• Ƀ/$

როგორ განვითარდა პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში და რა მოხდება ხვალ?

12 ივნისი 15:40 | ანალიტიკა

გასულ კვირას (8-9 ივნისი) მოლდოვაში საკონსტიტუციო სასამართლომ მოქმედ პრეზიდენტ იგორ დოდონს უფლებამოსილება შეუწყვიტა და ახლა მისი ადგილი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პაველ ფილიპმა დაიკავა.

ფილიპმა თავის მხრივ ხელი მოაწერა განკარგულებას, სექტემბერში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, რასაც ქვეყნის პარლამენტი არ ეთანხმება.


მოლდოვაში ვითარების გამწვავება და პოლიტიკური კრიზისი თებერვალში ჩატარებული არჩევნების შემდეგ დაიწყო.


ზოგადად, ამ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, პრო-ევროპული და პრო-რუსული ძალები უკვე დიდი ხანია ებრძვიან ერთმანეთს ძალაუფლების მოსაპოვებლად.


ვინ არიან მთავარი მოთამაშეები?


მოლდოვის დემოკრატიული პარტია - რომელსაც ადგილობრივი ოლიგარქი, ვლადიმირ პლაჰოტნიუცი ხელმძღვანელობს. პარტიამ არჩევნებზე დადგენილი ზღვარი გადალახა და ხელისუფლებაში მოვიდა ადგილობრივ ლიბერალებთან და ყოფილ კომუნისტებთან ერთად.


თავის მხრივ, პარტია საკუთარ თავს პრო-ევროპულად მიიჩნევს, მაგრამ სპეციალისტთა აზრით, ეს მათ ქმედებებში საერთოდ არ გამოიხატება.


სოციალისტები - პარტია იმართება უკვე ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის მიერ, რომელსაც ახლო ურთიერთობები აქვს რუსეთთან.


ბლოკი ACUM – პრო-ევროპული ალიანსი, რომელშიც შედის ორი პოლიტიკური ძალა: „სამართლისა და ღირსების პლატფორმა“ (ხელძღვანელი ანდრეი ნასტასე) და პარტია „მოძრაობა და სოლიდარობა“ (ხელმძღვანელი მაია სანდუ).


რა მოხდა თებერვლის არჩევნებზე?


24 თებერვალს ჩატარებულ არჩევნებზე ოთხმა პარტიამ გადალახა დადგენილი ზღვარი: სოციალისტებმა, დემოკრატიულმა პარტიამ, ბლოკმა ACUM და პარტია Sor-მა. ამ უკანასკნელსაც ოლიგარქი ხელმძღვანელობს.


ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლა ვერცერთმა ძალამ შეძლო, რამაც მათ შორის ხანგრძლივი, მაგრამ უშედეგო მოლაპარაკებების დაწყება გამოიწვია მანამ, სანამ ქვეყანას ამერიკიდან, ევროპიდან და რუსეთიდან მაღალი რანგის ოფიციალური პირები არ ეწვივნენ.


როგორ განვითარდა მოვლენები მიმდინარე კვირაში?


საკმაოდ მოულოდნელი ინფორმაცია 8 ივნისს გაცხადდა, როდესაც სრულიად საპირისპირო პოზიციების ორმა ძალამ, სოციალისტებმა და ACUM-მა (ერთი მოსკოვს, ხოლო მეორე ბრიუსელს წარმოადგენს) პოლიტიკური ალიანსის ჩამოყალიბების შესახებ განაცხადეს. ეს გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ მათ დაებლოკათ მოლდოვის დემოკრატიული პარტია და მისი ოლიგარქი ლიდერი პლაჰატნიუცი.


ადგილობრივი სპეციალისტების თქმით, დემოკრატიული პარტია აღნიშნულს არ შეეგუება, რადგან ისინი სოციალისტებთან გეგმავდნენ კოალიციაში შესვლას და ხელისუფლებაში ყოფნას.


აღნიშნულის საპასუხოდ, დემოკრატიულმა პარტიამ, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოზე უდიდესი გავლენა აქვს, აღნიშნულ უმაღლეს ინსტანციაში სარჩელი შეიტანა, რის შემდეგაც მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი პოსტს ჩამოაცილეს და მის მაგივრად პრეზიდენტი, დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პაველ ფილიპი გახდა.


რა მოხდება ხვალ?


ქვეყანაში არსეუბლი სიტუაცია ჩიხშია შესული: ადგილობრივი პარლამენტი განაგრძობს მუშაობს და რამდენიმე ანტი-კორუფციულ რეფორმასაც დაუჭირა მხარი, მაშინ, როდესაც დემოკრატიული პარტია უარს ამბობს პრეზიდენტის პოსტის დათმობაზე და მათ საკონსტიტუციო სასამართლო უმაგრებს ზურგს.


ფილიპის საპასუხოდ, დოდონმა სამშაბათს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების განკარგულება გააუქმა და განაცხადა, რომ პაველ ფილიპის მიერ ხელმოწერილი ბრძანება საკონსტიტუციო ნორმებს არ შეესაბამება.


აშშ, ევროკავშირი და ნატო მხარეებს თავშკავებისკენ მოუწოდებენ, ხოლო რუსეთი მიესალმება ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას და იმედს გამოთქვამს, რომ საკითხი მალე დასტაბილურდება.


ადგილობრივი სპეციალისტების შეფასებით, სოციალისტების და ACUM ბლოკის ლიდერები უკან არ დაიხევენ, რადგან ორივე პოლიტიკურ სუბიექტს სურს ქვეყნის ტერიტორიაზე ოლიგარქიული სისტემის დამარცხება და ახალი დღისწესრიგის ჩამოყალიბება.


მკვლევართა თქმით, კრიზისის დასრულება დამოკიდებულია პოლიტიკურ დიალოგზე, ეროვნულ დონეზე ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ ახალი ძალის ლეგიტიმაციაზე.


მოამზადა რატი ერისთავმა. #მედიალაბორატორია


სხვა სიახლეები