• Ƀ/$

კახეთში ელექტროგადამცემი ქსელის რეაბილიტაცია 2022 წელს დასრულდება

16 ივნისი 13:26 | ეკონომიკა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) რეგიონალური ოფისის დირექტორმა კლაუს ფაიგელმა საპროექტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. 

მხარეებს შორის გაფორმებული დოკუმენტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მასშტაბური მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.


ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა KfW-ის აქტიურ მხარდაჭერას   საქართველოსადმი და ბანკის წარმომადგენლებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, პროექტები, რომლებიც გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის თანადგომით ხორციელდება, მათ შორის, ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია-მშენებლობა, ასევე ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა და სხვა, არის იმ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც საქართველოს მთავრობა  ენერგეტიკის სექტორში ახორციელებს.


დავით თვალაბეიშვილის თქმით, „ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის“ ერთ-ერთი მიმართულებაა  გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ელექტროგადამცემი ქსელის სრული რეაბილიტაცია კახეთის რეგიონში, როგორც ქსელის გაჯანსაღების, ასევე ქვესადგურების რეაბილიტაციის კუთხით. პროექტის ფარგლებში განხორციელდება ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურის მშენებლობაც, რაც კიდევ უფრო საიმედოს გახდის ქვეყნის ენერგომომარაგებას და ხელს შეუწყობს ექსპორტ-იმპორტს. პროექტები აქტიურ ფაზაში 2020 წელს შევა, ხოლო სამუშაოების დასრულება 2022 წელს იგეგმება.


გერმანიის მთავრობის მიერ „ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი 100 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი, მიიმართება ქვეყნისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულების - ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოებასა და ენერგეტიკული სისტემის გაძლიერებისკენ. 5,7 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი მოხმარდება ქ. ბათუმში 25 საბავშვო ბაღის ენერგოეფექტურობის სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტაციას, რაც ასევე, უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და უზრუნველყოფს სასწავლო გარემოს გაუმჯობესებასა და ენერგოუსაფრთხოების გაზრდას. 20 მილიონი ევრო - „პროფესიული განათლების პროგრამა - I“ პროექტის ფარგლებში, მოხმარდება პროფესიული კოლეჯის (Centre of Excellence) მშენებლობას, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროფესიული


განათლების სისტემის მოდერნიზაციასა და ამ მიმართულებით გერმანული გამოცდილების გაზიარებას.


დღეის მდგომარეობით, გერმანიის მიერ ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ახალი ფინანსური მხარდაჭერის გათვალისწინებით, საქართველოსთვის საჯარო სექტორში გამოყოფილია, დაახლოებით, 1 მილიარდ ევროზე მეტი გრანტის, ტექნიკური დახმარებისა და შეღავათიანი სესხის სახით. ამჟამად მიმდინარე საინვესტიციო პროექტების მოცულობა , დაახლოებით, 345 მილიონ ევროს შეადგენს.


მსგავს თემაზე:

2030 წლამდე ელექტროენერგიის მოხმარება 67%-ით 21 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზრდება


კახეთის გზატკეცილზე მოძრაობა იზღუდება



სხვა სიახლეები