წარმოადგენს „მოქალაქეების და თავისუფლებების დაცვა“ და ეფექტური სასაზღვრო კონტროლი, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე წესრიგის შენარჩუნების აბსოლუტური წინაპირობაა. შესაბამისად, ევროსტრუქტურების სხვა დანარჩენი პოლიტიკა სწორედ მასზეა დამოკიდებული.


„ჩვენ უმთავრესად ფიზიკური სივრცის მეტი ინტეგრირება უნდა მოვახდინოთ. უნდა ვიცოდეთ თუ ვინ შემოდის და დგამს ნაბიჯს ამ ტერიტორიაზე“, - ნათქვამია დღისწესრიგში.


დოკუმენტის მიხედვით, ბლოკი გააღრმავებს კავშირებს იმ ქვეყნებთან, საიდანაც ყველაზე მეტი მიგრაციული ნაკადი მოედინება, მათ შორის თურქეთთან და ლიბიასთან.


ევროკავშირმა ასევე თავად უნდა განსაზღვროს შიდა მიგრაციის და თავშესაფრის პოლიტიკის გატარებაც.


მიგრაციაზე აქცენტირება არ არის მოულოდნელი საზოგადოებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ძირითადად აღნიშნულ საკითხებზე საუბრობდა, მაგრამ ეს თემა სავარაუდოდ არ ასახავს რიგითი ამომრჩევლის პრიორიტეტს.


23-26 მაისს ჩატარებული ევროპული არჩევნების წინ, ორგანიზაცია YOUGOV-მ სიღრმისეული კვლევა ჩაატარა, სადაც დადგინდა, რომ მიგრაციული ნაკადებით მხოლოდ ექვსი ქვეყანაა შეშფოთებული და სხვა სახელმწიფოები აღნიშნულზე აქცენტს არ აკეთებენ.


კცლწვია მიხედვით დადგინდა, რომ გამოკითხულთა მესამედი აღიქვამს მიგრანტებს პრობლემად, ხოლო დანარჩენი საკითხები შეეხება კორუფციას, კლიმატის ცვლილებას და უმუშევრობას.



ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა ნარჩუნდება?


ამ ეტაპზე ევროპის კომისია ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის შესაძლო გაწევრიანებაზე აკეთებს აქცენტს. დოკუმენტის დრაფტი ევროპის მზადყოფნას გამოთქვამს, შეინარჩუნოს „ღია კარი“ მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია და მზადაა შეუართდეს ევროპულ ოჯახს.


შესაბამისად, ივნისის სამიტზე, სახელმწიფოთა ლიდერებმა შესაძლოა მწვანე შუქი აუნთონ მოლაპარაკებებს ზემოთ აღნიშნული ორი ქვეყნის გაწევრიანების თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი და ნიდერლანდები ამ თემას ეწინააღმდეგებიან.


ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით სააგენტო „პირველი“, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორს, გია ჯაფარიძეს ესაუბრა.


– რამდენად რეალურია გავრცელებული ინფორმაცია, რომ მომდევნო ხუთი წელი კვლავ შენარჩუნდება ევროკავშირის „ღია კარის“ პრინციპი?


– პირველ რიგში ვიტყვი, რომ სამწუხაროდ არ ველოდები გაფართოების კომისიაში რაიმე სიახლეს. მხარეები ჯერ ახლა იწყებენ მოლაპარაკებებს. შესაბამისად, მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვეცემა სიღრმისეული საუბრის საშუალება.


ევროკავშირში არის ინსტიტუციური დავა, მაგალითად გერმანია და საფრანგეთი ეწინააღმდეგებიან ბლოკში ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანებას. ამიტომ ეს თემა ჯერ მაინც გადასაწყვეტია.


ზოგადად, კარგია, როდესაც გაფართოების პოლიტიკა კვლავ დღისწესრიგშია, მაგრამ აქ ევროკომისიას სხვა აზრი გააჩნია, ევროპულ საბჭოს სხვა, ბალკანური სახელმწიფოების შესახებ. გერმანიის და საფრანგეთის პოზიცია შეუვალია ამ თემაზე და ამიტომ გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერია.


– ამ ორი სახელმწიფოს გარდა, ივარაუდება თუ არა ახლო მომავალში სხვა ქვეყნების (მათ შორის საქართველო) შესაძლო გაწევრიანების საკითხი ევროკავშირში?


– ამ ეტაპზე საუბარი ჯერ მხოლოდ ალბანეთზე და ჩრდილოეთ მაკედონიაზეა. მაგრამ ეს თემაც კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან ევროპული კავშირის ინსტიტუტებს და ინდივიდუალურ სახელმწიფოებს შორის ჯერჯერობით საბოლოო თანხმობა არ არის.


საინტერესოა, რომ ნიდერლანდებმა ალბანეთისთვის საერთოდ თავისუფალი სავიზო რეჟიმის შეჩერება მოითხოვა ბოლო პერიოდში.


რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ჯერჯერობით განაცხადიც არ შეგვიტანია და შესაბამისად მოლაპარაკებების თარიღიც არ არსებობს. მაშინ, როდესაც განაცხადს შევიტანთ, შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებები, რომელიც შესაძლოა წლები გაგრძელდეს და აქედან გამომდინარე, ჩვენ ევროპულ ბლოკში შესვლას ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, შორი პერსპექტივა აქვს.


ავტორი: რატი ერისთავი   #მედიალაბორატორია


სხვა სიახლეები