• Ƀ/$

საქართველოში 54 000-მდე სტატუსშეჩერებული სტუდენტია

12 ივნისი 16:25 | ანალიტიკა

საქართველოში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა და ის 53 932–ს შეადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია  „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ავრცელებს.


აფბა–ს მონიტორინგის შედეგად, რომელიც ბოლო 6 წელს მოიცავს (2013-2018), დადგინდა, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მაგალითისთვის, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს 8751-ით მეტი სტატუსშეჩერებული სტუდენტია.


კვლევაში გამოკვეთილია ის მიზეზებიც, რომელთა გამო სტუდენტებს სტატუსი უჩერდებათ და აღნიშნულია, რომ ყველაზე ხშირად ფინანსური დავალიანება სახელდება. 


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ EDU.ARIS.GE- სთვის მიწოდებული მონაცემების მიხედვით, 2017-2018 წლებში, ფინანსური დავალიანების გამო, სტუდენტის სტატუსის შეჩერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი  დაფიქსირდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.


გიორგი ერთ-ერთია 53 932 სტატუსშეჩერებული სტუდენტიდან. 2008 წელს ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში ჩაირიცხა. სტატუსი ორჯერ შეუჩერდა. პირველად 2010 წელს - არასაკმარისი კრედიტების გამო, რომელთა გადაბარებისთვის თანხაა საჭირო. ეს მან ვერ შეძლო. მეორედ კი 2012 წელს - მას  შემდეგ, რაც მუშაობა დაიწო და სწავლა და სამსახური ერთმანეთს ვერ შეუთავსა. „ფინანსური პრობლემების გამო, დღემდე ვარ სტატუსშეჩერებულ სტუდენტების სიაში. არვიცი, როდის მოვახერხებ სწავლის დასრულებას“, - ამბობს ის.



ექსპერტის შეფასება


სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემაზე სააგენტო „პირველი“ განათლების პოლიტიკის მკვლევარსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ნათია ანდღულაძეს ესაუბრა. მისი შეფასებით, ეს საკითხი კომპლექსურია და სტატუსის შეჩერება უმეტესწილად სწორედ ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება. თუმცა ის აღნიშნავს, რომ სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა  რიცხვს ზრდის სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით უნივერსიტეტში ჩაბარებულთა რაოდენობაც: „ახალგაზრდები ხშირად აბარებენ სხვადასხვა სასწავლებელში ჯარისთვის თავის არიდების მიზნით. გაწვევის ასაკს რომ გადასცდებიან, იჩერებენ სტატუსს“.


სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა საერთო რაოდენობას ზრდის ის ფაქტიც, რომ სტუდენტის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია 5 წლის განმავლობაში და არ არის შეზღუდული სტატუსის შეჩერების ინტერვალების რაოდენობა.


განათლების პოლიტიკის მკვლევარი ფიქრობს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერება.


პრემიერ-მინისტრის ინიციატივა


სტუდენტთა დაფინანსების მექანიზმების მოდიფიცირება განათლების სამინისტროს მიზნებშიცაა ინტეგრირებული.  2018 წელს განათლების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია გაიზარდოს დაფინანსების მოცულობა და გაუმჯობესდეს დაფინანსების არსებული მოდელი.


პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით კი, 2019 წლის სექტემბრიდან სტუდენტთა დაფინანსების ახალი სისტემა ამოქმედდება და უნივერსიტეტების შემოსავალი არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ სტუდენტების მიერ შეტანილ სწავლის გადასახადზე.


ავტორი: ანი ბოჭორიშვილი   #მედიალაბორატორია


სხვა სიახლეები