• Ƀ/$

ორბელიანის მოედანზე "ღია ცის ქვეშ" კლასიკური მუსიკის კონცერტები იწყება

12 ივლისი 10:10 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თბილისის მერიის ორგანიზებით იწყება პროექტი Tbilisi Classic Open Air, რომლის ფარგლებში კლასიკური მუსიკის კონცერტები ქალაქის ღია სივრცეებში, მათ შორის განახლებულ ორბელიანის მოედანზე გაიმართება.

პირველი კონცერტი, რომელიც 13 ივლისს 20:00 საათზე ორბელიანის მოედანზე გაიმართება, პოლონეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დედაქალაქს პოლონეთის ქალაქ ჟეშუვის ორკესტრი ესტუმრა.


კონცერტში ასევე მონაწილეობს პოლონელი მევიოლინე კამილა ვონსიკ-იანიკი, რომელიც ისეთი პრესტიჟული კონკურსების პრიზიორია, როგორიცაა ვენიავსკის და შიმანოვსკის საერთაშორისო კონკურსები. კონცერტს უდირიჟორებს ქართველი მაესტრო მირიან ხუხუნაიშვილი. შესრულდება გამოჩენილი პოლონელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.


მეორე კონცერტი 14 ივლისს, 18:00 საათზე კვლავ ორბელიანის მოედანზე გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც დედაქალაქის მერიის დაფინანსებით მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 2019 წელს ჩამოყალიბდა.


კონცერტზე წარმოდგენილნი იქნებიან სოლისტები: ირინა როსტომაშვილი (ვიოლინო); ანა გილიგაშვილი (ფლეიტა) და მარიამ მამადაშვილი (ვიოლინო). ღონისძიებაზე შესრულდება მოცარტისა და ვივალდის ნაწარმოებები.


ღონისძიების პარტნიორები არიან: პოლონური ინსტიტუტი თბილისში; მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე; ევგენი მიქელაძის ეროვნული მუსიკალური ცენტრი.


პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.



სხვა სიახლეები