• Ƀ/$

თბილისში ღვინის საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2019 გაიხსნა

13 ივნისი 12:18 | კომპანიები

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-12 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2019 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. 

WinExpo Georgia კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია  ღვინისა და ალკოჰოლური სასმელის წარმოებისთვის საჭირო ყველა კომპონენტი - მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სასუქები,  ნერგები,  ტარა და შესაფუთი მასალები, აქსესუარები და სერვისების ფართო სპექტრი. გამოფენაში 12 ქვეყნის 160-მდე კომპანია მონაწილეობს, რომელთა შორის 110-ზე მეტი ღვინის მწარმოებელი როგორც დიდი  კომპანია, ისე საშუალო და მცირე მარანია.


„გამოფენაზე წარმოდგენილია ბევრი კომპანია, რომლებიც გვთავაზობს ახალ ტექნოლოგიებს როგორც გადამამუშავებელ მრეწველობაში, მეღვინეობაში, ისე პირველად წარმოებაში - მევენახეობაში. თუ სადმე გვაქვს ჩვენ თანამედროვე მიღწევები, ალბათ გვაქვს მეღვინეობაში. აქაც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში სახელმწიფო ეხმარება სექტორს. იცით, რომ შეღავათიანი აგროკრედიტით ფინანსდება ეს მიმართულება და მევენახეებსა და მეღვინეებს შეუძლიათ წვდომა ჰქონდეთ იაფ ფულად რესურსებზე, რათა თანამედროვე ტექნოლოგიები დანერგონ“, - განაცხადა M2B-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.


მინისტრმა ინტერვიუში ქართული ღვინისთვის ახალი ბაზრების ათვისების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.


”რაც შეეხება ბაზრებს, ჩვენ ტრადიციულად განსაზღვრული გვაქვს რამდენიმე მიმართულება. ეს არის ბაზრები, სადაც ქართულ ღვინოს უკვე აქვს ცნობადობა. ასევე ახალი ბაზრები, სადაც ჩვენ უნდა მოიპოვოთ პოზიციები, ეს არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია და აშშ. ხოლო ტრადიციული ბაზრებია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, სადაც ექსპორტი მზარდია, მაგრამ ჩვენს ფოკუსშია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, ჩინეთი, იაპონია და ამერიკა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


 



საერთაშორისო გამოფენა 13-15 ივნისს,  საგამოფენო ცენტრში ,,ექსპო-ჯორჯია“ იმართება. WinExpo Georgia-ს ოფიციალური მხარდამჭერები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო არიან.


წელს, გამოფენაზე პირველად  მონაწილეობენ  საფრანგეთის საელჩო და საფრანგეთის ღვინის გამოფენის „The Wine & Vine Innovation Cluster “Inno’Vin”-ის ორგანიზატორები.  საკუთარ სტენდზე ფრანგი სტუმრები ღვინის აქსესუარებს წარმოადგენენ.


გამოფენის ფარგლებში, გაიმართება ღონისძიება „ქართული ღვინო და დიდი ბრიტანეთის ბაზარი“, სადაც ბრიტანელი ღვინის პროფესიონალი ტატიანა მანნი ქართველ მეღვინეებს გაუზიარებს გამოცდილებას ბრიტანეთის ბაზრის სპეციფიკასა და ღვინის იმპორტის რეგულაციებზე.


13 ივნისს, მე-11 ღვინის საერთაშორისო კონკურსში International Wine Competition გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება, რომელიც  WinExpo Georgia 2019-ის ფარგლებში, 11-12 ივნისს ჩატარდა. კონკურსზე წარდგენილი იყო  81 კომპანიის მიერ წარმოებული ღვინის 300-მდე ნიმუში. კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ქართველ  ღვინის სპეციალისტებთან ერთად, საერთაშორისო პროფესიონალები: ტიმ ატკინი (ჟიურის თავმჯდომარე, დიდი ბრიტანეთი), კენიჩი ოჰაში (იაპონია), ალისტერ კუპერი (დიდი ბრიტანეთი), მარჩელო რეტამოლი (ჩილე), მეთიუ რობერტ ვილკინი (დიდი ბრიტანეთი), გიორგი დაქიშვილი, ნიკა აღდგომელაშვილი და მიხეილ მესხი შედიოდნენ.


ავტორები: თინათინ ლუხუტაშვილი, თათია ამაღლობელი   #მედიალაბორატორია


მსგავს თემაზე:

„საქართველო ღვინის სამშობლო“ - გამოფენა ტოკიოში


ქართული ღვინის კომპანიები VinExpo Bordeaux-ში მონაწილეობენ


შპს „ქართული ღვინის გილდია“ მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს იწყებს 


1 ბოთლი ღვინის საშუალო საექსპორტო ღირებულება 9.2%-ით, $2.37-დან $2.59-მდე გაიზარდა



სხვა სიახლეები