• Ƀ/$

რუსეთი აშშ-პოლონეთის ურთიერთობების გაღრმავებით შეშფოთებულია

13 ივნისი 13:54 | მედია ბიზნესისთვის - M2B

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ვლადიმირ შამანოვის განცხადებით, პოლონეთში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატების ესკადრილიის განთვსება უპასუხოდ არ დარჩება.

მისი სიტყვებით, მსოფლიო „კარიბის კრიზისის“ მსგავს სახიფათო ზღვარს უახლოვდება.


„უპილოტო აპარატები საშუალო რადიუსის მოიერიშე ტიპის მახასიათებლებით გამოირჩევიან, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ ბირთვული იარაღის გადატანაც შეეძლებათ“, - განაცხადა შამანოვმა.


პარლამენტარის თქმით, რუსეთი პოლონეთში სამხედრო შეიარაღების გაძლიერებას ვერ დააიგნორებს, რომელიც თავის მხრივ ბელარუსს ესაზღვრება და ეს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (კუხო) საერთო საზღვარს წარმოადგენს.


აშშ-ის და პოლონეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ანდჟეი დუდამ 12 ივნისს ხელი მოაწერეს დეკლარაციას, თავდაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.


დოკუმენტის მიხედვით, ვაშინგტონი პოლონეთის ტერიტორიაზე, უპილოტო საფრენ აპარატების (MQ-9) ესკადრილიას განათავსებს.


გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაიზრდება ამერიკელი სამხედროების რაოდენობა აღნიშნულ სახელმწიფოში.


ამავე დღეს, დონალდ ტრამპმა დამატებით განაცხადა, რომ ამერიკა მზადაა პოლონეთს F-35 ტიპის გამანადგურებლები მიჰყიდოს.


აშშ-პოლონეთის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება ასევე შეეხება, ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის 90 დღიანი უვიზო მიმოსვლის შესაძლო დაწესებას ამერიკის ტერიტორიაზე „Visa Waiver Program”-ის ფარგლებში.



სხვა სიახლეები