• Ƀ/$

ემბარგოს მოსალოდნელი შედეგები - საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე 10.3%-ითაა დამოკიდებული

27 ივნისი 10:25 | ანალიტიკა

2006 წლის რუსული ემბარგო ერთგვარი სტიმული აღმოჩნდა ქართული ეკონომიკისთვის, რომელმაც ექსპორტის დივერსიფიცირების გზა აირჩია და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა ჯერ ევროკავშირთან შემდეგ ჩინეთთან.

2006-2012 წლებში რუსეთში ექსპორტი არ განულებულა, მაგრამ მნიშვნელოვნად შემცირდა, როგორც აბსოლუტურ, ასევე ფარდობით გამოსახულებაში. 2005 წელს საქართველოს ჯამური ექსპორტი $865 მლნ-ს შეადგენდა, საიდანაც რუსეთის წილი $153 მლნ - 17.7%-ს შეადგენდა, 2012 წელს 2.7-ჯერ $2.376 მლრდ-მდე გაიზარდა, რუსეთის წილი კი 3.25-ჯერ $47 მლნ-მდე შემცირდა და მთელი ექსპორტის 1.96% შეადგინა. 2013 წლიდან, ემბერგოს მოხნის შემდეგ რუსულ ბაზარზე გატანილი პროდუქციის მოცულობა კვლავ გაიზარდა და 2018 წელს $437 მლნ-ს, ექსპორტის 13%-ს მიაღწია. ეს თანხა $79 მლნ-ით აღემატება 1995-1996 წლების ჯამურ ექსპორტს. იმ პერიოდში რუსეთის წილი ბერვრად უფრო მაღალი იყო და 25%-ს აღემატებოდა.


2018 წელს საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის, ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის გათვალისწინებით საქართველოს მშპ-ში რუსეთის წილმა 9.3%-ს მიაღწია.


9.3% არც ისე მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ არა რუსეთის შემთხვევაში, რომელიც ეკონომიკას მუდმივად იყენებს პოლიტიკურ იარაღად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2019 წლის პირველ 5 თვეში ეს მონაცემი კიდევ უფრო გაიზარდა და 10.3%-ს მიაღწია. 


ამ პერიოდში რუსეთში ექსპორტი 13%-დან 14.9%-მდე ხოლო რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების წილი 19.5%-დან 21.6%-მდე გაიზარდა. ფულადი გზავნილები პირიქით შემცირდა, მაგრამ მას საერთო სურათზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია. რუსული ინვესტიციების წილი კი შარშანდელის მსგავსად წელსაც ნაკლებად მნიშვნელოვანია. მისი განულების შემთხვევაში რუსეთზე  ეკონომიკური დამოკიდებულება 0.2%-ით ნაკლები 10.1% იქნებოდა.


2006 წლისგან განსხვავებით დღეს საქართველო რუსეთისგან თითქმის მთლიანად ენერგოდამოუკიდებელია, რუსული გაზის წილი 100%-დან 1.7%-მდეა შემცირებული. ამდენივეს შეადგენს რუსული ელექტროენერგიის წილი ჯამურ მოხმარებაში. რუსული საწვავის წილი ბოლო 5 წელიწადში 5-დან 27 პროცენტამდეა გაზრდილი, თუმცა საწვავის შემთხვევაში მომწოდებლის შეცვლა ბევრად უფრო იოლია ვიდრე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში.


გავრილოვის ნაადრევად შეწყვეტილი ვიზიტის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები იკრძალება. „ხარისხთან შეუსაბამობის“ საბაბით გამოჩნდა ღვინის ემბარგოს ნიშნებიც. რეალურად ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ ამ ინდუსტრიას შეიძლება მიადგეს, რადგან ღვინის 64% ექსპორტზე სწორედ რუსეთში გადის, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თუ 2019 წლის იანვარ მაისში რუსეთში ღვინის ექსპორტი მხოლოდ 5%-ით გაიზარდა, ჩინეთში ზრდამ 27%-ს მიაღწია და მესამე ადგილი დაიკავა თავად რუსეთისა და უკრაინის შემდეგ. ზრდა კიდევ უფრო მეტი იყო აშშ-ის შემთხვევაში - 126%.


რუსული ემბარგოს რეალური საფრთხის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა კატასტროფის წინაშე მაინც არ დგას, პირიქით არსებობს მოვლენების საპირისპიროდ განვითარების შესაძლებლობაც. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი 12.3%-იანი ეკონომიკური ზრდა სწორედ რუსული ემბარგოს შემდეგ 2007 წელს დაფიქსირდა.


 


   


მსგავს თემაზე:

ახალი რუსული ემბარგო - კოლაფსი თუ ისტორიული შანსი?


რუსეთი ქართულ ღვინოს ახალ ემბარგოს უმზადებს



სხვა სიახლეები